შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 58 პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) 30 მარტს განაცხადა, რომ თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 58 პირი დააკავეს, მათ შორის, 31 ნარკორეალიზატორია.

შსს-ს განცხადებით, დაკავებულები სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე ნარკოტიკულ საშუალებას დებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და შემდგომ, „შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს“.

უწყებისვე განცხადებით, სამართალდამცველებმა მათგან ნარკოტიკული საშუალებები რამდენჯერმე საკონტროლოდ შეისყიდეს და პროცესი გადაიღეს. ამასთან, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე მათი პირადი, ავტომანქანების, სახლებისა და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მეტადონი“, „ბუპრენორფინი“, „მდმა“ „ალფა-პვპ“, „მეფედრონი“, „პრეგაბალინი“ და სხვ. „ასევე ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, ასევე, მცირე ზომის სასწორები და წებოვანი ლენტები“.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულების 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version