ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობის პირველი ეტაპი საქართველოში: 1921-1924
ლევან ჯიქია, ისტორიის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული არქივი
1921 წლის 25 თებერვალს თბილისში საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ჯერ დასავლეთ საქართველოში გადავიდა, შემდეგ კი ემიგრაციაში გაემგზავრა.
სანამ სერგო ორჯონიკიძე მოსკოვს უდეპეშებდა, „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!“, ემიგრაციაში გამგზავრებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მესვეურები უცხო სახელმწიფოების მეთაურებს სწერდნენ, რომ სწორედ ისინი რჩებოდნენ საქართველოს ერთადერთ კანონიერ მთავრობად, ხოლო თბილისში გამაგრებულ ბოლშევიკებს “უზურპატორთა კომიტეტად” მოიხსენიებდნენ, რომელმაც “ხელთ იგდო ხელისუფლება არა ქართველი ხალხის ნებით, არამედ რუსული ხიშტებით.”
“მუშურ-გლეხური” საქართველო?
მართალია საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა და თითქოს მუშურ-გლეხურ სახელმწიფოდ ითვლებოდა, მაგრამ სინამდვილეში საბჭოთა რეჟიმს დასაყრდენი არ ჰქონდა არცერთ სოციალურ ფენაში, მათ შორის მუშებსა და გლეხებში. ამის საილუსტრაციოდ შემდეგი მაგალითების დასახელებაც საკმარისია.
სტალინის სტუმრობა და განრისხებული მასპინძლები
1921 წლის 5 ივლისს ქ. თბილისში, ნაძალადევის თეატრში იოსებ ჯუღაშვილმა (სტალინმა) საჯარო მოხსენება წაიკითხა, რომელსაც ქართული მუშათა კლასის ხუთი ათასი წარმომადგენელი დაესწრო. იოსებ სტალინის მოხსენების სათაური იყო „საქართველოს სოვეტიზაცია“. სტალინმა მუშებს განთავისუფლება მიულოცა, რაზედაც მთელი აუდიტორია ფეხზე წამოდგა და მომხსენებლის მისამართით გაისმა რეპლიკები: „ტყუილია, თქვენ დაგვიპყრეთ, ხიშტებით შემოხვედით, თქვენ გაგვანადგურეთ! ძირს“! სტალინი იძულებული გახდა გაჩუმებულიყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ მან გააგრძელა საუბარი და აღნიშნა: „საქართველოს არ შეუძლიან ცხოვრება, თუ რუსეთმა მას პური არ მისცა, ბაქომ ნავთი“. ისევ გაისმა რეპლიკები: „სირცხვილია, ტყუილია, თქვენ გაზიდეთ ყველაფერი ჩვენი ოფლით მონაგარი; ჩვენ დაუმტკიცებთ მთელ ქვეყანას, რომ შეგვიძლია დამოუკიდებლათ ცხოვრება“. სტალინი იძულებული გახდა ისევ შეეწყვიტა საუბარი. დარბაზის დაწყნარების შემდეგ მან გააგრძელა საუბარი: „საქართველოში მომხდარი რევოლიუცია გაიმარჯვებს მხოლოდ მაშინ“… მას ამჯერადაც შეაწყვეტინეს საუბარი და გაისმა რეპლიკები: „სად იყო რევოლიუცია, ეს დაპყრობაა, ქვეყნის განადგურებაა, ჩვენი ორგანიზაციების მოსპობაა“. სხდომის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის იძულებული იყო სხდომა დაეხურა, თუმცა სტალინმა ურჩია, ჯობდა სხდომა ჩაემთავრებინათ. ასეთი ობსტრუქციის ფონზე სტალინმა გამოსვლა დაასრულა.
იოსებ სტალინის შემდეგ სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ სოციალ-დემოკრატები ალექსანდრე დგებუაძე და ისიდორე რამიშვილი. დარბაზი მათ ოვაციებით შეხვდა. ისიდორე რამიშვილი, რომელიც ასაკოვანი იყო, ხელში აყვანილი მიიყვანეს ტრიბუნასთან. ორივე მომხსენებელს ხშირად აწყვეტინებდნენ სიტყვას ტაშით და ოვაციებით. ისიდორე რამიშვილი ნახევარი საათის განმავლობაში საუბრობდა, თუმცა ტრიბუნასთან საათნახევარი იდგა ოვაციების გამო.
მუშების პეტიცია
მარქსისტული ხედვის თანახმად ბოლშევიკებისათვის კლასობრივად ახლოს მყოფი მუშების ბრძოლა ამ დემონსტრაციით არ დამთავრებულა. 1921 წლის 24 ოქტომბერს, დილის 10 საათზე, „საქართველოს რევოლუციური კომიტეტის“ (რომელიც საკანონმდებლო და განმკარგულებელ ორგანოს წარმოადგენდა) თავმჯდომარესთან, ბუდუ მდივანთან თბილისის მუშათა დელეგაცია გამოცხადდა იასონ ჩაჩუას ხელმძღვანელობით და პეტიცია უნდა წარედგინა, რომელსაც ხელს 5132 მუშა აწერდა. პეტიციაში წამოყენებული იყო ისეთი მოთხოვნები, როგორიც იყო, დამოუკიდებელი საქართველოს შელახული უფლებების აღდგენა; ქართული ენის დაცვა; საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანა; მუშათა ორგანიზაციების, არჩევნების, სიტყვის, კრების, პრესის თავისუფლება, პიროვნების და ბინის ხელშეუხებლობა; მუშების მდგომარეობის გაუმჯობესება; მუშების სამსახურებიდან განთავისუფლებისა და საზღვარგარეთ გადასახლების შეჩერება, უცხოელი სახელმწიფო მოხელეების ძალადობის შეჩერება; სოფლებში დამსჯელი რაზმების მოქმედების შეჩერება; პოლიტიკური პატიმრების და დევნილების განთავისუფლება.
ბუდუ მდივანმა დელეგაციას მიღება აღუთქვა, თუმცა ხუთი საათი ალოდინა. სამსაათიანი თათბირის შემდეგ დელეგაციას მიღებაზე უარი უთხრეს, თუმცა შეჰპირდნენ მომდევნო დღის დილის საათებში მიღებას. დაპირებისდა მიუხედავად, დელეგაციის წევრები იქვე დააპატიმრეს და სარდაფში მოათავსეს.
მიმართვა მსოფლიოს
გადიოდა დრო, ბოლშევიკური რეჟიმი სულ უფრო მკაცრდებოდა და შეურიგებელი ხდებოდა მათ შორის ლოიალური ოპონენტების მიმართაც. საბჭოთა ხელისუფლებასთან მშვიდობიანი ფორმებით მოლაპარაკების უპერსპექტივობის გამოკვეთის პარალელურად, საქართველოში დაიწყეს ფიქრი სათანადო პეტიციით მიემართათ მსოფლიო თანამეგობრობისთვის.
1920 წელს შექმნილმა ერთა ლიგამ საქართველოს მოთხოვნა წევრობაზე 1920 წლის 16 დეკემბერს არ დააკმაყოფილა – ათმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, ხოლო 14-მა უარი განაცხადა, მათ შორის საფრანგეთმა და ბრიტანეთმა. ერთა ლიგის წესდების მეათე მუხლი, რომელიც უზრუნველყოფდა ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოებას და ურთიერთდახმარებას აგრესიის შემთხვევაში ამრიგად საქართველოზე 1921 წელს არ ვრცელდებოდა. თუმცაღა არსებობდა, 1920 წელს რუსეთთან ხელმოწერილი ორმხრივი ხელშეკრულება, სადაც ნათქვამი იყო, რომ „…რუსეთი უსიტყვოდ ცნობს საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და ნებაყოფლობით ამბობს უარს ყოველმხრივ სუვერენულ უფლებებზე, რომლებიც რუსეთს ქართველი ხალხის და მიწის მიმართ ჰქონდა.“
ერთა ლიგის წესდებაზე და რუსეთის მხრიდან აღიარების საფუძველზე, 1921 წლის 10 დეკემბერს ორ ენაზე (ქართულ და ფრანგულ ენებზე) პეტიცია შეადგინეს, რომლითაც „მთელი ქვეყნის განათლებულ ერებს“ მიმართეს. ხელმოწერები 1922 წლის აპრილის ჩათვლით გაგრძელდა და საბოლოოდ მას ხელს დაახლოებით 34 000 ადამიანი აწერდა.
მასში ეწერა:
„ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეურიგდებით ოკუპანტთა დიქტატურას. ქართველი ერი ასეთ მონურ სიცოცხლეს თავისუფლებისათვის ბრძოლაში სიკვდილს არჩევდა, რომ ჯერ კიდევ არ ქონდეს იმის იმედი, რომ ამ საზიზღარ საერთაშორისო დანაშაულობას, რომელსაც რუსეთი იდენს საქართველოს წინააღმდეგ მალე მოეღება ბოლო საერთაშორისავე ძალების გავლენით“.
ერთა ლიგას მიმართავდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტიც (“დამკომი”), რომელშიც ძირითადი ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ. ისინი წერდნენ „ეს ოკუპაცია – დაპყრობა არ შეედრება არც ერთ ისტორიაში არსებულ ეროვნულ ძალდატანებას და დაპყრობას… საქართველოში გამეფდა უსაშინელესი კულტურული და ფიზიკური ტერორი. დღეს საქართველოს განაგებს რუსეთის ჩეკა და დამსჯელი რაზმები… საქართველო სასაკლაოდ არის გადაქცეული. ნადგურდება და ისპობა პატარა კულტურული ერი. ვფიქრობთ, რომ ერთა ლიგა აიმაღლებს თავის ავტორიტეტულ ხმას ამ ბარბაროსობის წინააღმდეგ.“
ბოლშევიკური ოკუპაციის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) და იტალიის ქ. გენუაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას მემორანდუმი გაუგზავნა, რომელშიც აღწერილი იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიების სისასტიკე, რეჟიმის უსამართლო დამოკიდებულება სასულიერო პირებისადმი. პატრიარქი ევროპის საზოგადოებას მოუწოდებდა, ხმა აემაღლებინათ საქართველოში არსებული ძალმომრეობის წინააღმდეგ და მოითხოვდა: „დაუყოვნებლივ იქნას გაყვანილი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული საოკუპაციო ჯარები და საქართველოს საკუთრება დაცული იყოს ყოველგვარი ძალადობის, იძულებითი შეფასების და უცხოთა მიერ დატაცებისაგან“.
მემორანდუმის გაგზავნა და სიმართლის თქმა ძვირად დაუჯდა პატრიარქს, ის დააპატიმრეს, საგანგებო კომისიის ჯურღმულში მოათავსეს და ქონება ჩამოართვეს. საბჭოთა რეჟიმს სურდა მაქსიმალურად დაემძიმებინა ბრალი პატრიარქისთვის, ამიტომ გენუაში გაგზავნილ მემორანდუმს დაემატა ახალი ბრალდება – საეკლესიო საგანძურის გადამალვა. მეტეხის საპყრობილეში მოთავსებულ პატრიარქს შვიდი წლით და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და მხოლოდ 1925 წელს ამნისტიით გაანთავისუფლეს.
„მე შევასრულე ჩემი მოვალეობა, ღვთისა და მშობელ ერის წინაშე, და თუ ეს ჩამეთვლება დანაშაულად, მზად ვარ საჯაროთ ვაგო პასუხი“.
ამონარიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებიდან
თუმცაღა, მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედად ყოფნას ქართველები არ აპირებდნენ.
პირველი გამოსვლები 1921 წლის მაისში მოხდა, როცა ქართველმა ერმა ოკუპირებულ საქართველოში დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისის აღნიშვნა სცადა. „თქვენ მოჰკალით 26 მაისი, მაგრამ მაინც გაუმარჯოს 26 მაისს!“ ეწერა ბათუმში გავრცელებულ პროკლამაციაში. სადღესასწაულო მიტინგები ბევრგან ჩატარდა, რასაც საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიები მოჰყვა.
საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის მშვიდობიანი მეთოდების უპერსპექტივობის გამოკვეთის პარალელურად მოხდა შეიარაღებული აჯანყება სვანეთში, ნ. გარდაფხაძის, მ. დადეშქელიანის, ბ. პირველისა და სხვათა მეთაურობით, ისევე, როგორც ფშავ-ხევსურეთში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით. თუმცა ეს აჯანყებები ლოკალურობის გამო დამარცხდა. ბოლშევიკების რეპრესიული პოლიტიკა სულ უფრო გაძლიერდა.
რეპრესიული პოლიტიკა
საბჭოთა რეჟიმის მყიფე მდგომარეობის განმტკიცებას ემსახურებოდა საქართველოს საგანგებო კომისიის (ე.წ. „ჩეკა“) შექმნა. საგანგებო კომისიასთან სპეციალური კომისია არსებობდა, რომელიც „მავნე პირების“ ქვეყნიდან გასახლებას ახორციელებდა.
საგანგებო კომისიის ერთ-ერთი მოვალეობა აქტიური მოქალაქეების გადაბირება ან განეიტრალება იყო. ამ მიზნით საგანგებო კომისიაში მესამე და მეოთხე ქვეგანყოფილებები შეიქმნა, რომლებიც, შესაბამისად, მემარჯვენე და მემარცხენე პარტიების წინააღმდეგ მოქმედებდნენ. მეოთხე ქვეგანყოფილება საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტიის წინააღმდეგ მოქმედებდა, ხოლო მესამე ქვეგანყოფილებას დამატებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სასულიერო პირების წინააღმდეგ მუშაობა ევალებოდა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგანგებო კომისია პირდაპირ ერეოდა საქართველოს საგანგებო კომისიის საქმიანობაში. ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შექმნის შემდეგ კი, რომელშიც ქართველი ბოლშევიკებიც იძულებით გააწევრიანეს, შეიქმნა ამიერკავკასიის საგანგებო კომისია, სოლომონ მოგილევსკის ხელმძღვანელობით. ისიც პირდაპირ და უხეშად ერეოდა საქართველოს საგანგებო კომისიის საქმიანობაში.
ამაზე ესეთ ამბავს იხსენებენ: ერთ დღეს საქართველოს საგანგებო კომისიის აგენტ-ინფორმატორი კოდური სახელით „ტარზანი“ დაიბარეს თურმე ამიერკავკასიის საგანგებო კომისიაში და მოსთხოვეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიცემა. „ტარზანმა“ განაცხადა, რომ ის საქართველოს საგანგებო კომისიის თანამშრომელი იყო და ამ ინფორმაციას ვერ გასცემდა. ის მუქარის ძალით აიძულეს ინფორმატორის ანკეტა შეევსო, რის შემდეგაც მას ახალი მეტსახელი „ჯუღელი“ მისცეს. აღრიცხულია, ასევე შემთხვევები, როდესაც საქართველოს საგანგებო კომისიის აგენტ-ინფორმატორი ამიერკავკასიის საგანგებო კომისიამ დააპატიმრა.
წინააღმდეგობის კოორდინირების აუცილებლობა
შექმნილი რთული ვითარების ანალიზმა ქართული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიიყვანა დასკვნამდე, რომ საჭირო იყო საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ კოორდინირებული მოქმედება.
ამ მიზნით, 1922 წელს „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“ („დამკომი“) შეიქმნა. დამკომში შემდეგი პოლიტიკური პარტიები გაერთიანდნენ: საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (მენშევიკები), საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტია, საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა (ესერთა) პარტია და დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატები („სხიველები“).
დამკომის თავმჯდომარე მუდმივად სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო, რადგან ამ პარტიას ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა საქართველოში. დამკომს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: გოგიტა ფაღავა, ნიკოლოზ ქარცივაძე და კონსტანტინე ანდრონიკაშვილი. დამკომი მუდმივ კოორდინაციაში იმყოფებოდა საქართველოს ემიგრანტულ მთავრობასთან და პერიოდულად მათგან დირექტივებსაც იღებდა.
„კომიტეტს დაევალოს გაერთიანება და საერთო ხელმძღვანელობა საქართველოს გასათავისუფლებლად მიმართული მთელი მუშაობისა“.
ამონარიდი პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული შეთანხმებიდან
დამკომის გადაწყვეტილებით ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება ჩრდილო კავკასიასთან და აზერბაიჯანთან ერთად უნდა მომხდარიყო (სომხებმა თავიდანვე უარი განაცხადეს აჯანყებაში მონაწილეობაზე), თან ის საბჭოთა რუსეთის საშინაო ან საგარეო მდგომარეობის გაუარესებას უნდა დამთხვეოდა. დაიწყო ამ მიმართულებით სერიოზული მუშაობა, თუმცა, აგენტ-ინფორმატორების მეშვეობით, მოვლენების საქმის კურსში იყვნენ საქართველოს საგანგებო კომისიისა და ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის ხელმძღვანელობა.
შესაბამისად, ისინი პერიოდულად აპატიმრებდნენ იმ პირებს, ვისაც აჯანყებაში გადამწყვეტი როლის შესრულება შეეძლოთ: ასე მოხვდნენ პატიმრობაში ნოე ხომერიკი, ვალიკო ჯუღელი, გიორგი წინამძღვრიშვილი. მასობრივი რეპრესიები მიმდინარეობდა ჩრდილო კავკასიასა და აზერბაიჯანში. საქართველოსთან მათი კავშირი გაწყდა.
საბოლოოდ, საქართველო იძულებული გახდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მარტო აჯანყებულიყო. დამკომმა აჯანყება 1924 წლის 28-29 აგვისტოს ღამეს დანიშნა.
ჭიათურაში აჯანყების ხელმძღვანელმა, სოციალ-დემოკრატმა გიორგი წერეთელმა აჯანყების თარიღი სწორად ვერ გაიგო, და გამოსვლები ერთი დღით ადრე დაიწყო, რამაც საბჭოთა რეჟიმს საშუალება მისცა აჯანყებულებთან სასტიკი ანგარიშსწორება სწორედ ჭიათურიდან დაეწყო, სადაც ჯერაც დაუდგენელი რაოდენობის პატრიოტები დახოცეს.
1924 წლის აჯანყებამ საქართველოს რეგიონების უმეტესობა მოიცვა. მათ შორის იყო აფხაზეთიც (საბერიოს და წებელდის რაიონები). აჯანყებულთა ორ-სამდღიანი წარმატება საკმარისი არ აღმოჩნდა საბჭოთა რეჟიმის დასამარცხებლად.
აჯანყების დამარცხება რეჟიმმა სასტიკი ანგარიშსწორებისთვის გამოიყენა. აჯანყებულების და ეჭვმიტანილების დახვრეტა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა ყოველგვარი სასამართლო პროცესის გარეშე. საპატიმროებიდან გამოიყვანეს აჯანყებამდე დიდი ხნით ადრე დაპატიმრებული ადამიანები (მიტროპოლიტი ნაზარი, ვალიკო ჯუღელი, ნოე ხომერიკი) და ისინიც უმოწყალოდ დახვრიტეს.
შურისძიების მასშტაბი იმდენად გამოვიდა კონტროლს ქვეშიდან, რომ ჯალათი სერგო ორჯონიკიძეც კი თავისმართლებით წერდა „მივმართეთ მასობრივ დახვრეტებს, იქნებ ცოტა გადავაჭარბეთ, მაგრამ ახლა ამას რაღა ეშველება!“
1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყების მარცხით დასრულდა საქართველოში 1921 წლიდან დაწყებული მძლავრი ეროვნული ანტისაბჭოთა მოძრაობის პირველი ეტაპი, რომელიც გამოხატული იყო სხვადასხვა ფორმაში: პეტიციები, მშვიდობიანი დემონსტრაციები და შეიარაღებული აჯანყებები. ამის შემდეგ საბჭოთა რეჟიმი კიდევ უფრო გამყარდა საქართველოში, მის შეცვლას ათწლეულები დასჭირდა…