გაეროს კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ დაიცვა ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელები ძალადობისა და არასათანადო მოპყრობისგან

27 ივნისს გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა საქართველო დამნაშავედ ცნო ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებების დარღვევაში, რადგან ქვეყანამ არ მიიღო გადაუდებელი ზომები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მართული პანსიონის აღსაზრდელების მიმართ ხშირი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის აღსაკვეთად. კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს დაზარალებულებს კომპენსაცია გადაუხადოს, საჯარო ბოდიში მოიხადოს და დამნაშავეებს პასუხი აგებინოს.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პირველად საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2015 წელს გაავრცელა. აპარატის ანგარიშის თანახმად, ხშირი იყო აღსაზრდელებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლისა და დასჯის შემთხვევები. მიუხედავად არსებული პრობლემებისა, პანსიონმა ლიცენზია 2016 წელს, საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ საქართველოს ახალი კანონით მიიღო.

2018 წლის ანგარიშში სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სისტემური პრობლემების არსებობას. 2020 წლის ივნისიდან დაწყებული, სახალხო დამცველის აპარატს თითქმის ერთი წელი ეკრძალებოდა პანსიონში შესვლა. არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ საქმე თბილისის სხვადასხვა სასამართლოში წაიღო, ბოლოს კი გაეროს კომიტეტს 2021 წლის მაისში მიმართა, რომელმაც დაუყოვნებლივ მიიღო დროებითი ზომები 57 ბავშვის სასარგებლოდ და პანსიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლების შესვლა მოითხოვა. ერთი თვის მანძილზე, სახალხო დამცველმა 27 ბავშვი ალტერნატიულ ადგილას გადაიყვანა. 2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით, 15 ბავშვი, მათ შორის ერთი შშმ პირი კვლავ ცხოვრობდა პანსიონში მიუხედავად იმისა, რომ წამოჭრილი საკითხები ვერ გადაიჭრა.

კომიტეტმა გადაწყვეტილება ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ბავშვების 57 საჩივრის განხილვის შემდეგ მიიღო. კომიტეტმა მიიჩნია, რომ 57-დან საჩივრიდან, ყველაზე ნათლად მ.ლ.-ს და ლ.კ.-ს საქმეებში გამოვლინდა ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის მასშტაბები.

გაეროს კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს, უზრუნველყოს მსხვერპლი ბავშვებისთვის ზიანის ეფექტური ანაზღაურება, მათ შორის ადეკვატური კომპენსაცია და რეაბილიტაცია, საჯარო ბოდიშის მოხდა, იმ პირთა ხელახალი შეფასება, რომლებიც ჯერ კიდევ სახელმწიფო მზრუნველობაში იმყოფებიან, ასევე პასუხისმგებელი პირების მიმართ დამოუკიდებელი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა. ზიანის ანაზღაურების ღონისძიებები მსხვერპლ ბავშვებთან უნდა იქნას შეთანხმებული, მათი შეხედულებების გათვალისწინების მიზნით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version