თბილისში ირაკლი ბებუას სოლიდარობის აქცია გაიმართა

24 ოქტომბერს, პარლამენტის შენობის წინ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გალის რაიონში უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას სოლიდარობის აქცია გაიმართა. 19 ოქტომბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე გაავრცელა განცხადება.

პარლამენტთან აქციაზე ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები, ახლობლები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა ირაკლი ბებუას გათავისუფლება და მისი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება იყო.

„ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად არის დამძიმებული. მისი როგორც ფიზიკური, ისე ემოციური მდგომარეობა ძალიან რთულია. ამიტომ ოჯახი სახელმწიფოსგან მოითხოვს, ირაკლის სასწრაფოდ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას და მის გათავისუფლებას… საერთაშორისო პლატფორმა ერთ-ერთი ბერკეტია იმისთვის, რომ ირაკლი სწრაფად გათავისუფლდეს და ვფიქრობ, სახელმწიფო არ იყენებს ამ ბერკეტს სათანადოდ. ამიტომ, მოვუწოდებთ სახელმწიფოს, რომ გააკეთოს ყველაფერი სწრაფად ირაკლის გასათავისუფლებლად“, – განაცხადა ირაკლი ბებუას ოჯახის წევრმა.  

გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველი, ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს აფხაზეთის დროშის ფერებში გამოფენილი ბანერის დაწვის გამო დააკავეს და მას ოკუპირებულმა აფხაზეთმა 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  მოგვიანებით, 8 დეკემბერს მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.  ბებუას  წინააღმდეგ  გამოძიება სხვისი ქონების დაზიანების, სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისა და საბრძოლო მასალების უკანონო შენახვის ბრალდებებით მიმდინარეობდა. აფხაზეთში სასჯელის გამოყენების წესის შესაბამისად (რომელიც დაკისრებული სასჯელის რეალური მოხდის ვადას 2-ჯერ ამცირებს ამ კატეგორიის დანაშაულებზე), ირაკლი ბებუას 1 წელი და 5 თვე აქვს დარჩენილი გათავისუფლებამდე.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version