ევროპამთავარი თემა

საფრანგეთმა “უმართავი” პარლამენტი მიიღო?

ფრანგებმა მაკრონს საარჩევნო ალიყური გააწნეს

რა მოხდა?

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ბლოკმა “ერთად!” საპარლამენტო არჩევნები მოიგო, ოღონდ ვერც უმრავლესობა დაიბევა და არც მმართველი კოალიციის შექმნის შესაძლებლობა აქვს.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

თუკი პრეზიდენტს უმრავლესობა არ ექნება, კანონების მიღება გაჭირდება, რამაც პოლიტიკური კრიზისი შეიძლება გამოიწვიოს.

ანალიზი

არჩევნების შედეგმა ფრანგული პოლიტიკური სპექტრის სამფად დაყოფა დაადასტურა. საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში სულ 577 დეპუტატია. უმრავლესობაა 289. მაკრონის “ერთობამ!” 246 მანდატი მიიღო, მემარცხენე პოპულისტების ალიანსი NUPES მეორეზე გავიდა 142 მანდატით, მესამეზეა ულტრამემარჯვენე მარინე ლე პენის “ეროვნული ერთობა” 89 მანდატით, შემდეგ მოდის მემარჯვენე ცენტრისტების გაერთიანება 64 მანდატით და ბოლოს მემარცხენეები რომლებიც ალიანსში არ შევიდნენ – 13 მანდატით. დანარჩენ ჯგუფებს ათზე ნაკლები მანდატი ექნებათ.

მემარჯვენეების უარი

აღნიშნულ ვითარებაში, მაკრონისთვის ყველაზე ლოგიკური იქნებოდა სტაბილური მმართველი კოალიციის შექმნა მემარჯვენე ცენტრისტებთან. თუმცაღა, ორ ჯგუფს შორის დიდი ხანია პოლიტიკური შუღლია. წინასაარჩევნო პერიოდში, მაკრონი მემარჯვენეებისგან კანდიდატების გადმოქაჩვას ცდილობდა. იდეოლოგიურადაც ბევრი განსხვავებაა. მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენე პარტიების ზოგიერთმა წევრმა “ქვეყნის პროგრესის უზრუნველსაყოფად” კოალიციის შესაძლებლობაზე დაასველა სიტყვა, “რესპუბლიკელების” – მემარჯვენე ცენტრისტების წამყვანი პარტიის – ლიდერმა, კრისტიან ჟაკობმა მტკიცედ განაცხადა, ჩვენი პარტია ოპოზიციაში დარჩებაო.

მართვის შეუძლებლობა?

მაკრონის ბანაკში ამბობენ, ისეთი შედეგებია, არჩევნები არავის მოუგია, აი, ჩვენ კი ნამდვილად წავაგეთო. საფრანგეთში იმედი ჰქონდათ, რომ საკონსტიტუციო რეფორმით, რომლითაც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთ წელს ტარდება, შემცირდებოდა იმის შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტის პარტია უმრავლესობას ვერ მიიღებდა. თუმცა შედეგი სახეზეა.

პრემიერ მინისტრ ელიზაბეტ ბორნის თქმით, საჭიროა ისეთი ჯგუფის შექმნა, რომელიც “ქვეყანას წინ წაიყვანს”. ბუნებრივია, მმართველი პარტია პოტენციურ კრიზისზე პასუხისმგებლობის გადაკისრებას ოპოზიციაზე ცდილობს, თუმცა რჩება კითხვა: როგორ აპირებს მაკრონის მთავრობა კანონების დამტკიცებას.

თუკი მემარჯვენეებთან ალიანსი შეუძლებელი შეიქნა, ყოველ კანონზე სიტუაციური კოალიციების შექმნა გახდება საჭირო ზომიერ მემარჯვენე ან მემარცხენე დეპუტატებთან. თუმცა პოპულისტი ჟან-ლუკ მელანშონისა და მემარჯვენე რადიკალის, მარინე ლე პენის და მათი ერთგული მხარდამჭერების დარბაზში ყოფნა მაკრონს არაკონსტრუქციულ საპალამენტო ცირკს უქადის, სადაც ასეთი ალიანსებისთვის შესაძლოა სივრცე აღარც იყოს. მეორე მხრივ, სწორედ ექსტრემისტების რადიკალურობამ შეიძლება უბიძგოს ზომიერებს სხვა ალიანსებიდან საპრეზიდენტო ბანაკისკენ.

უდღეური პარლამენტი?

მმართველი გუნდის მრჩევლები – ჯერჯერობით ჩუმად და ანონიმურად – უკვე ეუბნებიან პრესას, რომ თუკი პარლამენტი ქმედუუნარო აღმოჩნდა, მაკრონს მისი დათხოვნა უკვე ერთ წელიწადში მოუწევსო. ფრანგული კანონით, პარლამენტის დათხოვნა პრეზიდენტს სრული წლის გასვლის შემდეგ შეუძლია. იურისტები ამბობენ, ეს ახლადარჩეულ საკანონმდებლო ორგანოს არ ეხება, უბრალოდ ერთხელ თუ დაითხოვა პარლამენტი, მეორედ დათხოვნამდე ერთი წელი უნდა აცალოსო. თუმცაღა, მაკრონის პარტიას გამარჯვების უკეთესი შანსი ახლა არ ექნება და ალბათ ადროვებს გუშინ არჩეულ პარლამენტს თავის გამოჩენას.

კრიტიკოსები, მათ შორის მეზობელი ევროპელები, მიუთითებენ, ჯერ პარლამენტი არ არჩეულა და უკვე დათხოვნაზე ლაპარაკი რომ დაიწყო, ფრანგული პოლიტიკის არქაულობაზე და პოლარიზაციაზე მიუთითებსო. მართლაც, საპარლამენტო რესპუბლიკებში ამგვარი უმრავლესობის მიღება არაა უჩვეულო ამბავი, ურიგოდ სულაც არ ითვლება და კომპრომისებიც ადვილად მოიძებნება ხოლმე. თუმცა ფრანგული შერეული რესპუბლიკა, მაინც საპრეზიდენტო პრიმატს აღიარებს და მორიგების ტრადიციაც ნაკლებად არსებობს.

ანტისისტემური გარღვევა

მართვის ეფექტურობა გვერდზე რომ გადავდოთ, საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფრანგული პოლიტიკა ღრმა კრიზისშია. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი დიდი პოლიტიკური დაჯგუფებების – სოციალისტებისა და მემარჯვენეების – რღვევა დასრულდა. მათი ნანგრევებზე მაკრონმა ფრიად არასტაბილური ცენტრი კი შეაკოწიწა, მაგრამ გზა ერთი მხრივ რადიკალურ, ანტისისტემურ ჯგუფებს გაეხსნა, მეორე მხრივ კი – ამომრჩევლების აპათიას.

  • მემარცხენე პოპულისტების მეთაური ჟან-ლუკ მელანშონი ანტისისტემური პოლიტიკის მებაირახტრე და “ყვითელი ჟილეტების” მეგობარია. ის ისეთ რეფორმებს ეწინააღმდეგება, რომლებიც საფრანგეთის ეკონომიკის ასამუშავებლად აუცილებელია – მათ შორის სოციალური დაცვისა და პენსიის კანონების რეფორმებს. მისი ფრაქცია უდიდესი ოპოზიციური ჯგუფი იქნება მაშინაც კი, თუკი ალიანსი NUPES ერთობას ვერ შეინარჩუნებს და მიტმასნილი მწვანეები და სოციალისტები ჩამოშორდებიან.
  • უდიდეს გამარჯვებას ზეიმობს მარინე ლე პენი, რომელიც მაკრონთან საპრეზიდენტო შეჯიბრში კი დამარცხდა მეორედ, სამაგიეროდ საკუთარი პარტიის მანდატების რაოდენობა რვიდან – 89-მდე გაზარდა. ულტრამემარჯვენეების ასეთი წარმატება ბევრ ფრანგისთვის შოკისმომგვრელია. მაკრონის პარტია პრეზიდენტს კიცხავს – წინასაარჩევნოდ მთელი ენერგია მელანშონის წინააღმდეგ მივმართეთ და ლე პენი გაგვეპარაო. თუმცაღა, აშკარაა რომ უკანასკნელ ათწლეულებში ლე პენმა ტრადიციული ფაშისტური, მარგინალური ამომრჩევლის გარდა, ეკონომიკური კრიზისით გაღატაკებული ქვედა და საშუალო კლასების წარმომადგენლები მიიმხრო და სერიოზულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს.

მაშინ, როცა ეს ორი ჯგუფი საფრანგეთის რესპუბლიკის კონსტიტუციურ საფუძვლებს განზრახ არყევს, კიდევ უფრო პრობლემური ჩანს მოქალაქეთა იმედგაცრუება დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი. ამომრჩევლის 54.5% არ მივიდა გუშინ საარჩევნო ყუთებთან (წინა, 2017 წლის არჩევნებში კიდევ უფრო უარესი სურათი იყო – 57%-მა არ მიიღო მონაწილეობა).

ყოველივე ეს ნათლად უჩვენებს, რომ მაკრონის თეზისი იმის შესახებ, რომ ფრანგული პოლიტიკა ძირეულადაა შესაცვლელი, სწორია, თუმცა იმასაც ადასტურებს, რომ გასული ხუთწლედის განმავლობაში მაკრონმა ფრანგების გულებისაკენ წინსვლა ნაკლებად შეძლო.

რა მოხდება ახლა

საფრანგეთი პოლიტიკური დუღილის ფაზაში შედის. პარლამენტში გასული მოწინავე დაჯგუფებები საკმაოდ მყიფეა. მელანშონის ყელყელაობამ შეიძლება მას უფრო ზომიერი მწვანეების და სოციალისტების მხარდაჭერა დაუკარგოს და მისი NUPES უდღეური აღმოჩნდეს.

ვერაა კარგად საქმე საპრეზიდენტო კოალიციაშიც. “ერთად!” მდგომნი მთლად კარგად ვერ უგებენ ერთმანეთს. გასული საპარლამენტო მანდატი მაკრონმა პარტიის ასაშენებლად არ გამოიყენა. დეპუტატების უპირობო მორჩილება მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ახალი ლიდერების გამოკვეთა. ახლა კი, როცა მისი ბოლო მანდატი მიმდინარეობს, პარტიული შენობა კვლავაც ძალით შეკოწიწებულს წააგავს. მარცხით გამოწვეულმა შინაბრძოლამ შეიძლება მისი პარტიული ფრაქცია კიდევ უფრო მცირე ნაწილებად დაშალოს.

ამ ორთან შედარებით, ლე პენის ჯგუფი პოლიტიკურ ბრძოლებში გამობრძმედილი და შედარებით სტაბილური ჩანს. ასეთი გამარჯვების შემდეგ ლე პენს არავინ შეეცილება ლიდერობას. ისიც გამარჯვებით მოტანილ სახელმწიფო დაფინანსებას თავისი პარტიული ორგანიზაციების გასაძლიერებლად გამოიყენებს და შემდეგი – თუნდაც ვადამდელი – არჩევნებისთვის უფრო მეტის გაკეთებას შეეცდება.

ჩვენი გადმოსახედიდან

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში საგარეო პოლიტიკა დიდ როლს არ თამაშობდა. პარტიული ჯგუფის მიუხედავად, არჩეული დეპუტატების დიდი ნაწილი შეერთებულია უკრაინის მხარდამჭერ პეტიციას. ისედაც, საგარეო პოლიტიკა პრეზიდენტის პრეროგატივაა და მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც, ამ მხრივ პარიზის პოლიტიკა არ შეიცვლება.

სხვა საქმეა ევროკავშირი: ამ მხრივ მელანშონიც და ლე პენიც ბრიუსელის თავგადადებული კრიტიკოსები არიან და არც გაფართოებას ემხრობიან. თუმცაღა საერთო-ევროპულ თემატიკაზე თუ მიდგა საქმე, ჩოჩქოლი კი იქნება, თუმცა პრეზიდენტ მაკრონს წესით პარლამენტში უმრავლესობის შეკრება არ უნდა გაუჭირდეს.

მოამზადა ჯაბა დევდარიანმა ფრანგულ პრესაზე და საკუთარ თავზე დაყრდნობით

Back to top button