ომბუდსმენი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი „ხალხის ძალის“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შემუშავებულ კანონპროექტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ის „არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შიდა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან“.

17 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ომბუდსმენის აპარატი აღნიშნავს, რომ გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული „დემოკრატიული საზოგადოების არსებობის აუცილებელი წინაპირობაა, რაც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს, ერთობლივად შეიტანონ წვლილი დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა რეალიზების ხელშეწყობაში“.

სახალხო დამცველის აპარატი ასევე განმარტავს, რომ უფლებადამცველების შესახებ გაეროს დეკლარაცია „ასეთ გაერთიანებებს ანიჭებს უფლებას, მოიძიონ, მიიღონ და გამოიყენონ რესურსები (მათ შორის, მიიღონ დაფინანსება უცხოური წყაროებისგან) საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად. „ამავდროულად, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, შექმნან ხელშემწყობი გარემო, რომელშიც უფლებადამცველს დაბრკოლებებისგან თავისუფალი მოქმედების საშუალება ექნებათ“.

ამავე განცხადებით, გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებასთან, აგრეთვე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან მიმართებით, რუსეთის ფედერაციისა და უნგრეთის კანონმდებლობაში ასახული მსგავსი მოწესრიგება უარყოფითად შეაფასეს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (OSCE/ODIHR), ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა.

„კერძოდ, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის შეფასებით, უფლებადამცველები ხშირად ხდებიან სტიგმატიზაციისა და დისკრედიტაციის კამპანიის ადრესატები, რაც, მათ შორის, შესაბამის ქვეყნებში „უცხოურ აგენტებად“ მათი გამოცხადებისთვის, საკანონმდებლო რეგულაციების მიღებაში შეიძლება გამოიხატოს“.

გარდა ამისა, ომბუდსმენის აპარატი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ორგანიზაციებისთვის „უცხოური აგენტის“ სტატუსის მინიჭება მათ მიმართ „უნდობლობის, შიშის შემცველ და მტრულ ატმოსფეროს“ ქმნის, „ახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, აზიანებს მათ რეპუტაციას და სერიოზულად აფერხებს მათ აქტივობებს“.

სახალხო დამცველის აპარატი ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტებად“ მიჩნეული და მათთან სხვადასხვა სახის ურთიერთობაში მყოფი პირების შესახებ „საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვების და გამოქვეყნების საფუძველს“ ქმნის.

„გარდა იმისა, რომ აღნიშნული, შესაძლოა, გაუმართლებელ ორგანიზაციულ ტვირთს აკისრებდეს თავად ორგანიზაციებს და წყვეტდეს მათ ძირითადი საქმიანობისგან, ის შესაძლოა ხელყოფდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ნებისმიერი იმ ინდივიდის პერსონალური მონაცემების დამუშავების და გასაჯაროების შესაძლებლობის შექმნით, ვინც რაიმე სახის, მათ შორის, შრომით ან მომსახურების სახელშეკრულებო ურთიერთობაშია ამ ორგანიზაციებთან“.

ომბუდსმენის აპარატი იმასაც აღნიშნავს, რომ გაერთიანებების საქმიანობის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, თუმცა იმისათვის, რომ უფლებებში ჩარევა გამართლებულად ჩაითვალოს, „შემზღუდველი საშუალებები და თანმდევი პროცედურები არ უნდა იყოს არათანაბარზომიერი, რასაც წარმოდგენილი კანონპროექტი, ვერ აკმაყოფილებს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version