2023 წელს გერმანიას თავშესაფრისთვის 9000-ზე მეტმა ქართველმა მიმართა

გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური უწყების თანახმად, 2023 წელს გერმანიაში საქართველოდან თავშესაფარი 9399-მა მოქალაქემ ითხოვა. მათგან მხოლოდ 0.3%-ს დაუკმაყოფილდა მოთხოვნა.

მთლიანობაში, გერმანიამ 2023 წელს თავშესაფრის მთხოვნელთა 351 915 განაცხადი მიიღო, რაც 51.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია 2022 წელთან შედარებით. გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელთაგან ყველაზე მეტი მიგრანტი იყო სირიიდან (104 561), თურქეთიდან (62 624), ავღანეთიდან (53 582), ერაყიდან (12 360) და ირანიდან (10 206). აღნიშნულ სიაში საქართველომ მეექვსე ადგილი დაიკავა.


30 აგვისტოს გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა მინისტრ ნენსი ფეზერის მიერ წარდგენილ კანონპროექტს საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეტანის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ გერმანია შეძლებს განაცხადების დამუშავების პროცესის დაჩქარებას და ქვეყნიდან გაცილებით სწრაფად იმ პირების გაძევებას, რომლებიც თავშესაფარს ვერ მიიღებენ.

18 დეკემბერს საქართველოს გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი ნენსი ფეზერი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, იგი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მიგრაციისა და მობილობის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიის და რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ.

Exit mobile version