სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს ეწვევა

სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია 9-17 ივლისს საქართველოს და სომხეთს ეწვევა, სადაც დემოკრატიული მმართველობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის საკითხებს განიხილავს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 10 ივლისს.  

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ყოფნისას, მდივნის მოადგილე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება, რათა ხაზი გაუსვას „აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური გავლენის“ კანონთან და სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასთან, ასევე საქართველოს ხელისუფლების დამაზიანებელ რიტორიკასთან დაკავშირებით, რამაც საქართველოს ევროატლანტიკური კურსი საფრთხის ქვეშ დააყენა“.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მდივნის მოადგილე „მკაფიოდ განაცხადებს, რომ ხელისუფლების არადემოკრატიულმა ქცევამ და დეზინფორმაციამ აშშ-ის შესახებ ზიანი მიაყენა ჩვენს ხანგრძლივ  ურთიერთობას“ და „ასევე ყურადღებას გაამახვილებს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ქართველი ხალხის ერთგულებასა და 32-წლიანი პარტნიორობის მანძილზე საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე“.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მდივნის მოადგილე კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების, ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის, მარგინალიზებული ჯგუფებისა და ყველა ქართველის უფლებების დაცვის მნიშვნელობას. ამავე განცხადების თანახმად, იგი ასევე ეწვევა სათემო ორგანიზაციას, რომელიც რუსეთის ოკუპაციის შედეგად საქართველოს რეგიონებიდან დევნილმა ქალებმა დაარსეს.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version