ირაკლი ღარიბაშვილი: აგენტი აგენტია და მისი ქმედება დასჯადია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე ისაუბრა, რა დროსაც დასავლეთთან დაახლოებისა და დასავლელ პარტნიორებთან მეტი დიალოგის თაობაზე შემრიგებლური ტონით ისაუბრა, თუმცა ამავე დროს კიდევ ერთხელ გააჟღერა მმართველი პარტიის ნარატივი, რომ დასავლეთის მიერ    დაფინანსებული ორგანიზაციები შესაძლოა აგენტები იყვნენ, და „აგენტების“ დასჯის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონთან დაკავშირებით საქართველოს დასავლელი პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მათთან მეტი დიალოგია საჭირო, რათა ხელისუფლებამ სწორად ახსნას თავისი პოზიცია და მიაღწიოს კომპრომისს. „მე მომხრე ვარ იმისა, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა. ყველა კითხვა უნდა მოიხსნას ჩვენ შორის“, განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს „უსამართლოდ“ მოექცნენ, როდესაც გასულ წერს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს მიუხედავად იმისა, რომ ის, მისი თქმით, უფრო იმსახურებდა ამას, ვიდრე მოლდოვა და უკრაინა.

რაც შეეხება თავად კანონპროექტს, ღარიბაშვილმა განაცხადა: „როდესაც ხდება ასე ვთქვათ ლეგალიზება უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარებისა, მე ამას, როგორც მოქალაქე არ მივესალმები. ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება, ეს არის ღალატი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა…მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტი იქნები, იქნები რუსეთის, თუ ამერიკის თუ, აფრიკის თუ აზიის, მნიშვნელობა არ აქვს, აგენტი არის აგენტი, აგენტის ქმედება არის დასჯადი, ეს არის ღალატი“.

ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა: „თუ უცხო სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება ესა თუ ის პირი თუ ორგანიზაცია, ასეთი ორგანიზაცია უნდა დაიხუროს პირდაპირ, ყოველგვარი ცერემონიების გარეშე და ასეთი პირი უნდა იყოს დასჯილი“. მან ასევე დასძინა: „როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქემ იფიქროს სხვა სახელმწიფოს ინტერესების გატარებაზე? ინტერესი არის მხოლოდ ერთი – ეს არის საქართველოს ინტერესი“.

რაც შეეხება საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე მომხდარ ძალადობას, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს „დაუსჯელობის სინდრომის“ გამო დაიწყო, რასაც ის მკაცრად გმობს. „როგორ შეიძლება პოლიციას ქვებს უშენდე, ეს რადიკალი ანარქისტები და გაუგებარი არარაობები, პროვოკაციაზე მიდიან პირდაპირ, წვავენ პოლიციის მანქანებს… ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. რაც შეეხება პოლიციის მიერ მოქალაქების ცემის ფაქტებს, მან განაცხაად, რომ მათ არავინ სცემს, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკოსებსა აქტივისტებზე ორკესტრირებულ თავდასხმებს, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ის ყველა ტიპის ძალადობას გმობს.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version