„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ 15 ნოემბერს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის შედეგები ევროკავშირსა და ნატოშო გაწევრიანების მიმართ საქართველოს მოქალაქეების მტკიცე მხარდაჭერას აჩვენებს. კვლევაში ასევე ნაჩვენებია მხარდაჭერა “ქართული ოცნების”, პრო-დასავლური პოლიტიკისა და რუსეთთან შემდგომი დიალოგის მიმართ.
გამოკითხულების 54% აცხადებს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 39% კი – მიიჩნევს, რომ ქვეყანას სწორი გეზი აქვს აღებული. 2023 წლის აპრილის კვლევასთან შედარებით მაჩვენებლები გაუმჯობესდა. გარდა ამისა, ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ პრობლემად რესპონდენტების 55% ეკონომიკას და უმუშევრობას ასახელებს, 39% – ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯებსა და მაღალ ფასებს, 16% – სხვა ეკონომიკურ პრობლემებს, 13% – სიღარიბეს და 8% – განათლებას.
კითხვაზე თუ რა არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი მომავლის ყველაზე დიდი გამოწვევა, 29%-მა პირველ პასუხად ეკონომიკური განვითარება დაასახელა, რასაც მოჰყვა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება (18%), უმუშევრობა (14%), განათლების პრობლემები (6%) და ადამიანის უფლებები (4%).
საზოგადოებრივი აზრის კვლევა, 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ დაკვეთით, ბალტიის კვლევების/გელაპის (The Gallup) მიერ ჩატარდა და მის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული რეგიონების გარდა), საარჩევნო უფლების მქონე და შესაბამისი ასაკის 1 200 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ავტორების განმარტებით, შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.
პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და არჩევნები
კითხვაზე – არჩევნები რომ მომდევნო შაბათს ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდი ხმას? – პირველ არჩევნად 25%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 13%-მა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 4%-მა გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“, 3%-მა „სტრატეგია აღმაშენებელი“, 3%-მა „გირჩი“; 2%-2% – „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“, „ლეიბორისტული პარტია“, „ლელო საქართველოსთვის“, „მოქალაქეები“ და „ხალხისთვის“.
რაც შეეხება პარტიების უარყოფით რეიტინგებს, 40%-მა თქვა, რომ ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემდა, 29%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 18%-მა – „გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“, 16%-მა – „გირჩი“, 13%-მა „ევროპული საქართველო“, 12%-მა „კონსერვატიული მოძრაობა“, 11%-მა ლეიბორისტული პარტია და 10%-მა ლელო.
საჯარო ფიგურებისა და ინსტიტუციებისადმი ნდობა
ყველაზე მოსაწონ ინსტიტუციებს შორის 77%-ით ქართული ჯარი დგას პირველ ადგილზე. შემდეგ მოდიან: მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო – 71%-ით; პოლიცია – 67%-ით; ადგილობრივი თვითმმართველობები – 61%-ით; განათლების სისტემა – 59%-ით; ქართული მედია – 58%-ით; პრემიერ-მინისტრის ადმინიტრაცია – 49%-ით; ცენტრალური საარჩევნო კომისია – 41%-ით; პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 41%-ით და პროკურატურა – 40%-ით.
ღირებულებები, იდეოლოგია, ინკლუზიორობა და სამოქალაქო ჩართულობა
რესპონდენტების 74% მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის დემოკრატია მმართველობის ყველაზე შესაძლო ფორმაა. 51%-ს სჯერა, რომ ქართული პოლიტიკა მეტი პოლარიზაციისკენ მიდის.
54% ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ოპტიმისტურადაა განწყობილი.
კითხვაზე, ერთი და იგივე კვალიფიკაციის მქონე მამრობით თუ მდედრობით კანდიდატს დაუჭერდნენ მხარს ამა თუ იმ თანამდებობაზე, 59%-მა თქვა, რომ სქესს მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა მეტი ახალგაზრდა ქართულ პოლიტიკაში, 77%-მა დადებითად უპასუხა.
საერთაშორისო ურთიერთობები
საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად რესპონდენტების 51% ევროკავშირს მიიჩნევს, 32% აშშ-ს ასახელებს, 19% – აზერბაიჯანს, 17% – უკრაინას, 16% – თურქეთს, 9%-9% – სომხეთსა და რუსეთს. რაც შეეხება ქვეყნისთვის მთავარ პოლიტიკურ საფრთხეს, გამოკითხულების 77%-მა რუსეთი დაასახელა, 12%-მა თურქეთი, 9%-მა აშშ, 6%-მა ირანი, 4%-4%-მა – ჩინეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.
ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად გამოკითხულების 43% ევროკავშირს მიიჩნევს, 31% აშშ-ს, 28 % თურქეთს, 24% აზერბაიჯანს, 16% – რუსეთს. რაც შეეხება ეკონომიკურ საფრთხეს, 69% რუსეთს ასახელებს, 11% თურქეთს, 6% აშშ-ს, 5% ჩინეთს, 3%-3% კი – უკრაინას და ირანს.
ამასთან, გამოკითხულების 33% სრულად ემხრობა რუსეთთან შემდგომ დიალოგს. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების არსებული დინამიკის გათვალისწინებით, 20% აცხადებს, რომ ძალიან უსაფრთხოდ გრძნობენ თავს და 34% ამბობს, რომ საქართველოში უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს, ვიდრე სხვაგან. ამასთან, რესპონდენტების 73% მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ კვლავ მიმდინარეობს. 42% ამბობს, რომ ურჩევნიათ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყანა დატოვონ.
კითხვაზე როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, 44% ამბობს, რომ მხოლოდ პრო-ევროპული და პრო-დასავლური. შედეგად, 73% სრულად და 13% გარკვეულწილად უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში. 55%-ის თქმით, იმ შემთხვევაშიც დაუჭერდნენ მხარს, თუ ამას რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა მოყვებოდა. 45% მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი სარგებელი ეკონომიკის გაძლიერებაა, ხოლო 27% ევროკავშირში ინტეგრაციის მთავარ დაბრკოლებად საქართველოში პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებს.
გამოკითხულთა 65% სრულად, ხოლო 14% გარკვეულწილად უჭერს მხარს ნატოში გაწევრიანებას. ნატოში გაწევრიანების მთავარ სარგებლად 47% უსაფრთხოებას ასახელებს, ხოლო 27% ამბობს, რომ ნატოში ინტეგრაციის მთავარ დაბრკოლებას რუსეთის წინააღმდეგობა წარმოადგენს.
მედია და ინფორმაციის მიღების წყაროები
რესპონდენტების 26% აცხადებს, რომ ახალი და პოლიტიკური ამბების შესახებ ინფორმაციის მიღებისას ტელეკომპანია „იმედს“ ენდობა, 12% – „მთავარ არხს“, 9% – „რუსთავი 2-ს“, 9% – ტელეკომპანია „პირველს“, 4% – საზოგადოებრივ მაუწყებელს და 3% – „ფორმულას“.
ახალგაზრდებს შორის, 73%-მა სოციალური მედია (მათ შორის 96%-მა „ფეისბუქი“) დაასახელა ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ.
ასევე წაიკითხეთ: