შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 55 პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 მაისს განაცხადა, რომ თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა დროს ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად ნარკოდანაშაულისთვის 55 პირი დააკავეს, მათგან 37 ნარკორეალიზატორია.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები რეალიზაციის მიზნით ნარკოტიკულ საშუალებებს ინტერნეტაპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ და „შემდგომ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს“.

ამავე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალებები საკონტროლოდ რამდენჯერმე იყიდეს და პროცესი გადაიღეს. ამასთან, პოლიციამ მათი პირადი ჩხრეკისას, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, პირადი ავტომანქანებისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო, მათ შორის, „კოკაინი“, „ჰეროინი“, „სუბუტექსი“, „ჰაშიში”, „მდმა“, „ალფა-პვპ“ და სხვ.

„ასევე ამოღებულია მცირე ზომის ელექტრო სასწორები, მარიხუანას კულტივაციისთვის განკუთვნილი შესაბამისი მოწყობილობა, წებოვანი ლენტები და სავარაუდოდ,ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ერთ-ერთი პირისგან ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 26 ვაზნა და 2 მჭიდი“.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version