არასამთავრობოები სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას აკრიტიკებენ

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომელიც 40-ზე მედ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, პარლამენტში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადებულ სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის მართლმსაჯულებაში არსებულ „უმწვავეს“ რეალურ პრობლემებს არ ეხმიანება.

7 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, კოალიციის წევრი ორგანიზაციები განმარტავენ, რომ იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტი შერჩევითად და ფრაგმენტულად გვთავაზობს საკითხებს, რომელსაც უნდა შეეხოს რეფორმა.

მათივე თქმით, „დოკუმენტში აგრეთვე შერჩევითად არის მოხმობილი ადგილობრივი თუ საერთაშორისო შეფასებები და იგნორირებულია ის მზარდი კრიტიკა, რომელიც ბოლო წლებში სასამართლოს მიმართულებით ჟღერდებოდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან“.

არასამთავრობოები ასევე სინანულს გამოთქვამენ, რომ სამუშაო ჯგუფის მიერ შემოთავაზებული ხედვა მთლიანად „უგულებელყოფს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ უმთავრეს პრობლემებს, კერძოდ ძალაუფლების კონცენტრაციას და არაფორმალურ, კლანურ გავლენებს სისტემაში“.

„…დოკუმენტში წინასწარ, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშეა არაკონსტიტუციურად მიჩნეული ის მექანიზმები, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა მეტად ინკლუზიური გახდებოდა და მასში თავმოყრილი ძალაუფლება განაწილდებოდა სასამართლო სისტემის სხვა რგოლებზე“.

არასამთავრობო ორგანიზაციები იმასაც განმარტავენ, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიზნად კანონმდებლობასა თუ პრაქტიკაში არსებული პრობლემების მოგვარებას უნდა ისახავდეს, რისთვისაც მათ პარლამენტს სისტემაში არსებული ვითარების „სიღრმისეული“ შეფასებისკენ „არაერთხელ მოუწოდეს“, თუმცა სამუშაო ჯგუფმა და საპარლამენტო უმრავლესობამ ინიციატივა არც კი განიხილა.

ამასთან, კოალიციაში ხაზს უსვამენ, რომ სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შეფასებაზე ყურადღება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების 2021-2027 წლების დღის წესრიგშიც არის გამახვილებული.

„სამწუხაროდ, სასამართლოს რეფორმის ახალი სტრატეგია ისე იწერება, რომ ამ დრომდე არ არსებობს სასამართლოში არსებული გამოწვევების, კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული პრობლემების ერთიანი სურათი“, – აცხადებენ არასამთავრობოები და დასძენენ, რომ ამ ფონზე, მათთვის „ბუნდოვანია, რა მიზნის მისაღწევად იქმნება რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიციაში ამბობენ, რომ ეს „სამწუხაროდ, „კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართულ ოცნებას არ აქვს სასამართლოს რეალური რეფორმის მზაობა და კვლავაც ფასადური ცვლილებების გატარებას ისახავს მიზნად“.

„მორიგი ფასადური რეფორმა საკმარისი ვერ იქნება მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და ამით კიდევ უფრო დიდი საფრთხე შეექმნება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს“, – ხაზს უსვამენ უფლებადამცველები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version