ილია დარჩიაშვილი ბრიუსელს სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებს ხვდება.

 25 სექტემბერს,  დარჩიაშვილი სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის (DG NEAR) გენერალურ დირექტორს, ხერტ იან კოპმანს შეხვდა.  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, კერძოდ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის განხორციელების მიმდინარეობას, განსაკუთრებით კი იმ პრიორიტეტებს, რაც განისაზღვრა უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და DG NEAR-ის გენერალური დირექტორის, ხერტ იან კოპმანის საქართველოში ვიზიტის დროს.

მინისტრმა გენერალურ დირექტორს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმ ნაბიჯებზე, რაც ბოლო პერიოდში გადაიდგა რეკომენდაციების შესრულებისთვის, როგორც საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების კუთხით. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული ძალისხმევა ევროკომისიის ანგარიშში აისახება.

26 სექტემბერს, ილია დარჩიაშვილი ევროკომისარს საშინაო საკითხებში, ილვა იოჰანსონს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა ევროკომისარს გააცნო ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების გზაზე მიღწეული წინსვლა და ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესზე, რასაც ქვეყანამ ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდგომ, საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების კუთხით მიაღწია.

მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების სრულად განხორციელების მიმართ და იმედი გამოითქვა, რომ ევროკომისია სათანადოდ შეაფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში საქართველოს მიერ განხორციელებული ძალისხმევა და პოზიტიურად შეფასდა საქართველოსა და ევროკავშირის სააგენტოებს შორის, როგორებიცაა – EUROPOL და Frontex, თანამშრომლობის დინამიკა.

ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა იუროვას შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში განსახილველ მთავარ თემას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი წარმოადგენდა. მინისტრმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით მიღწეული წინსვლა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და განხორციელებული რეფორმები სათანადოდ  იქნება დაფასებული და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებაში აისახება. საუბარი ასევე შეეხო კანონის უზენაესობის სფეროში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version