124 არასამთავრობო ორგანიზაცია „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის უპირობოდ გაწვევისკენ მოუწოდებს

124-მა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 12 მაისს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი „საკუთარი მიზნებითა და შინაარსით არის რუსული, მიმართულია ქართველი ხალხის დასავლური კურსის წინააღმდეგ და ის უპირობოდ უნდა იქნას უკან გაწვეული“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ვერანაირი შესწორება ვერ შეცვლის იმ დამანგრეველ შედეგებს, რასაც ამ კანონის ამოქმედება ჩვენს საზოგადოებას მოუტანს“.

ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მზადაა კანონპროექტის „უცხოელ პარტნიორებთან“ განხილვისთვის და აღნიშნა, რომ მან უკვე იმსჯელა ამ საკითხზე ევროკავშირსა და ეუთოსთან. მანამდე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია მზადაა ცვლილებები შეიტანოს სადავო კანონპროექტში, თუ პარტნიორები კონკრეტულ შენიშვნებს წარმოადგენენ პრეზიდენტის ვეტოს პროცედურის ფარგლებში. საპასუხოდ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რაც შეეხება კანონპროექტს „უცხოელი აგენტების“ შესახებ და პრეზიდენტის ვეტოს, „არ დავიწყებ ამ თამაშებს, რამეთუ ამას მხოლოდ ერთი მიზეზი და მიზანი აქვს – ხალხში რაღაც გაუგებრობა და დაბნეულობა შემოიტანოს“.

„თვეზე მეტია, ქართველი ხალხი რუსული კანონით პუტინის წესების დამკვიდრებას ეწინააღმდეგება. 11 მაისის უპრეცედენტოდ მრავალრიცხოვანმა აქციამ ნათლად აჩვენა, რომ ქართველი ხალხი იაზრებს ამ კანონის მზაკვრულ მიზნებს, არ ეპუება ხელისუფლების მცდელობას, დააშინოს მოსახლეობა და ურყევად იცავს ქვეყნის დასავლურ კურსს. შეისმინეთ ერთიანი და მტკიცე ქართული საზოგადოების ხმა. ხელისუფლებამ ეს კანონი უპირობოდ უნდა გაიწვიოს!“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

Exit mobile version