Placeholder canvas
ევროპაევროპის მოამბემთავარი თემა

უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა ხსოვნისა და შერიგების დღეს, 8 მაისს

შეიძლება კი გაზაფხული შავ-თეთრი იყოს? ნუთუ არსებობს უსასრულო თებერვალი? გასდის კი ყავლი ოქროს სიტყვებს? უკრაინამ, სავალალოდ, იცის პასუხი ამ კითხვებზე. სამწუხაროდ, პასუხია – დიახ.

ყოველ წელს, 8 მაისს, მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ყოველ იმ ადამიანს ვიხსენებთ, ვინც პლანეტას მეორე მსოფლიო ომის დროს ნაციზმისაგან იცავდა. მილიონობით დაკარგული სიცოცხლე, დამახინჯებული ბედისწერა, ნაწამები სულები და მილიონობით მიზეზი გვეთქვა ბოროტებისთვის: აღარასოდეს!

ვიცოდით წინაპრების მიერ ამ სიბრძნის მოსაპოვებლად გადახდილი ფასი. ვიცოდით მომავალი თაობისთვის მისი გადაცემის მნიშვნელობა. ოღონდ არც კი ვეჭვობდით, რომ ჩვენი თაობა გახდებოდა ამ სიტყვების გაბახების მოწმე, აღმოვაჩენდით, რომ ეს ფიცი ყველასათვის როდი წარმოადგენდა ჭეშმარიტებას.

წელს ეს სიტყვა “აღარასოდეს” სხვაგვარად ჩაგვესმის, ტკივილიანად და სასტიკად. ძახილის ნიშნის ნაცვლად – კითხვისაა. თქვენ ამბობდით, აღარასოდეს? მაშ, უკრაინას რას ეუბნებით?!

24-მა თებერვალმა ამოშანთა სიტყვა “აღარასოდეს”, დახვრიტა და ბომბებით გაასწორა მიწასთან. დილის ოთხზე ასობით რაკეტით მთელი უკრაინა გააღვიძეს, საშინელი აფეთქებების ხმამ შეგვახსენა – ისევ მოხდება!

ქალაქი ბოროდიანკა ამ დანაშაულის მრავალთაგან ერთი მსხვერპლია. ჩემს უკან – მისი ერთ-ერთი მოწმე. არა სამხედრო ობიექტი, არა საიდუმლო ბაზა, უბრალო ცხრასართულიანი. ნუთუ ის რუსეთის ფედერაციისათვის, ხმელეთის ერთი მერვედისათვის, მსოფლიოს მეორე არმიისათვის, ატომური იარაღის მქონე ქვეყნისათვის საფრთხეს წარმოადგენდა? შეიძლება იყოს რამე უფრო უაზრო, ვიდრე ეს შეკითხვა? დიახ, შეიძლება.

250 კილოგრამიანი ფუგასური ბომბები, რომელიც ზესახელმწიფომ ამ პატარა ქალაქს წვიმასავით დაუშინა – და გააშეშა. ეს ქალაქი ვეღარ იტყვის “აღარასოდეს!” ის დღეს ვეღარაფერს ამბობს, მაგრამ უსიტყვოდაც ყველაფერი ნათელია.

შეხედეთ ამ სახლს. აქ ოდესღაც კედლები იყო. კედლებზე – ფოტოები. ფოტოებზე – ეგებ ისინიც, ვინც ოდესღაც იმ ომის საშინელება გადაიტანა. ორმოცდაათამდე მამაკაცი, რომლებიც გერმანიაში გაირეკეს იძულებითი შრომისათვის. ეგებ ისინიც, ვინც ნაცისტებმა ცოცხალი გამოწვეს ასამდე ოდაში.

250 ჯარისკაცი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის ველზე დაეცნენ და ბოროდიანკას ათასამდე მოსახლე ვინაც იბრძოლა და ნაციზმზე იმარჯვა, რათა ეთქვათ “აღარასოდეს!” იბრძოდნენ თავისი შვილების მომავლისათვის, სიცოცხლისათვის, რომელიც აქ 24 თებერვლამდე ჩქეფდა.

წარმოიდგინეთ, როგორ წავიდნენ დასაძინებლად ამ სახლში. როგორ უსურვებენ ერთმანეთს ღამენებისას, აქრობენ შუქს, საყვარელ ადამიანებს ეხვევიან, თვალებს ხუჭავენ, ოცნებობენ. სრული სიჩუმე. ყველა იძინებს და არ იციან, რომ ყველა ვეღარ გაიღვიძებს. სძინავთ ღრმად, ესიზმრებათ რაღაც ნათელი. რამდენიმე საათში მათ რაკეტების აფეთქება გამოაღვიძებს. ბევრი კი ვეღარასოდეს გაიღვიძებს. აღარასოდეს.

ამ ლოზუნგიდან “აღარ” წაშალეს, სპეცოპერაციით ამოკვეთეს, გულში ლახვარი ჩასცეს, თვალებში ჩახედეს და უთხრეს – “ეს ჩვენ არ გვიქნია!” აწამეს სიტყვებით “ყველაფერი ასე ერთმნიშვნელოვნად არაა.” მოკლეს “აღარასოდეს!” თქვეს: “შეგვიძლია გავიმეოროთ კიდეც”.

ასეც მოხდა. მახინჯებმა გამეორებათა სერია დაიწყეს. ჩვენმა ქალაქებმა, რომლებმაც ისეთი ოკუპაციის სისასტიკე გადაიტანეს, რომ 80 წელი არ აღმოჩნდა საკმარისი მის დასავიწყებლად, კვლავაც ჩახედეს თვალებში ოკუპანტებს და ისტორიაში ოკუპაციის მეორე თარიღი მიიღეს. ზოგოერთმა ქალაქმა კი, მაგალითად მარიუპოლმა – მესამეც. ოკუპაციის ორი წლის განმავლობაში ნაცისტებმა მარიუპოლში 10 ათასი მშვიდობიანი მოსახლე შეიწირეს. ოკუპაციის ორი თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციამ აქ 20 ათასი ადამიანი მოკლა.

მეორე მსოფლიო ომიდან ათწლეულების შემდეგ ბნელეთი დაბრუნდა უკრაინაში. ცხოვრება ისევ შავ-თეთრი გახდა. კიდევ ერთხელ! ბოროტება დაბრუნდა. კიდევ ერთხელ! სხვა უნიფორმით, სხვა ლოზუნგებით, მაგრამ იმავე მიზნით. უკრაინაში ნაციზმის სისხლიანი რეკონსტრუქცია მოაწყვეს. იმ რეჟიმის ფანატიური მიმბაძველობა. მისი იდეები, მოქმედებები, სიტყვები და სიმბოლოები. მისი სიმხეცის მანიაკალური – დეტალების ჩათვლით – გამეორება, მისი “ალიბის” გამეორება, რომელიც თითქოს ამ სიმხეცეს წმინდა მიზნის მანტიაში ფუთავდა. მისი დანაშაულის გამეორება და თითქოს “მასწავლებელზე წარმატებით” მოქცევის მცდელობაც კი, გეგონება კაცობრიობის უდიდესი ბოროტების კვარცხლბეკიდან ნაციზმის ჩაჩოჩება სურდეთო, ქსენოფობიის, სიძულვილის, რასიზმის მსოფლიო რეკორდის მოხსნა, მისი მსხვერპლის რაოდენობით გადაჭარბება.

აღარასოდეს! ეს იყო აზრიანი ადამიანისადმი მიმართული ოდა, ცივილიზებული სამყაროს ჰიმნი! თუმცა ვიღაც ყალბად აყოლებდა ხმას, აკორდი “აღარასოდეს” ეჭვის ნოტებით შელანძღა. ჩააჩუმა ბოროტების მკვლელი არიით. ეს ყველა იმ ქვეყნისათვისაა ცხადი, ვისაც ნაციზმის ბოროტება თავისი თვალით უნახავს და ახლა დეჟავიუს გრძნობა აწუხებთ, აეხილათ რა თვალი!

ყველა ერი, ვისაც “მესამეხარისხოვნად” თვლიდნენ, მონებად რაცხავდნენ, საკუთარი ქვეყნის ქონის უფლებას ართმევდნენ, ყველანი ხედავენ და ესმით განცხადებები, რომლებიც ადიდებს ერთ ნაციას, სხვებს კი შლის ისტორიიდან. გვეუბნებიან – თქვენ არ არსებობთ, ხელოვნურად ხართ შექმნილნი და, შესაბამისად, უფლებებიც არ გაგაჩნიათ. ყველას ესმის ბოროტების ხმა. ეს ისევ მოხდა!

ყველა აცნობიერებს მტკივნეულ სიმართლეს: ერთი საუკუნეც კი ვერ გავძელით. ჩვენმა ფიცმა “აღარასოდეს!” მხოლოდ 77 წელი გასტანა. ბოროტების აღმასვლა ვერ შევნიშნეთ. ის აღორძინდა. აღორძინდა ისევ და დღეს.

ეს ესმის ყველა იმ ქვეყანასა და ხალხს, ვინც დღეს უკრაინას უჭერს მხარს. მერე რა, რომ მხეცს ახალი ნიღაბი აქვს მორგებული – ის მაინც იცნეს. იმიტომ, რომ ზოგიერთებისაგან განსხვავებით ახსოვთ, რისთვის და რის წინააღმდეგ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები. პირველი მეორეში არ აურევიათ, ადგილები არ გადაუნაცვლებიათ, არ დავიწყნიათ.

არ დავიწყნიათ პოლონელებს, ვის მიწაზეც ნაცისტებმა თავისი მარში დაიწყეს და მეორე მსოფლიო ომის პირველი ტყვია ისროლეს. არ დავიწყნიათ, რომ ბოროტება ჯერ შენ გაბრალებს ყველაფერს, პროვოკაციებს გიწყობს, აგრესორს გიწოდებს მერე კი დილის 4 საათსა და 45 წუთზე გესხმის თავს და ამბობს – თავს ვიცავო. მათ დაინახეს, როგორ განმეორდა ეს ყოველივე ჩვენს მიწაზე. მათ ახსოვთ ნაცისტების დანგრეული ვარშავა. ისინი ხედავენ, რა უქნეს მარიუპოლს.

არ დავიწყნიათ ბრიტანელებს, როგორ აღგავეს ნაცისტებმა ქოვენთრი პირისაგან მიწისა, 41 დაბომბვით. როგორ გაისმოდა “მთვარის სონატა” ლუფტვაფეს თვითმფრინავებიდან, როცა ქალაქს 11 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ბომბავდნენ. როგორ დაანგრიეს მისი ისტორიული ცენტრი, ფაბრიკები, წმინდა მიხეილის ტაძარი. და მათ დაინახეს, როგორ ესროდნენ რაკეტებს ხარკოვს, როგორ დააქციეს მისი ისტორიული ცენტრი, მისი ქარხნები, მიძინების წმინდა ტაძარი. მათ ახსოვთ როგორ ბომბავდნენ ლონდონს განუწყვეტლივ, 57 დღე. როგორ ეცემოდნენ “ფაუს” რაკეტები ბელფასტს, პორთსმუთს, ლივერპულს. და ისინი ხედავენ, როგორ ეცემა ფრთოსანი რაკეტები ნიკოლაევს, კრამატორსკს, ჩერნიგოვს. მათ ახსოვთ, როგორ ესროდნენ ბირმინგემს და როგორ ხვდება მის დაძმობილებულ ქალაქს – ზაპოროჟიეს.

არ დავიწყნიათ ნიდერლანდელებს, თუ როგორ იქცა როტერდამი მეორე მსოფლიო ომში სრულიად განადგურებულ პირველ ქალაქად მაშინ, როცა ნაცისტებმა 97 ტონა ბომბი დააყარეს.

არ დავიწყნიათ ფრანგებს. მათ ახსოვთ ორადურ-სურ-გლენში ცოცხლად დამწვარი ხუთასი ქალი და ბავშვი, მასობრივი ჩამოხრჩობა ტიულში, სასაკლაო სოფელ ასკში. მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ოკუპირებულ ლილში. და მათ დაინახეს რა ჩაიდინეს ბუჩაში, ირპენში, ბოროდიანკაში, ვოლკოვახაში, ტროსტიანეცში. ისინი ხედავენ, როგორ მოახდინეს ხერსონის, მელიტოპოლის, ბერდიანსკისა და სხვა ქალაქების ოკუპაცია, და რომ იქაური მოქალაქეები არ ნებდებიან, გამოდიან მრავალათასიან საპროტესტო აქციებზე, რომელსაც ოკუპანტები ვერ უმკლავდებიან და ერთადერთი, რასაც ახერხებენ – ესაა ესროლონ მშვიდობიან ადამიანებს.

არ დავიწყნიათ ჩეხებს, თუ როგორ გაანადგურეს ნაცისტებმა ერთ დღე-ღამეში სოფელი ლიდიცე და მხოლოდ დანახშირებული სახლები დატოვეს. მათ დაინახეს, როგორ გაანადგურეს პოპასნია ისე, რომ ნაცარიც კი არ დარჩენილა. არ დავიწყნიათ ბერძნებს, რომლებმაც მასობრივი მკვლელობები და დახვრეტები, ბლოკადა და დიდი შიმშილი გადაიტანეს.

არ დავიწყნიათ ამერიკელებს, რომლებიც ბოროტებას ორ ფრონტზე ებრძოდნენ, მოკავშირეებთან ერთად გამოიარეს პერლ-ჰარბორი და დანკერკი. და ჩვენ ყველანი ერთად ახალი, არანაკლებ რთული ბრძოლები გველის.

არ დავიწყნია არავის, ვინც ჰოლოკოსტი გადაიტანა, თუ რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ერთი ერის ზიზღი მეორის წინააღმდეგ.

არ დავიწყნიათ ლიეტუველებს, ლატვიელებს, ესტონელებს, დანიელებს, ქართველებს, სომხებს, ბელგიელებს, ნორვეგიელებს და ბევრ სხვას, ყველას ვინც ნაციზმისგან დაზარალდა თავის მიწაზე და ყველას, ვინც ანტიჰიტლერული კოალიციის რიგებში დაამარცხა ის.

სამწუხაროდ, არსებობენ ისეთებიც, ვინც ეს დანაშაული გადაიტანა, მილიონობით ადამიანი დაკარგა, ვინც გამარჯვებისთვის იბრძოლა და გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ დღეს მათი ხსოვნა შელანძღა.

ისინი, ვინც საკუთარი მიწიდან უკრაინის მიწაზე მიიტანა იერიში, მიწაზე, რომელსაც ჩვენს წინაპრებთან ერთად მათი წინაპრებიც ათავისუფლებდნენ.

ისინი, სახეში შეაფურთხა თავის “უკვდავ ასეულს” და მათ გვერდში ბუჩას ჯალათები ამოუყენა.

და ამით მთელი კაცობრიობა დუელში გამოიწვია. დაავიწყდა რა მთავარი – ყველანაირი ბოროტება ერთნაირად ასრულებს – მას ასრულებენ.

ძვირფასო უკრაინელებო!

დღეს, ხსოვნისა და შერიგების დღეს, ქედს ვიხრით ყველა მათგანის წინაშე, ვინც მშობლიურ მიწას და მსოფლიოს ნაციზმისგან იცავდა. ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინელი ხალხის გმირობას და მის წვლილს ანტიჰიტლერული კოალიციის გამარჯვებაში.

აფეთქებები, გასროლები, სანგრები, დაჭრილები, შიმშილი, დაბომბვები, ბლოკადა, დახვრეტები, დამსჯელობითი ოპერაციები, ოკუპაცია, საკონცენტრაციო ბანაკები, გაზის კამერები, ყვითელი ვარსკვლავები, გეტო, ბაბინ იარი, ხატინი, ტყვეობა, იძულებითი შრომა. ისინი დაიღუპნენ იმისათვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს, თუ რას ნიშნავს ყოველივე ეს – იცოდეს წიგნებიდან და არა საკუთარი გამოცდილებით. მაგრამ სხვაგვარად კი მოხდა. ეს უსამართლობაა მათი ხსოვნის წინაშე. მაგრამ სიმართლე გაიმარჯვებს. ჩვენ ყველაფერს გადავლახავთ!

ამის დასტური “ვერვოლფია”, ჰიტლერის საკომანდო პუნქტი და ბუნკერი ვინნიცასთან ახლოს. მისგან რამდენიმე ქვაღაა დარჩენილი. ნანგრევები. იმის ნანგრევები, ვინც თავს დიადად და უძლეველად მოჰქონდა თავი. ეს ქვები მითითებაა ჩვენთვის და მომავალი თაობისათვის. ის, რისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ. მათ დაამტკიცეს: ბოროტება ვერ აირიდებს პასუხისმგებლობას. ვერ დაიმალება ბუნკერში. მისგან ქვა ქვაზე არ დარჩება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გადავლახავთ. ჩვენ ეს ზუსტად ვიცით, იმიტომ, რომ ჩვენი სამხედროები და ჩვენი ხალხი მათი შთამომავალია, ვინც ნაციზმი გადალახა, და ისინი კვლავაც გაიმარჯვებენ.

და კვლავაც იქნება მშვიდობა. კიდევ ერთხელ.

ჩვენ გადავლახავთ ზამთარს, რომელიც 24 თებერვალს დადგა და რომელიც 8 მაისსაც გრძელდება, მაგრამ აუცილებლად დასრულდება, უკრაინის მზით გამლღვარი. ჩვენ ერთად შევეგებებით განთიადს. ჩვენი საყვარელი და ახლობელი ადამიანები კვლავაც ჩვენს გვერდით იქნებიან! კვლავაც, როვორც იქნა! და დროებით ოკუპირებული ქალაქებისა და სოფლების თავზე კვლავაც გაიშლება ჩვენი დროშა, კვლავაც, როგორც იქნა! და კვლავაც შევიკრიბებით ერთად, და იქნება მშვიდობა კვლავაც, როგორც იქნა! და აღარ იქნება შავ-თეთრი სიზმრები, არამედ ლაჟვარდოვან-ოქროსფერი ოცნება, კვლავაც, როგორც იქნა! ის, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები.

საუკუნო პატივი მათ, ვინც ნაციზმს წინ აღუდგა!

საუკუნო ხსოვნა მეორე მსოფლიო ომში ყველა დაცემულს!

პირველწყარო
Звернення Президента України з нагоди Дня пам'яті та примирення
Back to top button