skip to content
ევროპამათი თვალით

უკრაინა და მსოფლიო: ომში, სამართლის ძიებაში

აგრესია – “დანაშაულთა დანაშაული”, როცა საქმე ტერიტორიებს ეხება და გენოციდი კი – “დანაშაულთა დანაშაული” ადამიანობის წინააღმდეგ. ორივე ეს საზარელი დანაშაული საერთაშორისო სამართლებრივი დებატის საგანია, როცა საქმე რუსეთ-უკრაინის ომს ეხება. აგრესია და გენოციდი: სამართლებრივი კატეგორიები, რომლებიც ტკივილს იწვევს, ცნებები, რომელთა შესახებაც მრავალი დაპირისპირებული მოსაზრება არსებობს.

ფილიპ სანდსი ცდილობს თავშეკავებით ისაუბროს უკრაინაში მიმდინარე ომზე. ამბობს, რომ “ცდილობს დისტანცია შეინარჩუნოს”, რომ “არ გაიტაცოს ემოციებმა და ვნებებმა”, თუმცაღა არ უარყოფს, რომ “პირადი კავშირი გააჩნია” საკითხთან, რომელიც მას ცენტრალურ ფიგურად აქცევს ამ ომის განმავლობაში მომხდარი დანაშაულებრივი აქტების განსაზღვრების საქმეში.

ბედმა ისე ინება, რომ ფრანგულ-ბრიტანული წარმოშობის ეს იურისტი, მაშინ ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის სამართლის პროფესორი, თორმეტი წლის წინათ ლვივში, კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. იხსენებს, რომ მაშინ ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდა, რომ პირველად ესმოდა ამ ქალაქის სახელი. თუმცაღა, მალევე აღმოაჩინა, რომ მისთვის თითქოსდა უცნობი სახელის მიღმა იმალებოდა ქალაქი ლემბერგი. სწორედ ასე უწოდებდნენ ლვივს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნისას და სწორედ აქ დაიბადა სანდსის ბაბუა. ფილიპ სანდსი კონფერენციაში მონაწილეობას დათანხმდა.

აქვე დაუფიქრდა, რომ სწორედ ლვივში, იურიდიულ ფაკულტეტზე შეისწავლეს ჰერშ ლაუტერპრახტმა და რაფაელ ლემკინმა საკითხები, რამაც ისინი საერთაშორისო სამართლისათვის ორი რევოლუციური კონცეფციის – “ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისა” და “გენოციდის” ავტორებად აქცია. ნიურნბერგის სასამართლო პროცესიდან მოყოლებული და 1948 წელს გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ კონვენციის გაეროში მიღების ჩათვლით, ეს ორი სამართლებრივი კატეგორია დღეს აღიარებული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ელემენტებად იქცა.

სწორედ საერთაშორისო სამართლის ამ ორი ებრაელი გიგანტის ნაშრომების შესწავლითა და თავისი ოჯახის ისტორიით შთაგონებულმა, ფილიპ სანდსმა შექმნა თავისი ფუნდამენტური კვლევა – გენოციდისა და ადამიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საფუძვლებთან (Weidenfeld & Nicolson, 2016).

“აგრესიის დანაშაული”

2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინას დაესხა თავს. ეგებ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისაგან უკვე ყველაფერს მოელოდნენ, მაგრამ შეტევის მასშტაბმა ევროპა და მსოფლიო მაინც გააოგნა.

სანდსმა, რომელიც დღეს ადვოკატია და საერთაშორისო სასამართლოებში მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვს, “ფაინენშლ თაიმსში” მაშინვე სტატია გამოაქვეყნა. მან მოითხოვა პუტინის წინააღმდეგ საქმე აღძრულიყო “აგრესიის დანაშაულის ბრალდებით, რომლის იდეაც ნიურნბერგში ჩაისახა და რომელიც ფორმულირებულია როგორც “დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ.” სტატია უკრაინის მთავრობას არ გამოჰპარვია. სწორედ ამიტომ, სანდსი დღეს უკრაინის მთავრობის მრჩეველია. უკრაინა რუსეთს უჩივის არა მხოლოდ იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოსა (ICJ) და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC), არამედ აგრესიის დანაშაულისათვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნასაც მოითხოვს.

სწორედ ასე – ლვივთან დაკავშირებული თავისი ოჯახური წარსულის, მისი სამეცნიერო კვლევების და საგაზეთო სტატიის გავლით – აღმოჩნდა ფილიპ სანდსი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებული იურიდიული დებატების შუაგულში.

უკრაინაში არავინ აპირებს სამართალი მშვიდობის სამსხვერპლოზე შესწიროს.

დღეს, ომის დაწყებიდან შვიდი თვის შემდეგ, რამდენიმე ფაქტია თვალშისაცემი. პირველი, ევროპას ამ მასშტაბის სამხედრო დანაშაული 1993 წლის შემდეგ აღარ უნახავს – სწორედ მაშინ შეიქმნა ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი (ICTY) და საფუძველი ჩაეყარა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რომელიც 2002 წელს, ჰააგაშივე დაფუძნდა. მეორე, ამ კონფლიქტში მართლმსაჯულება დიდ როლს თამაშობს: უკრაინაში არავინ აპირებს სამართალი მშვიდობის სამსხვერპლოზე შესწიროს. აქ ყველას სჯერა, რომ სამართლებრივი განაჩენი მომავალი მშვიდობის დამყარებისათვის აუცილებელი კომპონენტი იქნება.

საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ორი ცნებაა: პირველია “აგრესია” – ნიურნბერგისეული განსაზღვრებით “დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ”, ყველაზე სერიოზული დანაშაული, როცა საქმე ტერიტორიას ეხება; მეორე ცნება – “გენოციდი”, ყველაზე საზარელი დანაშაული, მიმართული ადამიანურობის წინააღმდეგ. ამ ორ კონცეფციაზე ემოციების გარეშე საუბარი ჭირს. ამ ორ კონცეფციასთან დაკავშირებით, მოსაზრებები მკვეთრადაა დაყოფილი.

მიმდინარე ომის საწყისი აქტი 24 თებერვლის დილის ხუთ საათზე გათამაშდა. ვლადიმირ პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში შეჭრა უბრძანა, ქვეყნის “დემილიტარიზაციისა” და “დენაციფიკაციის” ამოცანით: ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მათ უკრაინის არმიის კაპუტულაციისადმი იძულება და კიივში მთავრობის დამხობა დაავალა. საბაბად პუტინმა “გენოციდი” გამოიყენა, რომელიც ვითომდა რუსულენოვანი უკრაინელების წინააღმდეგ მიმდინარეობდა. ამ მოტივის დასახელებით, პუტინმა თავად გადაიყვანა ომი როგორც იურიდიულ, ისე მორალურ ჭრილში.

პუტინმა “რაც დათესა, ის უნდა მოიმკას”

ფილიპ სანდსი ამბობს, რომ ომის დაწყებით პუტინმა “ნაფლეთებად აქცია” გაეროს ქარტია. მისი თქმით, “თუკი რამე დოკუმენტი არსებობს, რომელსაც საერთაშორისო კონსტიტუცია შეიძლება ეწოდოს – წესების სწორედ ეს კრებულია.” სანდსი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის საქციელი “მსოფლიო წესრიგისათვის 1945 წლის შემდეგ ყველაზე სერიოზული გამოწვევაა”.

გააცნობიერა რა, რომ ორი არსებული საერთაშორისო სასამართლო – ICC და ICJ – პუტინს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისათვის პირადად ვერ გაასამართლებდა (ამის მიზეზებზე – ცოტა ქვემოთ), 28 თებერვალს სანდსმა მორიგი საგაზეთო სტატია გამოაქვეყნა, სადაც მოითხოვა “სპეციალური საერთაშორისო სისხლის-სამართლებრივი ტრიბუნალის” შექმნა, რომელიც “გაასამართლებს პუტინსა და მისი ქვეშემვრდომებს აგრესიის დანაშაულის გამო.”

იურისტი ირონიით წერს: “არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ საბჭოთა იურისტმა, აარონ ტრენინმა ჩაატარა უზარმაზარი სამუშაო, რათა “მშვიდობის წინააღმდეგ დანაშაული” საერთაშორისო სამართალში დაენერგა” და მანვე დაარწმუნა ამერიკელები და ბრიტანელები, რომ ეს დანაშაული ნიურნბერგის სასამართლოს სტატუტში შეეტანათ.”

“პუტინის მოთვინიერება შეუძლებელია,” წერდა სანდსი, “ჩეჩნეთი, საქართველო, ყირიმი და ახლა უკრაინა – დანაშაულის სია გრძელდება. მან უნდა მოიმკას ის, რაც დათესა. მისი პირადი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს დანაშაულთაგან ამ ყველაზე საზარელის” – მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გამო.

ამასობაში ვოლოდიმირ ზელენსკი კიივში თავისი ახლო წრის იურისტებთან გადიოდა კონსულტაციას. ესენი იყვნენ: ანდრიი სმირნოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი; დმიტრო კულება, საგარეო საქმეთა მინისტრი; მიკოლა გნატოვსკი, რომლიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლე გახდა 2022 წელს და ანტონ კორინევიჩი, საგანგებო ელჩი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარგში.

ფილიპ სანდსთან ერთად, ისინი საერთაშორისო ტრიბუნალისათვის სამართლებრივ საფუძველის მომაზადებას შეუდგნენ. “ტერიტორიაზე შეჭრა, დამოუკიდებელი ქვეყნის განადგურების სურვილით, ძალის უკანონო გამოყენებაა და არღვევს გაეროს ქარტიას,” ამბობს ბატონი გნატოვსკი, “აგრესიული ომის წამოწყება დანაშაულია.”

ოღონდაც, როგორც ვთქვით, არსებული სასამართლოები პუტინის განსასჯელად ვერ გამოდგება და აი, რატომ: მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ) გაეროს მთავარი სამართლებრივი ორგანოა. მისი ამოცანაა ქვეყნებს შორის კონფლიქტების განსჯა, შესაბამისად, ის ინდივიდებს ბრალს ვერ დასდებს. ამისათვის არსებობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC), რომელიც არას დაგიდევთ ქვეყნის ლიდერების დიპლომატიურ იმუნიტეტს. ოღონდაც, უკრაინის შემთხვევაში ამ სასამართლოს იურისდიქცია მხოლოდ ომის დანაშაულის, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისა და გენოციდის დანაშაულის გამოძიებისა და განსჯისათვის გააჩნია. აგრესიის დანაშაულს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იმიტომ ვერ განსჯის, რომ არც უკრაინას და არც რუსეთს სასამართლოს სტატუტის (წესდების) რატიფიკაცია არ გაუკეთებიათ.

მიკოლა გნატოვსკი მიესალმება “ფილიპ სანდსის მოსაზრებას, რომ ახალი მექანიზმის შექმნაა საჭირო, რომლიც მრავალმხრივი ხელშეკრულების ძალით შეიქმნება – ისევე, როგორც თავის დროზე ნიურნბერგი შეიქმნა.”

ფაქტია, რომ გაეროს ეგიდით ასეთი ტრიბუნალი ვერ შედგება – რუსეთს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება გააჩნია. თუმცა კიიველ იურისტებს ეს არ აღელვებთ. “ნიურბერგი მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ ჩამოაყალიბა და მერე სხვებმა მხარი დაუჭირეს. მთავარია ჯერ პოლიტიკური ნება არსებობდეს, მერე კი ახლადშექმნილი ორგანოს საყოველთაო მხარდაჭერა,” შეგვახსენებს ბატონი გნატოვსკი. “ჩვენ გვირჩევნია, აგრესიის დანაშაული სპეციალურმა ტრიბუნალმა განსაჯოს და არა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ. ეს საშუალებას მოგვცემს კონკრეტულ ინდივიდებზე გავიდეთ და, შესაბამისად, დღეს რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მყოფნი ვიხილოთ განსასჯელის სკამზეო,” განმარტავს კორინევიჩი.

ევროპის თავსატკივარი

ფილიპ სანდსის იდეა თუ განხორციელდა, ეს საერთაშორისო სამართლის ძალით აგრესორების გასამართლების საქმეში რევოლუციას მოახდენს. მისი თქმით, საყოველთაო აღიარება ტრიბუნალის ლეგიტიმურობისთვის აუცილებელი არცაა.

“ველი, რომ ევროპის გარეთ თითქმის არც ერთი ქვეყანა არ მიიღებს აგრესიის დანაშაულის გამასამართლებელ ტრიბუნალს – ერაყში ომი [2003] იქნება ამის ერთ-ერთი მიზეზი: ბევრი ქვეყანა თვლის, რომ საერთაშორისო სამართალში ორმაგი სტანდარტი არსებობს მაშინ, როცა საქმე აშშ-ს ეხება. ეს ქვეყნები დასავლეთის ფარისევლობაზე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნეოკოლონიურ ხასიათზე ხშირად ლაპარაკობენ და ამ ახალ ინიციატივასაც არ დაუჭერენ მხარს,” ამბობს იურისტი და უმატებს, “აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნა ევროპელების გასაკეთებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ომი პირველ რიგში სწორედ ევროპის თავსატკივარია.”

პრაგმატული ხედვის მქონე იურისტი ასევე ამბობს, რომ “აგრესიის დანაშაული ერთადერთი დანაშაულია, რომელსაც პირდაპირ ბატონ პუტინამდე მივყავართ”. მისი დამნაშავედ გამოცხადება რუსეთის ლიდერების მსოფლიოდან გარიყულობას გააღრმავებს. ისიცაა საქმე, რომ ადამიანურობის წინაარმდეგ მიმართული დანაშაულისა და გენოციდის დანაშაულების დამტკიცება, მით უფრო, მათი დაკავშირება პოლიტიკურ ფიგურებთან ღრმა და დეტალურ გამოძიებას საჭიროებს მაშინ, როცა აგრესიას დიდი გამოძიება არ სჭირდება, აგრესიის ფაქტი თავად მოსკოვის ოფიციალური განცხადებებითაც დასტურდება.

“რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ დიდი განსჯა არ სჭირდება, დოკუმენტები მრავლადაა. დამნაშავეები ის ხალხი იქნება, ვინც პუტინმა შეკრიბა უკრაინაში არმიის გაგზავნის საჯაროდ დასადასტურებლად,” ფიქრობს სმირნოვი და 21 თებერვლის რუსეთის უშიშროების საბჭოზე მიუთითებს, რომელიც ტელევიზიით გადაიცა და რომლის დროსაც ლუჰანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარება მოხდა, რამაც, თავის მხრივ რუსეთის პრეზიდენტს “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” დაწყების საბაბი მისცა.

სამართლებრივ ფრონტზე

სპეციალური ტრიბუნალის შექმნის იდეას პრეზიდენტმა ზელენსკიმ მწვანე შუქი აპრილში აუნთო და იმ დროიდან პოლიტიკოსები და დიპლომატები აქტიურად მუშაობენ.

საერთაშორისო ასპარეზზე იდეის პირველი მხარდამჭერი ლიეტუვა გახდა, მას მხარი ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ზღვის აუზის სხვა ქვეყნებმაც აუბეს. უკრაინას სურს, ვაშინგტონი, ლონდონი, პარიზი და ბერლინი დაარწმუნოს, რომ ტრიბუნალის თანადამფუძნებლები გახდნენ. საუბარები შედგა ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ბატონი გნატოვსკი გვეუბნება, “ტრიბუნალს რომ მორალური ავტორიტეტი გააჩნდეს, მას ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაქსიმუმი უნდა უჭერდეს მხარსო.” ბატონი სმირნოვი უმატებს, “ისღა დაგვრჩენია, ვნახოთ, მზადაა თუ არა ცივილიზებული სამყარო აგრესიას აგრესია დაუძახოს და მასზე პასუხს ვინც აგებს, ის გაასამართლოსო.”

უკრაინა რუსეთს არა მხოლოდ ფრონტზე, სანქციებით და დიპლომატიით, არამედ სამართლის ძალითაც ებრძვის

იდეისადმი დიპლომატიური მხარდაჭერა ახალ დონეზე მას შემდეგ ავიდა, რაც მას მხარი ნიდერლანდებმაც დაუჭირეს. თავიდან უკრაინას სურდა ტრიბუნალი სტრასბურგში, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გვერდით ეხილა. თუმცა ნიდერლანდებმა კიივს მომავალი ტრიბუნალის ბინად ჰააგა – საერთაშორისო მართლმსაჯულების დედაქალაქი შესთავაზეს. სწორედ აქაა განლაგებული ორივე უდიდესი საერთაშორისო სასამართლო და იუგოსლავიის ომების სამხედრო დამნაშავეებიც აქ წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.

უკრაინა რუსეთს არა მხოლოდ იარაღით უწევს წინაარმდეგობას: სანქციებითა და დიპლომატიით ბრძოლას, სამართლის ძალით მოსკოვთან დაპირისპირებაც ემატება. ომის პირველი კვირების განმავლობაში, მაშინ, როცა რუსეთი უარს ამბობდა მოლაპარაკებაზე და უკრაინის ძალით დაპყრობას ლამობდა, პრეზიდენტი ზელენსკი მოსკოვთან დიპლომატიისათვის კარს ღიას ტოვებდა.

თუმცაღა, მას შემდეგ, რაც ბუჩაში პირველად გამოჩნდა რუსეთის სამხედრო დანაშაულის მასშტაბები, ზელენსკი დარწმუნდა, რომ დაპირისპირება სამართლებრივ არხშიც უნდა გადასულიყო. ცოტა ხნის წინათ, იზიუმში მკვლელობების მტკიცებულებების აღმოჩენის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსებს “პასუხი მოეკითხებათ თავიანთ დანაშაულზე, ისევე, როგორც ნაცისტებს – ბრძოლის ველზეც და ტრიბუნალების წინაშეც.”

ომის დაწყებიდან გასული შვიდი თვის მანძილზე სამართლებრივმა ფრონტმა იმაზე უფრო დიდი მნიშვნელობა მოიპოვა, ვიდრე ეს ოდესმე ომის მიმდინარეობის “ცხელ” ეტაპზე მომხდარა. სამხედრო დამნაშავეების დაუსჯელობა დღეს წარმოუდგენლად და მიუღებლად მოჩანს. პოლიტიკოსებს და დიპლომატებს სხვაგვარად რომც სურდეთ, მსხვერპლის თვალსაწიერიდან ამ საკითხზე კომპრომისი წარმოუდგენელია. ბოსნიის ტრიბუნალის შექმნის შემდეგ ოცდაათი წელია გასული და მსოფლიოც შეიცვალა. თვალის არიდება და დაუსჯელობა დღეს სრულიად მიუღებელად მოჩანს.

მოსკოვი “გენოციდის ცნებით მანიპულირებს”

ომის დაწყებისთანავე, 27 თებერვალს, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ პირველი სარჩელი შეიტანა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში. სარჩელში უკრაინა რუსეთს გენოციდის ბრალდებით მანიპულირებაში ადანაშაულებს, იმაში, რომ ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონებში გენოციდის განხორციელების ყალბი ბრალდება რუსეთმა უკანონო სამხედრო აგრესიის საბაბად გამოიყენა. პირველადი განხილვის შემდეგ, 16 მარტს, სასამართლომ ცამეტი ხმით ორის – რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლების – წინააღმდეგ მოსთხოვა რუსეთს “დაუყოვნებლივ შეეწყვიტა სამხედრო ოპერაციები.” საერთაშორისო სამართლის თანახმად ამ სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად. რუსეთი მას არ დაემორჩილა.

საერთაშორისო სასამართლოებში უკრაინის წარმომადგენელი, ანტონ კორინევიჩი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირმა და ორმოცდასამმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი უკრაინის მიმართვას სასამართლოსადმი. ეს სარჩელი უფრო ადრე, 2014 წელს შეტანილი მეორე სარჩელის პარალელურად განიხილება. ძველი სარჩელი ყირიმის ოკუპაციას და დონბასში შეჭრას ეხება. “ყალბი ბრალდება არ აძლევს ქვეყანას უფლებას, ომი წამოიწყოს მეორე ქვეყნის წინაამდეგ. მოსკოვმა დაარღვია გენოციდის შესახებ 1948 წლის კონვენცია,” ასკვნის კორინევიჩი. ფანსუაზ ბუშე-სოლინიე, ორგანიზაცია “მედიკოსები საზღვრებს გარეშეს” მრჩეველი საერთაშორისო სამართლის საკითხბში გვეუბნება: “უკრაინა სწორად მოიქცა, როცა რუსეთთან დაპირისპირების აქცენტი კანონიერების სფეროზე გადაიტანა და არა სამხედრო ძალთა ბალანსზე ან პროპაგანდის შედარებით სიძლიერეზე.”

პირველი სარჩელის შეტანას უკრაინამ მეორე სარჩელი მიაყოლა, 28 თებერვალს, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს წინაშე, სტრასბურგში, “ადამიანის უფლებების საყოველთაო დარღვევების” მოტივით. ამ სასამართლოს არა აქვს ომის დანაშაულის განსჯის კომპეტენცია, მისი ამოცანაა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის აღსრულების უზრუნველყოფა. პირველად დასკვნაში, რომელიც სასამართლომ 1 მარტს გამოსცა, სასამართლომ მოსთხოვა რუსეთს “თავი შეიკავოს სამოქალაქო პირების წინააღმდეგ სამხედრო შეტევისაგან.” რუსეთმა ეს მოთხოვნაც ყურს მიღმა გაატარა. პირიქით, რაც დრო გადიოდა, რუსების შეტევები სამოქალაქო პირებსა და ობიექტებზე კიდევ უფრო გამწვავდა.

მესამე სარჩელი უკრაინამ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, ჰააგაში შეიტანა, რომელიც ომის დანაშაულის, ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულისა და გენოციდის დანაშაულის განსჯაზეა პასუხისმგებელი. ამ სასამართლოს უკრაინასთან ერთად 39-მა ქვეყანამ მიმართა და პროკურორმა, კარიმ ხანმა მოკვლევა ოფიციალურად 2 მარტს დაიწყო. გამოძიების საგანია რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ 2013 წლის 21 ნოემბრიდან მოყოლებული დანაშაული. ათვლის წერტილად, ანუ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის დასაწყისად, კიივის “მაიდანზე” პირველი დემონსტრაციებია აღებული. მანდატის ამგვარი ინტერპრეტაცია კიივში წინააღმდეგობრივ გრძნობებს აღძრავს. აქ რთული წარმოსადგენია, რომ საერთაშორისო სასამართლო უკრაინელი სამხედროების დევნით დაკავდეს. თუმცა, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ბუნება ასეთია, სარჩელის ორივე მხარე თანაბრად ხვდება გამოძიების ფოკუსში. პროკურორი ხანი უკრაინაში წელს უკვე სამჯერ ჩავიდა და პირობა დადო, რომ მოკვლევა “ობიექტური და დამოუკიდებელი იქნება.”

“უკრაინელები არ აპატიებენ”

24 თებერვლიდან მოყოლებული სხვა იურიდიული ინიციატივები და პროცედურებიც განხორციელდა. ევროპის 14 ქვეყნის მართლმსაჯულებამ თავ-თავიანთი გამოძიება წამოიწყეს “უნივერსალური კომპეტენციის” წესის მოშველიებით, რომელიც ომის დანაშაულში ეჭვმიტანილების მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე გასამართლების უფლებას იძლევა.

რამდენიმე ქვეყანამ ერთიანი გუნდიც შექმნა “ევროჯასთის”, ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის განყოფილების ეგიდით. ამ გუნდის მიზანი ომის დანაშაულის მტკიცებულებების გაცვლაა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ამ გუნდთან თანამშრომლობს, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნების მიერ გაზიარებული მტკიცებულებები სასამართლოსაც მიეწოდება.

გარდა სისხლისსამართლებრივი ორგანოებისა, მოკვლევები დაიწყეს რეგიონულმა ორგანიზაციებმა – ეუთომ, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარიატმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა. მუშაობენ არასამთავრობო ჯგუფებიც – მათ შორის უპირატესია “დილის ხუთი საათის კოალიცია” (სწორედ ამ დროს დაიწყო პირველი შეტევა კიივზე 24 თებერვალს), რომლის წევრებიც 2014 წლიდან აგროვებენ ომის დანაშაულის მტკიცებულებებს.

სამართლებრივ ბრძოლაში ჩართულნი არიან ასევე კერძო იურისტებიც. უკრაინის სასამართლო სისტემას 2015 წლიდან ეხმარება ბრიტანელი ადვოკატი ვეინ ჯორდაში, რომელიც მოსამართლეების კვალიფიკაციის ამაღლებაშია ჩართული. ომის დაწყებისთანავე მან “იურისტების მობილური ჯგუფები” ჩამოაყალიბა ექსპერტების, კრიმინალისტების, და იურისტების მონაწილეობით, რომლებიც ადგილებზე იკვლევენ მტკიცებულებებს.

უკრაინის სასამართლოებს, ბუნებრივია, გამოძიებისა და საქმეების განხილვის უპირველესი მოვალეობა აკისრიათ. 19 სექტემბრის მდგომარეობით, მათ ომის დანაშაულის 34 723 საქმე ჰქონდათ წარმოებაში, 624 ეჭვმიტანილი იყო, 161 – ბრალდებული, ცხრას კი სასჯელი მიესაჯა.

19 სექტემბრის მდგომარეობით, უკრაინის სასამართლოებს ომის დანაშაულის 34 723 საქმე ჰქონდათ წარმოებაში, 624 ეჭვმიტანილი იყო დადგენილი, 161 ადამიანს ბრალი წარედგინა, ცხრას კი სასჯელი მიესაჯა.

სამართლის აღსრულება “მთლიანად უკრაინის საზოგადოების მოთხოვნააო,” ამბობდა გენერალური პროკურორი, ანტონ კოსტინი სექტემბერში, კონფერენციაზე გამოსვლისას და ასკვნიდა – “უკრაინელები არავის აპატიებენ.” კიივში ჯერ არ იციან, როგორ მოახერხებს მათი სასამართლო სისტემა საქმეების ასეთი მოცულობის გამოძიებასა და განხილვას, მაგრამ უკან დახევს არ აპირებენ. “ეს ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ მსხვერპლის ციფრებს კონკრეტული სახელები დაუბრუნდესო,” გვეუბნება ოლეკსანდრა მატვიიჩუკი, იურისტი, რომელიც სამოქალაქო უფლებების ცენტრს განაგებს კიევში.

საკითხი მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, უკრაინას პრიორიტეტული იურისდიქცია გააჩნია ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივი განხილვის საქმეში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ბოლო ინსტანციაა იმ შემთხვევებში, როცა მტკიცებულებები ან დამნაშავეები უკრაინის სასამართლოსათვის მიუწვდომელია – მაგალითად მაშინ, როცა საქმე რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების ბრალდებას შეეხება.

წარსული რვა წლის განმავლობაში, უკრაინასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის ურთიერთობები დაძაბული იყო. უკრაინამ სასამართლოს სტატუტის რატიფიკაციაზე უარი განაცხადა, რითაც ჰააგის პროკურორების გულისწყრომაც გამოიწვია და უკრაინელი აქტივისტების აღშფოთებაც. კიივი იმედგაცრუებული იყო, რომ სასამართლოს პროკურორებმა გამოძიება 2014 წელსვე არ დაიწყეს. თუმცაღა ამაში უკრაინის პასუხისმგებლობის წილიცაა: “ჩვენი ხელისუფლების ნაწილს იმის წარმოდგენაც არ სურს, რომ უკრაინელი ჯარისკაცი ან ოფიცერი შეიძლება ჰააგაში განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს, მითუმეტეს მაშინ, როცა ომი მიმდინარეობს. ეს მიდგომა 2014 წლიდან არსებობს”, გვეუბნება ნადია ვოლკოვა, რომელიც “დილის 5 საათის კოალიციის” წევრი ერთ-ერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტია.

მთავრობის განწყობა იცვლება: უკრაინა დღეს “ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ICC-თანო” გვეუბნება კორინევიჩი, თუმცაღა, უპასუხო კითხვები კვლავაც რჩება. გარდა იმ შესაძლებლობისა, რომ შეიძლება უკრაინელი სამხედროებიც აღმოჩდნენ განსასჯელთა სკამზე, უკრაინელებს ისიც აღელვებთ, რომ სასამართლო შეიძლება რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებს, დანაშაულებრივი ბრძანებების გამცემებს ვერ შესწვდეს. “ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ICC ცალკეული რაზმის ან ბატალიონის მეთაურზე ზევით არ წავა. საუკეთესო შემთხვევაში – გენერლებამდე მიაღწევს. იმედი მაქვს, რომ ვცდები, მაგრამ ვეჭვობ, რომ გამოძიება რუსეთის მთავრობამდე მივა,” გვეუბნება კორინევიჩი. სწორედ ეს ეჭვია მთავარი მიზეზი, რის გამოც უკრაინა აგრესიის დანაშაულისათვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის იდეას ანიჭებს უპირატესობას.

“უკრაინის სახელიც კი უნდა გაქრეს”

იურისტების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ომის დანაშაული და ადამიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული უკრაინაში ომის მიმდინარეობისას უდავოდ მომხდარია. კითხვა ისაა, დაადანაშაულებს თუ არა საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი რუსულ არმიას გენოციდში.

უკრაინაში საზოგადოებრივი აზრი კარგა ხანია ჩამოყალიბდა. ომის დასაწყისშივე, პრეზიდენტი ზელენსკი “გენოციდის ნიშნებზე” საუბრობდა. იგი ამ საკითხს მერეც დაუბრუნდა, როცა აღნიშნა: “თუკი გინდათ იცოდეთ, რას გეგმავს რუსეთი, შეხედეთ, თუ რის დაგეგმვას აბრალებს რუსეთი სხვებს”. ბუნებრივია პრეზიდენტი რუსეთის მხრიდან “გენოციდის” დაუსაბუთებელი ბრალდებების შესახებ საუბრობდა. მარტში, ზელენსკიმ მსოფლიოს მმართველებს მოუწოდა, “შეწყვიტეთ გენოციდი!”, ხოლო აპრილში, ბუჩაში აღმოჩენილი სამხილების ნახვის შემდეგ საბოლოოდ დაასკვნა “ეს გენოციდია!”

იმავე პერიოდში აშშ პრეზიდენტმა, ჯონ ბაიდენმაც გამოიყენა ტერმინი “გენოციდი” და ასე განმარტა “მე ამას “გენოციდს” იმიტომ ვუწოდებ, რომ სულ უფრო ცხადი ხდება, რომ პუტინი ცდილობს უკრაინის არსებობის თავად იდეაც კი ამოშანთოს”. თუმცა წინდახედულად დაამატა, საბოლოო გადაწყვეტილება “იურისტების მისაღებიაო.” საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, თავის მხრივ, უფრო ფრთხილი პოზიცია დაიკავა და აღნიშნა “არ ვარ დარწმუნებული რომ სიტყვიერი ესკალაცია” მშვიდობას ემსახურებაო. “კითხვა ის კი არაა, ჩვენი პოლიტიკოსები არიან თუ არა კარგი იურისტები,” ამბობს ფრანსუაზ ბუშე-სოლინიე, “საქმე ისაა, შეუძლიათ მათ თუ არა მიმდინარე მოვლენების სწორად აღქმა.”

ამერიკელი ისტორიკოსი ტიმოტი სნაიდერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ომებსა და ისტორიის ძალადობრივ ეპიზოდებს იკვლევს. მისთვის ყველაფერი მას შემდეგაა ნათელი, რაც 3 აპრილს, რუსულმა სააგენტომ “რია ნოვოსტი” სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც სნაიდერი “გენოციდის რუსულ სახელმძღვანელოს” უწოდებს. “ეს სახელმძღვანელო სხვა არაფერია თუ არა გენოციდისადმი ყველაზე ნათელი მოწოდება იმათგან, რაც მინახავს,” წერს ისტორიკოსი. “მასში არის მოწოდება უკრაინული სახელმწიფოს განადგურებისაკენ. მასში წერია, რომ უკრაინის ‘მოსახლეობის უმრავლესობა’ შედგება ‘ნაცისტებისაგან’ – ‘უკრაინელი’ და ‘ნაცისტი’ ერთმანეთთანაა გათანაბრებული. ეს “მოსახლეობის უმრავლესობა” – ოცი მილიონი ადამიანი – უნდა მოიკლას ანდა “სამუშაო ბანაკებში” უნდა გაიგზავნოს. გადარჩენილები კი ძალით უნდა “გაანათლონ”. ბავშვები რუსეთში უნდა გააგზავნონ, “განათლების მისაღებად”. წერია, რომ სახელდება “უკრაინაც” კი უნდა გაქრეს”.

“გენოციდის” გამოყენება ორივე მხარის მიერ, ურთიერთბრალდებები, რომ მოწინააღმდეგე “ნაცისტებივით” იქცევა – ყოველივე ეს ყოფილი საბჭოეთის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის მტკივნეულ მეხსიერებას აცოცხლებს. სნაიდერის თქმით, “რუსული ოფიციოზის ენაზე “დენაციფიკაცია” უკრაინული სახელმწიფოსა და უკრაინელი ერის განადგურებას ნიშნავს. “ნაცისტი” მათთვის უბრალოდ ყველა ის ადამიანია, რომელიც თავს უკრაინელად თვლის, უკრაინელი, რომელიც არ აღიარებს, რომ ‘სინამდვილეში’ ის რუსია.”

განზრახულობის პრობლემა

როცა საქმე უკრაინაში გენოციდის სამართლებრივ დადგენას ეხება, იურისტების აზრები იყოფა – სხვადასხვაგვარად ფიქრობენ კიივის ინტერესების დამცველებიც კი. ფილიპ სანდსის თქმით “რუსეთის მხრიდან არსებობს გენოციდური რიტორიკა, მაგრამ “გენოციდის დანაშაულის” დამტკიცება იოლი არაა. იმისთვის, რომ გენოციდი სამართლებრივად დადგინდეს, უნდა დამტკიცდეს დამნაშავის შემოქმედის განზრახულება, გაანადგუროს ადამიანების გარკვეული ჯგუფი, მთლიანად ან ნაწილობრივ. ომის დანაშაულის ანდა ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შემთხვევაში განზრახულობის დამტკიცება არაა საჭირო.”

ჟაკ სემელინი, პოლიტოლოგი და ისტორიკოსი, გენოციდის და ისტორიაში განსაკუთრებული სისასტიკის ეპიზოდების მკვლევარია. არა-იურისტებს შორის, ის აღიარებული ავტორიტეტია ამ სფეროში. მისი აზრით “უკრაინელები ცნება ‘გენოციდს’ მასობრივი მკვლელობის გაგებით იყენებენ, ეს უფრო ემოციური განსაზღვრებაა”. ის ადასტურებს ასევე, რომ “ნათელია პუტინის განზრახვა, გაანადგუროს ეროვნული იდენტობა, უკრაინული იდენტობა”. ამასთან, სემელინი ხაზს უსვამს, რომ 1948 წლის კონვენცია გენოციდის შესახებ ნათლად აცხაებს, რომ “გენოციდის დანაშაული” წარმოადგენს “ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ანდა რელიგიური ჯგუფის ან მისი ნაწილის განადგურების განზრახვას”. თუკი უკრაინაზე ვსაუბრობთ, ნათელია, რომ საუბარი ეროვნულ ჯგუფს ეხება და უნდა სამართლებრივად უნდა დადასტურდეს სწორედ ამ ჯგუფის განადგურების წინასწარი განზრახვა.

სემელინი ეჭვობს, რომ გამოძიება “მოიპოვებს ბრძანებას, რომლითაც ადამიანების ჯგუფის განადგურების მითითება იყო გაცემული, სწორედ ეროვნული ნიშნით,” თუმცაღა ამბობს, რომ ეს იურისტების გადასაწყვეტია, რუანდისა და ბოსნიის შემთხვევების პრეცედენტებზე დაყრდნობით, ეპიზოდებისა, რომლებიც უახლოეს წარსულში საერთაშორისო მართლმსაჯულების მიერ “გენოციდად” შეფასდა.

უილიამ ვაილი, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამომძიებელი რუანდასა და იუგოსლავიაში, ფრიად პატივსაცემი “მართლმსაჯულებისა და პასუხისმგებლობის საერთაშორისო კომისიის” დამფუძნებელი, ამბობს, რომ “რუსების ბრალდება, რომ დონბასში გენოციდი ხდებოდა ნონსენსია, იმიტომ, რომ ეს რეგიონი რუსეთის კონტროლს ექვემდებარება,” თუმცაღა იმასაც უმატებს, რომ “არ არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთის სახელმწიფომ უკრაინელი ხალხის განადგურება დაგეგმა.” “უკრაინაში გენოციდს არა აქვს ადგილი,” თვლის ვაილი. “გენოციდი იდეით იწყება, მთავარია განზრახულება. მართალია, ზოგიერთი რუსი პროპაგანდისტის სიტყვები შეიძლება გენოციდურ განზრახვად ჩაითვალოს, მაგრამ უკრაინელების მხრიდან [რუსული სახელმწიფოს მიერ განზრახული] გენოციდის დანაშაულზე საუბარი ნაჩქარევია.”

“თითოეული ქვეყნის ვალდებულება”

კიივში, იურისტები მთავრობის მიერ აღებულ კურსს ეთანხმებიან. ბატონი გნატოვსკი აღიარებს, რომ ამ ეტაპზე “რთულია იმის თქმა, მიმდინარეობს თუ არა გენოციდი უკრაინაში.” თუმცა აცხადებს, “იმისგან განსხვავებით, რაც 2014 წელს მოხდა, რასაც გენოციდს ვერ დავარქმევდი, 2022 წლის თებერვალს დაწყებული ომი ბევრად უფრო ახლოს დგას საერთაშორისო სამართლის მიერ ეროვნულ ნიადაგზე ადამიანების ჯგუფების დევნის უკვე აღიარებულ შემთხვევებთან.” ანტონ კორინევიჩი ამბობს, რომ მისი “შეგრძნებით, უკრაინელი ხალხის გენოციდს აქვს ადგილი.”

ის ოფიციალური ხაზი, რასაც უკრაინელი იურისტებიც ეთანხმებიან, 22 ივლისს, გერმანულ “დერ შპიგელში” გამოქვეყნებულ სტატიაში ჩამოაყალიბა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. სტატიას ერქვა “მოვიდა დრო რუსულ სამხედრო კამპანიას უკრაინაში გენოციდი დაერქვას.” უკრაინული დიპლომატიის თავკაცი თავადაც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია და იმ ფაქტს ეყრდნობა, რომ “რუსეთის მმართველებმა, ოფიციალურმა პირებმა და საჯარო ფიგურებმა გენოციდის იდეოლოგიური საფუძველი შექმნეს.” ის ვლადიმირ პუტინის 2021 წელს გამოქვეყნებულ ესსეს იმოწმებს, “რუსებისა და უკრაინელების ერთობის შესახებ”, როგორც უკრაინელების არსებობის უარყოფის მაგალითს. ამ სტატიის თანახმადაც, თვლის ბატონი კულება, პუტინი უკრაინელებს ორ არჩევანს უტოვებს: “ან აღიარონ რუსებთან ერთ ერად ყოფნა, ან განადგურდნენ.”

მინისტრი ასევე იშველიებს სახელმწიფო სააგენტო “რია ნოვოსტის” გვერდზე, 26 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორიც, ვინმე პიოტრ აკოპოვი, მიესალმებოდა “ვლადიმირ პუტინის მზადყოფნას, თავის თავზე აეღო ისტორიული პასუხისმგებლობა და უკრაინელების საკითხის საბოლოო გადაწყვეტა მომავალი თაობებისთვის არ გადაელოცა.” “საბოლოო გადაწყვეტა” – ასეთია წერილობითი ფორმულა, თუმცა რთული დასამტკიცებელია, რამდენად იაზრებდა ავტორი მისი ფორმულირების თანხვედრას ნაცისტების მიერ ებრაული საკითხის “საბოლოო გადაწყვეტის” გეგმასთან. ბატონი კულება ასევე “გენოციდარულ განცხადებებად” თვლის დმიტრი მედვედევის, რუსეთის უშიშროების საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის დეკლარაციებს, რომელთა მსგავსიც შემდეგ მრავალჯერ გაიმეორეს რუსეთის სახელმწიფო არხებზე.

და ბოლოს, ბატონი კულება იმოწმებს რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილ “მასობრივ მკვლელობებს” და “დეპორტაციას – იძულებითს ან ძალის გამოყენების მუქარით – რომელსაც უკრაინის მოსახლეობა დაექვემდებარა” ამ ტერიტორიებზე.

დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების რიცხვმა ივლისისათვის 300 ათასს გადააჭარბა. მათი “რუსუფიკაციის” გაცხადებული ნება იურისტების აზრით საკვანძო ელემენტი იქნება გენოციდის დანაშაულის არსებობის დასამტკიცებლად.

ეს დებატი უდავოდ შემდეგშიც გაგრძელება. ბუშე-სოლნიე თვლის, რომ “ომს გადარჩენილებს აქვთ უფლებაც და ვალდებულებაც, საკუთარი სიტყვით აღწერონ ის, რაც გადაიტანეს. ყველას აქვს უფლება დანაშაულს სახელი დაარქვას – გინდ უკრაინელს და გინდაც რუსს.” ჟაკ სემელინი კი ასკვნის: “ალბერ კამიუს ცნობილი გამოთქმაა ‘თუკი საგნებს სახელი არასწორად დავარქვით, მსოფლიოს უბედურებას ერთ წვეთს შევმატებთო’ – დანაშაულს ზუსტი სახელი უნდა დაერქვას”.

ფილიპ სანდსი ამასობასი ლვივში დასაბრუნებლად ემზადება და ამბობს, რომ რაფაელ ლემკინის მიერ გამოგონილ ცნებას “თავისებური მაგია გააჩნია. ის სისაზარლეს აღწერს. დანაშაულთაგან ყველაზე უარესს”. აღიარებს რა, რომ თავადაც “ეპიზოდური როლი” ითამაშა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტის დაწერაში, სანდსი იგონებს, რომ კოლეგასთან ერთად, წესდების სამუშაო ვერსიაზე მუშაობისას, პრეამბულაში შეიტანეს “ყოველი ქვეყნის ვალდებულება, გაავრცელონ საკუთარი სისხლის სამართლებრივი იურისდიქცია საერთაშორისო დანაშაულში ბრალდებულებზე.” სანდსის თქმით, გაკვირვებული დარჩა, რომ ეს ფორმულირება დიპლომატიურ განხილვებს გადაურჩა და რომ ისტორიაში პირველად, ქვეყნებმა ეს ვალდებულება აღიარეს.

ახლა, როცა უკრაინაში ომია, ეს ვალდებულება ამ ქვეყნებს მოქმედებისკენ მოუხმობს.


დავიმახსოვროთ:

უკრაინის მართლმსაჯულება უფლებამოსილია აგრესიისა და ომის დანაშაულის გამოძიებასა და განსჯაზე ეჭვმიტანილთა მიმართ, გარდა იმ პირებისა, ვისაც დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) 2017 წლიდან დაავალეს გაეროს წესდების თანახმად დაედგინა, დაირღვა თუ არა რასობრივი დისკრიმინაციის აღკვეთის საერთაშორისო კონვენცია (ყირიმისა და დონბასის შემთხვევაში), ხოლო 26 თებერვალს, რუსეთის წინააღმდეგ შევიდა სარჩელი გენოციდის აღკვეთის შესახებ კონვენციის დარღვევის შესახებ მოკვლევის დასაწყებად.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) 2014 წელს მიმართეს, ხოლო მოკვლევა ამა წლის 2 მარტს გაიხსნა. ამ სასამართლოს ომის დანაშაულის, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისა და გენოციდის თემებზე აქვს იურისდიქცია. ამ შემთხვევაში, ის ვერ განსჯის აგრესიის დანაშაულს, რადგანაც არც რუსეთს და არც უკრაინას არ გაუკეთებიათ მისი წესდების რატიფიკაცია.

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოში (ECtHR) სარჩელი 28 თებერვალს შეიტანა უკრაინამ და მოსთხოვა რუსეთს “თავი შეეკავებინა სამხედრო შეტევისაგან” სამოქალაქო პირების წინაარმდეგ. ამ სასამართლოს იურისდიქცია შეზღუდულია მას შემდეგ, რაც რუსეთი 15 მარტს ევროპის საბჭოდან გარიცხეს.

უნივერსალური იურისდიქციის მოშველიებით, თოთხმეტი ქვეყნის მართლმსაჯულებამ გახსნა გამოძიება უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების შესახებ.

აგრესიის დანაშაულის განსასჯელი სპეციალური ტრიბუნალის შექმნა ჯერ კიდევ იგეგმება.


ფრანგულიდან თარგმნა ჯაბა დევდარიანმა

პირველწყარო
Ukraine : le monde face aux crimes d’une guerre