ევროპული საბჭო მოუწოდებს ხელისუფლებას, ევროპულ გზას დაუბრუნდეს

ევროკავშირის ლიდერებმა 27 ივნისს უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, კონკურენტუნარიანობის, მიგრაციის, საგარეო პოლიტიკის, ჰიბრიდული საფრთხეებისა და შემდეგი ინსტიტუციური ციკლის შესახებ ევროპული საბჭოს დასკვნა დაამტკიცეს, რომელშიც „სერიოზული შეშფოთებას“ გამოხატეს საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. მათ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, „სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში და შეცვალოს კურსი,“ რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მათი თქმით ევროკავშირში გაწევრების პროცესი ამჟამად „ფაქტობრივად შეჩერებულია.“

საქართველოს შესახებ დასკვნა უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღების ჭრილშია გაკეთებული, რასაც მოქალაქეთა პროტესტი და პარტნიორების უარყოფითი რეაქციები მოჰყვა.

ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოში უნდა შეწყდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმები. „ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრებისაკენ მიისწრაფვის, არსებითია იმ ღირებულებებისა და პრინციპების პატივისცემა, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება“, – აღნიშნულია ევროპული საბჭოს დასკვნაში.

ნათქვამია ასევე, რომ საბჭო ყურადღებით დააკვირდება საპარლამენტო არჩევნებისწინა ვითარებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ „საპარლამენტო არჩევნები ამ შემოდგომაზე იყოს თავისუფალი და სამართლიანი,” რისთვისაც არჩევნებზე გრძელვადიან და მოკლევადიან დაკვირვებასაც წაახალისებს.

ამავე დასკვნაში ევროპელმა ლიდერებმა კვლავ დაადასტურეს „ურყევი მხარდაჭერა“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, გამოხატეს „მტკიცე სოლიდარობა საქართველოს მოსახლეობისადმი და მზაობა, განაგრძონ მათი მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.“

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version