საგარეო უწყება უკრაინის ხელისუფლების  გადაწყევტილების გამო „ღრმა შეშფოთებას გამოხატავს“  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 4 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, „ღრმა შეშფოთებას გამოხატავს“  უკრაინის ხელისუფლების  გადაწყევტილების გამო, კონსულტაციის მიზნით დროებით დაატოვებინოს საქართველოს ელჩს ქვეყნის ტერიტორია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს  საქართველოს ხელისუფლებას,  ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საჭირო მკურნალობისთვის უკრაინისთვის გადაცემისკენ მოუწოდა და საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბარება დაავალა.

საგარეო უწყების ინფორმაციით,  ეს ქმედება „დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას“ წარმოადგენს  და „სამწუხაროა, რომ ოფიციალური კიევი ამ ნაბიჯს მიმართავს მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ“.

სამინისტროს განცხადებით, გადაწყევტილებას „გაუგებარს ხდის“ უკრაინის ხელისუფლების მიერ დასახელებული საფუძველი, კერძოდ კი საქართველოს ექს-პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ „სპეკულაციებს წერტილი სტრასბურგის სასამართლოს  გადაწყვეტილებამ დაუსვა“.

„ამ ფონზე, უკრაინის ხელისუფლების  გადაწყვეტილება არსებით ზიანს აყენებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს და წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში პირდაპირ ჩარევას“, – ნათქვამია განცხადებაში და აქვეა აღნიშნული, რომ  ქართული მხარე  აცნობიერებს რა საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით პასუხისმგებლობას, ამ ეტაპზე „თავს იკავებს ომში მყოფ უკრაინის ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან და მასთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებისაგან“.

საგარეო უწყება, იმედს გამოთქვამს,  რომ ოფიციალური კიევი გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას და აქვე აღნიშნავს, საქართველოს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და უკრაინელი ხალხის მიმართ.

სამინისტროსვე განცხადებით,  ომში მყოფი უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვა და მხარდაჭერა საქართველოს მხრიდან მომავალშიც გაგრძელდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version