„სელფი მობაილს“ 5G-ის დასანერგად ლიცენზია მიენიჭა

კომუნიკაციების კომისიამ 7 სექტემბერს განაცხადა, რომ კომპანია „სელფი მობაილს“ (ყოფილი „ბილაინი“) 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიები 15 წლის ვადით მიენიჭა. 

კომისიის ინფორმაციით, მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში, „სელფი მობაილი“ ერთი კომბინირებული და სამი ცალკემდგომი ლოტის გამარჯვებულად გამოცხადდა, რაც 700 მჰც, 3400-3600 მჰც, 2600 მჰც და 1800 მჰც სიხშირულ დიაპაზონებს მოიცავდა. აღნიშნული ლოტების საფასურმა ჯამში 4 497 045 ლარი შეადგინა, ხოლო ლიცენზიის მოსაპოვებლად, ოპერატორმა დადგენილი თანხის 30% სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა.

აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, „სელფი მობაილს“ გაუჩნდა ვალდებულება, საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი (MVNO) დაუშვას, რისთვისაც აუქციონის ფარგლებში 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა. კომუნიკაციების კომისიის ამ ვალდებულებას ივლისში საქართველოს ორი წამყვანი მობილური ოპერატორის „მაგთიკომისა“ და „სილქნეთის“ კრიტიკა მოყვა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ კომისიის მიდგომას არ გააჩნდა სათანადო დასაბუთება ან კვლევა და, როგორც ჩანს, მიკერძოებულობის გავლენის ქვეშ იყო. მათივე თქმით, კომისიამ აუქციონის სხვა სიხშირეებთან მიმართებაში დაარღვია კანონით გათვალისწინებულ ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი და უბიძგა ოპერატორს, რომ ხარისხიანი 5G ქსელის ასაგებად შეიძინოს სიხშირე MVNO-ს იძულებითი დაშვების ვალდებულებით.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version