თბილისის საქალაქო სასამართლომ „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ აქტივისტ ძმებს, სანდრო და გიგა ჯოხაძეებს, აქციის მონაწილე ოთარ მურველაშვილს და ოპოზიციური პარტიის წევრებს, რომლებიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, 2200-2500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლების დარღვევისთვის ცნეს დამნაშავეებად.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეს, 18 წლის სანდრო ჯოხაძეს სასამართლომ 2200-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. „ნეტგაზეთთან“ საუბრისას სანდრო ჯოხაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს მოწმის სახით მხოლოდ ორი პოლიციელი ესწრებოდა და მიუხედავად იმისა, რომ მას ოთხი მოწმე ჰყავდა და ვიდეო ჩანაწერიც ჰქონდა, სადაც ნათლად ჩანს, რომ ეს პოლიციელები ახლო-მახლო არც ყოფილან, მოსამართლემ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, როგორიც შსს-ს უნდოდა.

სანდრო და მისი ძმა, გიგა ჯოხაძე, ამტკიცებენ, რომ დაკავებისას მათზე ფიზიკურად იძალადეს. „ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარი გიგა ჯოხაძე 2 500 ლარით დაჯარიმდა. ძმების ინტერესების დამცველმა, საია-ს იურისტმა ჯანო ჭკადუამ „ნეტგაზეთთან“ საუბარში განაცხადა, რომ ორივე შემთხვევაში მოწმეებმა სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცეს და რომ პოლიციელის ვიდეოჩანაწერი ძმების არგუმენტებს უფრო ამყარებდა, ვიდრე მოწმეებისას.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე ოთარ მურველაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იგივე მუხლების დარღვევისთვის 2 300 ლარით დააჯარიმეს.

რაც შეეხება პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი კუპრაძეს, ის 24 აპრილს 2 500 ლარით დააჯარიმეს. კუპრაძის დაკავება რამდენიმე ტელევიზიამ გადაიღო, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ მას ჰაერში ჰქონდა ხელები და პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. „ნეტგაზეთი“ იტყობინება, რომ მიუხედავად ამ მკაფიო მტკიცებულებისა, მოსამართლემ უარი თქვა პარლამენტის მიმდებარედ დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების მოთხოვნაზე და როგორც კუპრაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, სასამართლო პროცესის დროს „მედია გააძევეს დარბაზიდან“.

კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გელა ხასაია „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“ 24 აპრილს 2 600 ლარით დააჯარიმეს, მიუხედავად იმისა, რომ თვითმხილველთა ჩვენებები და ვიდეომასალა ადასტურებდა, რომ მას საპროტესტო აქციების დროს უკანონო არაფერი ჩაუდენია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version