ამერიკელი სენატორები პრემიერს, ოპოზიციასა და არასამთავრობოებს შეხვდნენ

პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, თბილისში ვიზიტად მყოფი ამერიკელი სენატორები – ჯინ შაჰინი და რიჩარდ დურბინი 20 თებერვალს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ვიზიტის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სენატორებმა შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართეს.

პრემიერთან შეხვედრა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ამ პარტნიორობის შედეგად სხვადასხვა სფეროში მიღწეული პროგრესი განიხილეს. მათვე აღნიშნეს, რომ „ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორი და ერთგული მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ და აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას“.

შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ „ევროპის რეგიონისა და მსოფლიოსთვის კრიტიკულ დროს სენატორების ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალია საზოგადოებისთვის“. ამ კონტექსტში, პრემიერმა ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „საქართველო ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ აძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა და მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავდაცვის შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას“.

მხარეებმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზეც გაამახვილეს და ამ პროცესში „ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა“ აღნიშნეს.

მათვე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს, რა დროსაც პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ „მიესალმება სამხრეთ კავკასიის მოლაპარაკებებში უფროს მრჩევლად ლუის ბონოს დანიშვნას“. მანვე სენატორებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მათვე რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების ვითარება და გამოწვევებიც განიხილეს და „კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას“ გაუსვეს ხაზი.

ოპოზიციასთან და არასამთავრობოებთან შეხვედრა

სენატორებთან შეხვედრის შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ მათ დემოკრატიის საკითხებზე, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და „პოლიტიკური პატიმრების“ შესახებ იმსჯელეს. „მათი უპირველესი ამოცანა არის, რომ საქართველო გახდეს ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი და [ეს საკითხები საქართველოს უშლის ამაში ხელს]“, – განაცხადა მან.

პარტია „ლელოს საქართველოსთვის“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ სენატორები იმ რეფორმებით დაინტერესდნენ „რაც არის ევროკავშირის მხრიდან მოთხოვნილი იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“. „მე მქონდა ასევე საუბარი ნიკა გვარამიას თემაზე[ც]“, – დასძინა მან.

„მსგავს ვიზიტებს ჩვენ უნდა ვიყენებდეთ ჩვენი ახალი ადგილის მოსაძებნად მსოფლიოში“, – უთხრა ჟურნალისტებს პარტია „დროას“ დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ და დაამატა,რომ „დღეს ეს ვიზიტები ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოში სრული დეგრადაციაა დემოკრატიის თვალსაზრისით და მთავრობა მხარს უჭერს რუსეთს“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, სენატორებთან შეხვედრაზე ქვეყნის ევროინტეგრაციასა და იმაზე ისაუბრეს, თუ როგორ მიდის საქართველო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. „მთლიანად ვსაუბრობდით იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით… ძირითადად აინტერესებთ, ჩვენი ხედვა როგორ შეიძლება შევაჩეროთ დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც აშკარად გვაქვს ჩვენს ქვეყენაში“, – განაცხადა მან.

„საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ უფროსმა მკვლევარმა, ბათუ ქუთელიამ კი – აღნიშნა, რომ სენატორებთან საუბრის თემა იყო – კორუფციის რისკები, ავტორიტარიზმის გავლენა და მიტაცებული სახელმწიფო. „ერთ-ერთი პრობლემა, [რაზეც ვისაუბრეთ] სწორედ დემოკრატიიდან უკუსვლა იყო და ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა“, – დასძინა მან.

სენატორების არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის ამსახველი ფოტო საქართველოში აშშ-ის საელჩომაც გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ „შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას და მათთან თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტების გასაძლიერებლად“.

სენატორების პრესკონფერენცია

ვიზიტის ბოლოს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციასა და პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას შორის არსებულ კავშირზე დასმულ კითხვაზე, სენატორმა შაჰინმა განაცხადა, რომ „თავისუფლება და ადამიანის უფლებები გადამწყვეტია დემოკრატიისთვის“. მისივე თქმით, დემოკრატიულ ქვეყანაში საჭიროა არსებობდეს თავისუფალი პრესა, რომელიც ციხეში მოხვედრის შიშის გარეშე გამოიკვლევს თუ რა ხდება.

სენატორებმა ყოფილი პრეზიდენტის წინაამდეგ წაყენებულ ბრალზე კომენტარისგან თავი შეიკავეს. სანაცვლოდ, მათ ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ნებისმიერ პატიმარზე იზრუნოს, იყოს „ჰუმანური“ და აღკვეთოს მის მიმართ რაიმე ზიანი.

ბიძინა ივანიშვილის „არაფორმალურ მმართველობასთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, სენატორმა შაჰინმა განაცხადა, რომ ივანიშვილის სახელმა მართლაც გაიჟღერა პრემიერმინისტრთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრებზე, თუმცა ეს იყო „პრივატული საუბარი“ და მან დეტალები არ გაამხილა. სენატორმა იქვე აღნიშნა, რომ ივანიშვილის სახელმა „დეოლიგარქციზაციის“ საკითხთან ერთობლიობაში გაიჟღერა.

სენატორმა დურბინმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებს „ძალიან სერიოზულად მოეკიდოს“ და კანონების მიღებასთან ერთად მათ აღსრულებასაც დაუთმოს სათანადო ყურადღება.

უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე სენატორმა შაჰინმა განაცხადა, რომ „საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონი არ არის ისეთივე, როგორიც ამერიკული კანონი“. მან პარალელი გაავლო საქართველოს კანონპროექტსა და რუსულ და უნგრულ ანალოგებს შორის, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიიჩნევა.

დასავლეთის მიერ საქართველოს „ომში ჩათრევასთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, სენატორმა დურბინმა მოკლედ უპასუხა, რომ აშშ ყველაფერს აკეთებს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, იმისათვის, რომ რუსეთმა მომავალში მათ ზიანი აღარ მიაყენოს. მანვე „მეორე ფრონტის გახსნის“ მცდელობების შესახებ ბრალდებებიც უარყო.

ჟურნალისტის კითხვაზე – დაინტერესდებიან თუ არა ამერიკელი ინვესტორები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში? – სენატორმა შაჰინმა განაცხადა, რომ მას და სენატორ დურბინს ეკუთვნით ინიციატივა, რომ სთხოვონ აშშ-ის ადმინისტრაციას შეიმუშაოს სტრატეგია შავი ზღვის თაობაზე. მან შავ ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ მეტი ამერიკული კომპანია ჩადებს ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში.

შენიშვნა: მასალა 2023 წლის 22 თებერვალს, სენატორების პრესკონფერენციის შესაბამისად განახლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version