სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ დაშინებისა და ძალადობის კამპანიას საერთაშორისო რეაგირება მოყვა

სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე ინტენსიური თავდასხმების ფონზე, დიპლომატიური მისიები საქართველოში ხელისუფლებას ზომების მიღებისა და ინციდენტების ზედმიწევნით გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

10 მაისს, ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში მოუწოდა ხელისუფლებას „დაუყონებლივ მიიღოს ზომები“ , რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნას ყველანაირი უფლებადარღვევა. იმავდროულად, გერმანიის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევები შეემთხვათ საქართველოში მომუშავე გერმანული ორგანიზაციების თანამშრომლებს.  

„მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს მიერ 10 მაისს გავრცელებულ განცხადებაში. „გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას, მისი დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად“.

ასევე 10 მაისს, გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ „კანონის უზენაესობამ უნდა იზეიმოს“. „დემოკრატია მოითხოვს არაძალადობას“, – წერს ელჩი ტვიტერზე და სახალხო დამცველსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნიშნავს. ელჩის თქმით, საქართველოში მოქმედი გერმანული ორგანიზაციების თანამშრომლების დაშინების შემთხვევები დაფიქსირდა. მან დაწერა, რომ „ძალადობა და დაშინება – მათ შორის საქართველოში გერმანული ორგანიზაციების თანამშრომლების მიმართ – მიუღებელია“.

ანალოგიური განცხადება გამოაქვეყნა 10 მაისს ნიდერლანდების საელჩომ საქართველოში. საელჩომ განაცხადა, რომ “დაუშვებელია დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ”. “ნიდერლანდების საელჩო ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ძალადობისა და დაშინების ყველა აქტის სათანადოდ გამოძიება”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

სხვა საერთაშორისო გამოხმაურებები

მერი ლოულორი, გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ (10 მაისი): „ძალიან შემაშფოთებელი ცნობები მოდის  საქართველოში „უცხოელი აგენტების“ კანონის მოწინააღმდეგეთა, მათ შორის უფლებადაცველების მიმართ ძალადობისა და შევიწროების შესახებ. უფლებადამცველების მიმართ მუქარა და დაშინება დაუყონებლივ უნდა შეწყდეს და კანონპროექტი გამოწვეულ უნდა იქნას“.

ჯიმ ობრაიენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე (11 მაისი): „ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული იმ ადამიანების მიმართ ძალადობის და დაშინების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კრემლის მიერ ინსპირირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის შესახებ. ჩვენ ვგმობთ ამას. ქვეყანამ, რომელიც აპირებს ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური ორგანიზაციებისკენ სვლას, სრულფასოვანი, დამოუკიდებელი და დროული გამოძიება უნდა ჩაატაროს.

აშშ-ის ჰელსინკის კომისია (10 მაისი): „საქართველოში აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მიმართ დაშინების, შევიწროებისა და ძალადობის ფაქტები მიუღებელია. ამ რეპრესიების შეთანხმებული ბუნება მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების ჩართულობაზე და საყოველთაო დაგმობას საჭიროებს“.

ჯიმ რიში, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი (10 მაისი): „შეშფოთებული ვარ იმის მოსმენით, რომ ჟურნალისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ძალადობის მუქარის სამიზნეები გახდნენ იმის გამო, რომ ეწინააღმდეგებოდნენ „უცხოელი აგენტების“ შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს. ღია დემოკრატიის პირობებში, ყველას უნდა ჰქონდეს სიტყვის უფლება. ეს დაშინება უნდა შეწყდეს“.

მიხაელ როთი, ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე (10 მაისი): „ჩვენ კვლავაც მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის საქართველოს მთავრობასა და პარლამენტარებთან. მაგრამ შეწყვიტეთ დარღვევები და მუქარა, გაიწვიეთ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი, მოახდინეთ დეესკალაცია და დაიწყეთ მშვიდობიანი დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან! ყველა ჩემს ქართველ მეგობარს: არ ინერვიულოთ, მალე შევხვდებით“.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version