ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

ევროკომისიამ 8 ნოემბერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გადაწყვეტილება ევროკავშირის ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გააჟღერა, რომელიც 2023 წლის გაფართოების პოლიტიკასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ზრდის ახალ გეგმას მიეძღვნა.

ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე 2023 წლის დეკემბერში მიიღებს.

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „კომისია რეკომენდაციას უწევს საბჭოს, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს იმ პირობით, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება რეფორმების მიმართულებით“.

მისი თქმით, ევროკომისრები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის გულწრფელ მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. მან აღნიშნა: „ეს მისწრაფებები უკეთესად უნდა ასახოს ხელისუფლებამ, რომელიც უფრო მეტად უნდა ჩაერთოს ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ეროვნული ინტერესების საკითხებში. და კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე ხელისუფლებამ შემდგომ პროგრესს უნდა მიაღწიოს 12 პრიორიტეტის განხორციელების საქმეში“.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ კომისია აღიარებს საქართველოს მიერ გადადგმულ რიგ პოზიტიურ ნაბიჯებს და მათ შორის დაასახელა ოპოზიციის მიერ საპარლამენტო მუშაობის გაძლიერებული კონტროლი, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა და ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა.

„აქედან გამომდინარე, კომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას იმ პირობით, რომ ხელისუფლება მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს რეფორმის კუთხით“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ გაფართოება სასიცოცხლო მნიშვნელობის პოლიტიკაა ევროკავშირისთვის: „ჩვენი კავშირის დაკომპლექტება ისტორიის მოწოდებაა, ეს ევროკავშირის ბუნებრივი ჰორიზონტია“. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კავშირის დაკომპლექტებას აქვს „ძლიერი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ლოგიკა“ და აღნიშნა, რომ ისტორიამ აჩვენა, რომ „არსებობს უზარმაზარი სარგებელი როგორც იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც შედიან ევროკავშირში, ასევე თავად ევროკავშირისთვის“. მან ხაზი გაუსვა სარგებელს ეკონომიკურ, სავაჭრო და უსაფრთხოების სფეროებში და დასძინა: „სწორედ მშვიდობისა და კეთილდღეობის მამოძრავებელი ძალაა, რაც ჩვენს კავშირს განსაკუთრებულს ხდის“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version