პარლამენტმა ახალი გენერალური პროკურორი აირჩია

18 ივლისს, რიგგარეშე სესიაზე საქართველოს პარლამენტმა ახალ გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი 80 ხმით ნულის წინააღმდეგ აირჩია. ის ირაკლი შოთაძეს ჩაანაცვლებს. შოთაძემ 23 მაისს მოულოდნელად გამოაცხადა, რომ „გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის“ გამო თანამდებობას ტოვებდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გაბიტაშვილის კანდიდატურას პლენარულ კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე დაუჭირა მხარი. საკომიტეტო მოსმენისას, გაბიტაშვილმა აღნიშნა, რომ, სხვა საკითხებს შორის, მისთვის პრიორიტეტული იქნება მოწმე და მსხვერპლი ბავშვების დაცვა.

„პროკურატურის კონსტიტუციური სტატუსი, სისტემური მოწყობა და ანგარიშვალდებულების არსებული სისტემა, ვფიქრობ, უზრუნველყოფს პროკურატურის ინსტიტუციურ სიძლიერეს. ამასთან, მნიშვნელოვანია პროკურორის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის ზრდის ხელშეწყობა, მისი დაცულობის გაძლიერება და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება“, – განაცხადა მან.

42 წლის გაბიტაშვილი 2013 წლიდან გენერალური პროკურორის მოადგილეა. მანამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. 2009 წელს მუშაობა დაიწყო შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსად.

მთავარ პროკურატურაში გაბიტაშვილის კარიერა 2007 წელს სტაჟირებით დაიწყო. შემდეგ ის დაინიშნა პროკურორად შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version