ღია მმართველობის პარტნიორობა მთავრობას პრობლემების გადასაჭრელად 30 დღიან ვადას აძლევს

ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით გამოთქმული წუხილების საპასუხოდ, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) კრიტერიუმებისა და სტანდარტების ქვეკომიტეტმა 6 მაისს საპასუხო პოლიტიკის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც რეკომენდაციებსაც შეიცავს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უკან გაიწვიოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც „დისკრიმინაციულია, ახდენს სტიგმატიზაციას და ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და მოწყვლადი ჯგუფების გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას“. OGP მთავრობას 6 ივნისამდე ვადას აძლევს, რათა წარადგინოს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გადაჭრის გამოვლენილ პრობლემებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას შესაძლოა OGP-ში საქართველოს წევრობის შეჩერება მოყვეს, აცხადებს OGP. „OGP-ის ღირებულებებისა და პრინციპების უგულებელყოფა შესაძლოა პარტნიორობის წევრობის შეწყვეტით დასრულდეს“, – ნათქვამია OGP-ის პრესრელიზში.

OGP-ის დოკუმენტის თანახმად, დისკრიმინაციული კანონმდებლობის გაწვევის გარდა, მთავრობის სამოქმედო გეგმა უნდა ეხებოდეს „გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების სივრცისა და ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმების გარეშე მათი საქმიანობის უზრუნველყოფის საკითხს, მათ შორის. საარჩევნო პერიოდში“.

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის კომენტირებისას, ლუსი მაკტერნანმა, OGP-ის კრიტერიუმებისა და სტანდარტების ქვეკომიტეტის თანათავმჯდომარემ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს კანონმდებლობა უარყოფითად იმოქმედებს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებზე და მათი საქმიანობის თავისუფლებაზე. მე ვუერთდები ქვეკომიტეტიდან ჩემს კოლეგებს და ვგმობ ამ კანონმდებლობის ინიცირებას. მოვუწოდებ საქართველოს, თავი შეიკავოს იმ კანონების მიღებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგება მოქალაქეთა დიდი უმრავლესობის სურვილებს“. მისი თქმით, „ჟურნალისტებზე და მედიის დამოუკიდებლობაზე თავდასხმები შემაშფოთებელია და ეწინააღმდეგება ღია მმართველობის დეკლარაციას. ამ რთულ დროს, მე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისა და ჟურნალისტების გვერდით ვდგავარ“.

გეგმაზე მუშაობის პროცესში საქართველოს ხელისუფლებამ ასევე უნდა გაითვალისწინოს მესამე მხარის მიერ გაცემული რეკომენდაციები, მათ შორის ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროინტეგრაციის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები.

დოკუმენტში ასევე მოცემულია შემდეგი რეკომენდაციები: ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება, ადამიანის უფლებათა ამბიციური სტრატეგიის მიღებისა და განხორციელების, ასევე შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის გზით; მოწყვლადი ჯგუფების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უსაფრთხოების მიმართ მუქარის შემთხვევების ეფექტური გამოძიება; კონსულტაციები და ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოებასთან საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში მათი მნიშვნელოვანი მონაწილეობის მიზნით და ა.შ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version