TI საქართველო: „კორუფციამ საქართველოში უკიდურესი – „სახელმწიფოს მიტაცების“ ფორმა მიიღო“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების სია განაახლა. ორგანიზაცია სიას პერიოდულად ანახლებს, რაც დარღვევებზე დაკვირვებისა და მაღალი დონის კორუფციის მასშტაბის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

განახლებული სია მაღალი დონის კორუფციის 164 სავარაუდო შემთხვევას მოიცავს, სადაც სულ ცოტა 169 მაღალი რანგის თანამდებობის პირია იდენტიფიცირებული, მათ შორის 13 მოსამართლე, 30 პარლამენტის წევრი, ასევე პრემიერ-მინისტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და მათი მოადგილეები (29 პირი),  მუნიციპალიტეტის 56 თანამდებობის პირი.

ორგანიზაციის თქმით, „კორუფციის კუთხით საქართველოში ამჟამად არსებული ვითარება ხასიათდება, ერთი მხრივ, წვრილმანი კორუფციის შთამბეჭდავად დაბალი დონით და ამავე დროს, მაღალი დონის კორუფციის თითქმის სრული დაუსჯელობით. სამწუხაროდ, კორუფციამ საქართველოში უკიდურესი – „სახელმწიფოს მიტაცების“ ფორმა მიიღო“.

ორგანიზაციას მაგალითად „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსი მოყავს, რომლის თანახმადაც „მმართველი პარტიის დამფუძნებლის გავლენა ძირითად ინსტიტუციებზე სახელმწიფოს მიტაცების განმარტებაში ჯდება“.

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ „მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების შინაარსი და მასშტაბი, რაოდენობა და ზრდის დინამიკა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია „კლეპტოკრატიის“ სახეს იღებს, როდესაც სახელმწიფოს მმართველები იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რათა მიითვისონ ქვეყნის სიმდიდრე და ძირი გამოუთხარონ პოლიტიკური ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკულ ხმებს“.

TI საქართველოს თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი დონის კორუფციის პრობლემის არსებობასა და სიმწვავეზე მიუთითებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დასკვნები, საერთაშორისო შეფასებები, საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, საგამოძიებო ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი სავარაუდო შემთხვევების სულ უფრო მზარდი რაოდენობა, პასუხისმგებელი ორგანოები, მათ შორის გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ქმედითი რეაგირების გარეშე ტოვებენ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევებს, განსაკუთრებით, თუ მასში მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები ფიგურირებენ.

„რეაგირების გარეშე რჩება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ პერიოდულად გაგზავნილი შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან გამოძიება დაიწყონ“, – აცხადებს ორგანიზაცია.

რეკომენდაცია

მაღალი დონის კორუფციის პრობლემის გადასაჭრელად, აუცილებელია, კორუფციული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება გადაეცეს დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ სააგენტოს, როგორც ამას ევროპარლამენტი, ევროკომისია და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი (OECD/ACN) მოითხოვენ. ამჟამად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის უფლებამოსილებაში შედის.  

ბოლოს დამატებული შემთხვევები:

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version