სსფ იმსჯელებს, თუ რა პოტენციურ შედეგებს მოუტანს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საქართველოს  

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა უთხრა „სამოქალაქო საქართველოს“, რომ ფონდი მოუთმენლად ელის ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული საკითხის ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან განხილვას, და მხოლოდ ამის შემდეგ შეაფასებს უფრო სრულყოფილად ამ ნაბიჯს. მისიის ხელმძღვანელის თქმით, ფონდი განიხილავს, თუ რა პოტენციურ შედეგებს მოუტანს ეს გადაწყვეტილება სსფ-ის საქართველოს მხარდამჭერ პროგრამას და ფონდის ძალისხმევას, რომ მისი განხორციელება აღადგინოს.

„როგორც ადრე ვთქვით, ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა მოქმედებამ, მათ შორის ბანკების დავალდებულებამ, დამორჩილებოდნენ სანქციებს, ხელი შეუწყო [საქართველოს] ფინანსურ სექტორზე უკრაინაში რუსეთის ომის გავლენის შეზღუდვას. შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლო განცხადების გამო, რომლითაც სანქციებთან თავის მიდგომას ცვლის“, – აცხადებს ფონდის მისიის ხელმძღვანელი.

ივლისში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ-მა) გადადო საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მეორე ტრანშის დირექტორთა საბჭოსთვის წარდგენა. შესაბამისად, გადავადდა საბჭოს მიერ ტრანშის დამტკიცების პროცედურაც. სამწლიან მხარდამჭერ პროგრამაზე შეთანხმებას საქართველოს ხელისუფლებამ და სსფ-მა 2022 წლის აპრილში მიაღწიეს, რის შედეგადაც საქართველოს სესხის სახით 289 მილიონი აშშ დოლარის გამოეყო. ტრანშის პირველი ნაწილი, 40 მილიონი უკვე ათვისებულია. მეორე ტრანშის გამოყოფაზე მოლაპარაკებები 2023 წლის მაისში გაიმართა, რომლის დროსაც საქართველოს ხელისუფლება და სსფ-ის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ პროგრამის მეორე მიმოხილვა ივნისში დასრულდებოდა. ფონდმა მაშინ განაცხადა, რომ გადავადება ნაწილობრივ გამოწვეულია „საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურაში განხორციელებულ ცვლილებებზე უთანხმოების გამო“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version