ჭავჭავაძის გამზირზე მსვლელობის დროს 11 პირი დააკავეს

11 ადამიანი დააკავეს 9 მაისს ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პოლიცია სამხედრო ბლოგერის და აქტივისტის უჩა აბაშიძის დაკავების შემდეგ აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა. ამის თაობაზე „სამოქალაქო საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ხუთი მათგანი ხელწერილით გაათავისუფლეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

9 მაისის ღამეს, ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციამ რამდენიმე მომიტინგე დააკავა. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ სვავენ ძალადობრივად პოლიციის მანქანებში აქციის მონაწილეებს, მათ შორის ქალებს.

იმავე ღამეს, ძალადობრივმა ჯგუფებმა თბილისში ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სცემეს. მანამდე 8 მაისს, ფიზიკურად გაუსწორდნენ სამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს და სამოქალაქო აქტივისტს. შსს-ს ჯერ არ გაუვრცელებია განცხადება დაიწყო თუ არა გამოძიება თავდასხმებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version