პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ახალ ინიციატივებზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 11 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე რამდენიმე ინიციატივა გააჟღერა. მათ შორისაა ჩინელი ტურისტებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესება, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის სტიპენდიების გაზრდა და ასევე პირის მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ამინისტიის გამოცხადება.

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე მისი ჩინეთში „წარმატებული ვიზიტი“ განიხილა და აღნიშნა, რომ  ამ ვიზიტის მთავარი მიზანი ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, ინვესტიციების გაზრდა და მეტი ტურისტის მოზიდვა იყო. მისი თქმით, ამის ხელშესაწყობად მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს, შესაბამის განკარგულებას კი ხელი დღესვე მოეწერება. პრემიერის თქმით, ჩინეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენები უკვე მოქმედებს, თუმცა უახლოეს პერიოდში ფრენების რაოდენობა გაიზრდება.

დღესვე მოგვიანებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა, სადაც ჩინეთთან პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდის თაობაზე მთავრობის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის სამიზნე მაჩვენებელია ათამდე ფრენა ყოველდღიურად. მისი თქმით, ამჟამად მიდის მუშაობა ავიაკომპანია „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზებთან“ პირდაპირი ფრენების ზრდაზე. დავითაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე ჩინეთთან დღეში, მინიმუმ, ერთი ფრენა განხორციელდება. მინისტრის განცხადებით, ასევე აუცილებელია ჩინეთში საქართველოს როგორც ტურისტული მიმართულების მიმართ ცნობადობის გაზრდა.

პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული კიდევ ერთი ინიციატივა მაღალკვალიფიციური სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიების გაზრდას ეხება. ღარიბაშვილის თქმით, დღეს მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს, დაახლოებით, 2500 სტუდენტზე 150 ლარის სტიპენდიას, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიპენდია გაორმაგდება და  დღეიდან თითოეულ სტუდენტზე 300 ლარი გახდება.  გაზრდილ სტიპენდიას 5000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს.

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე, ასევე განაცხადა, რომ ყველა ის პირი, რომელმაც 2023 წლის პირველ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება, პირობითი სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან გათავისუფლდება. 

პრემიერის თქმით, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის პირველ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს. მისი განმარტებით,  ამნისტია გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულებებზე.

ღარიბაშვილის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია და უახლოეს მომავალში განსახილველად გადაეგზავნება პარლამენტს.

პრემიერმა აქვე განმარტა, რომ  ამნისტია არ გავრცელდება მოხელის მიერ, ასევე სახელმწიფო საწარმოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივ მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version