„ოცნება“ მხარდამჭერებს „შავი ფულის“, „ეკლესიაზე თავდასხმის“, „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ აქციის გამართვისკენ მოუწოდებს

„ქართული ოცნება“ თავის მხარდამჭერებს 29 აპრილს პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრების გამართვისკენ მოუწოდებს, რათა „ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას“. სახელისუფლებო ტელევიზიის POSTV-ის ინფორმაციით, აქციას „ქართული ოცნების“ დამფუნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

22 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში, მმართველი პარტია აცხადებს, რომ  შარშანდლისგან განსხვავებით, „წელს რადიკალურმა ოპოზიციამ შეცდომაში ჩვენი თანამოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილის შეყვანა შეძლო“ და რომ „პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9,500 შეადგინა“.  „აშკარაა, რომ კეზერაშვილის, ხაზარაძის და მდიდარი „ენჯეოების“ არაკეთილსინდისიერი დონორების მიერ რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებაში ჩადებულმა მრავალმილიონიანმა ინვესტიციამ არ გაამართლა“, – აცხადებს მმართველი პარტია.

GORBI-ს სოციოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მისი რეიტინგი 60 პროცენტს აჭარბებს, ხოლო ერთადერთ ოპოზიციურ პარტიას [ნაციონალური მოძრაობა], რომელიც ბარიერის გადალახვას ახერხებს, მხოლოდ 12-პროცენტიანი რეიტინგი აქვს. „ამ ფონზე, პოლიტიკურად გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია, მდიდარი „ენჯეოები“ და ე.წ. პრეზიდენტი ხალხის სახელით გვესაუბრებიან, რაც ჩვენი მხარდამჭერების, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სამართლიან გაღიზიანებას იწვევს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია სიმართლე და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ეროვნული ღირებულებები – მამული, ენა და სარწმუნოება“, – აცხადებს „ქართული ოცნება“. „ერთად ვუთხრათ არა – შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი – გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!“

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version