ევროპამთავარი თემა

საფრანგეთი: ჟამი შფოთვისა

რა მოხდა:

ემანუელ მაკრონმა მეორე საპრეზიდენტო ვადა დაიბევა, მაგრამ ფრანგი ამომრჩევლის თითქმის მესამედი არჩევნებზე არ მივიდა, მესამედმა კი რადიკალ მემარჯვენეს დაუჭირა მხარი.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი:

საფრანგეთის პოლიტიკური სისტემა მოიშალა: ორი დიდი ცენტრისტული პარტიის ნანგრევებზე მაკრონმა მდგრადი პოლიტიკური ძალა ვერ შექმნა, სამაგიეროდ რადიკალური მემარჯვენე და მემარცხენე ძალები გააქტიურდნენ, რომლებიც ხშირად არად დაგიდევენ დემოკრატიულ ნორმებს და ანტი-ევროპული სულისკვეთებითაც გამოირჩევიან.

დინოზავრების აღსასრული:

შემდეგ, რაც 1958 წლის კონსტიტუციით გენერალმა დე გოლმა საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკა დააფუძნა, მისი პოლიტიკური არსი დიდ მემარცხენე და მემარჯვენე პარტიებს შორის ქიშპი იყო. თუმცა 2000-იან წლებში ორივე დიდი პარტიის თანდათანობითი დაღმასვლა მათი სრული განადგურებით დასრულდა.

  • სოციალისტურმა პარტიამ ასეც ვერ შეძლო ფრანსუა მიტერანის გიგანტური ჩრდილიდან გამოსვლა. ფრანსუა ოლანდის უღიმღამო ზეობის შემდეგ, სოციალისტების მზე ჩანს, საბოლოოდ ჩაესვენა. მათმა კანდიდატმა წლევანდელი არჩევნების პირველ ტურში ხმების 1.75% აიღო.
  • მემარჯვენე ცენტრისტების პარტია სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელით ასპარეზობდა, ბოლოდროს კი “რესპუბლიკელები” დაირქვა. ნიკოლა სარკოზიმ ამ პარტიას საბოლოოდ მოუთავა ხელი: 2007 წლის კამპანიისას, მზარდი მემარჯვენე რადიკალიზმის ტალღით საკუთარი პარტიის გაძლიერებას შეეცადა და მოკლევადიან პირად წარმატებას კი მიაღწია, თუმცა პარტია შეიწირა. სარკოზიმ მანამდე კეთროვანად შერაცხული ლე პენის მოსაზრებები პოლიტიკურ ველზე მისაღებად აქცია, ხოლო თავისი საკუთარი პარტია კი ათას სკანდალში გახვია და მხარდაჭერა დააკარგინა. მიმდინარე არჩევნებში, რესპუბლიკელებმა 4.78%-ღა მიითვალეს თავიანთი კანდიდატის სასარგებლოდ.

ცენტრისტები და რადიკალები

რადიკალების არსებობა ფრანგული პოლიტიკისათვის სიახლე როდია. ჟან მარი ლე პენი, რომელიც ულტრამემარჯვენე პოზიციებზე იდგა, 1974 წლიდან მოყოლებული, ხუთჯერ მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში. 2002 წელს, მან შეძლო მეორე ტურში მოხვედრა, თუმცა მისი იდეები იმდენად სახიფათოდ მიაჩნდა ფრანგების აბსოლუტურ უმრავლესობას, რომ ყველა სხვა პარტია მის წინააღმდეგ დაირაზმა და შედეგად სხვამხრივ საკმაოდ არაპოპულარულმა ჟაკ შირაკმა ხმების 82.2% მიიღო.

თუმცა 2000-იან წლებში საფრანგეთის ეკონომიკური სურათი შეიცვალა, თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევებზე რეაგირებას ქვეყნის ხისტი მძიმე ინდუსტრია და სუბსიდირებული სოფლის მეურნეობა ვერ ახერხებს, იზრდება უმუშევრობა ქალაქებში, ხოლო სოფლად მცხოვრებთა დიდი ნაწილის შედარებითი კეთილდღეობა – ანუ სამომხმარებლო საქონლის შეძენის საშუალება – იკლებს. ცენტრისტული პარტიებიდან ამომრჩეველი უკიდურესობებისკენ გარბის.

მარჯვნივ

მარინე ლე პენი გულდასმით ახერხებს საკუთარი პარტიის “ნორმალიზებას”. ის უარს ამბობს მამამისის ღიად ნაცისტურ გამონათქვამებზე და აქტიურად იზიდავს დიდი ინდუსტრიული ცენტრების პროლეტარიატს, რომელიც ადრე კომუნისტური პარტიის არჩივი იყო. ამერიკას მიყიდული ლიბერალური პოლიტიკური ელიტა და რადიკალური ისლამის ზრდა ის ორი საფრთხობელაა, რომელსაც ლე პენი ხმების მობილიზაციისთვის იყენებს. ლე პენმა ერთ დროს მარგინალური პარტია თითქმის მეინსტრიმულ მოძრაობად ჩამოაყალიბა, რომელსაც შრომით-აქტიური ასაკის ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი უჭერს მხარს.

წლევანდელი არჩევნების არასასიამოვნო მოულოდნელობა იყო ერიკ ზემურის გამოჩენა, რომელმაც ნიშა ლე პენის კიდევ უფრო მარჯვნივ დაიკავა. ზემური არათუ ტოქსიკური ისლამოფობიის და ამერიკანოფობიის პლატფორმაზე დგას, არამედ ზოგადად ეჭვქვეშ აყენებს ფრანგულ რესპუბლიკურ ღირებულებებს. ბევრი მისი გამონათქვამი უფრო ნაცისტებთან მოთანამშრომლე ვიშის რეჟიმის ღირებულებებთანაა ახლო, რომელმაც რესპუბლიკის დევიზი “თავისუფლობა, თანასწორობა, ძმობა!” შეცვალა დევიზით “შრომა, ოჯახი, სამშობლო!”. ზემურის მხარდამჭერები დიდ ქალაქებში არიან, ხშირად მორწმუნე, ყოფილ არისტოკრატიულ წრეებში. არიან ისეთებიც, ვისაც ლე პენს ცენტრისკენ გადახრის გამო გამოექცნენ, მათ შორის ნეონაცისტური დაჯგუფებები. მართალია, ზემურმა ამ არჩევნებში დიდი ვერაფერი გააწყო (7.07% პირველ ტურში), მაგრამ როგორც ლე პენის ცენტრისკენ ჩაჩოჩების გამო გამოთავისუფლებული ადგილი ახალი, ტოქსიკური იდეოლოგიით შეავსო.

მარცხნივ

მარცხენა ფლანგზე ჟან ლუკ მელანშონის “დაუმორჩილებლების” მოძრაობა ძლიერდება. მისი ერთი ნაწილი კომპარტიის ყოფილ მომხრეებს აერთიანებს, მეორე კი სოციალისტური პარტიისაგან გარიყულ და გამოქცეულ ამომრჩეველს. პარტიას მკვეთრი ანტიამერიკანიზმი და ლიბერალური ეკონომიკური ელიტისადმი ზიზღი, ისევე, როგორც ევროკავშირისადმი სკეპტიციზმი ახასიათებს. მელანშონისა და ლე პენის საამომრჩევლო ბაზა დიდად არ განსხვავდება, თუმცა მემარცხენე ბანაკში საკმაოდაა შედარებით მაღალი კულტურული და სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანი.

ცენტრში

ცენტრისტული პარტიების ნანგრევებზე ემანუელ მაკრონი ახალი, არაიდეოლოგიური ძალის შექმნას შეეცადა. მაკრონი სოციალისტური პარტიის წიაღიდან გამოვიდა პოლიტიკაში, თუმცაღა, როგორც ყოფილი ბანკირი და ეკონომიკური ლიბერალი ბევრ სოციალისტს სძაგს. 2017 წლის არჩევნებზე მაკრონმა შეძლო ზომიერი ამომრჩევლის – ახალგაზრდების, სტაბილურობის მსურველი პენსიონერების, თანამედროვე ეკონომიკაში ინტეგრირებული ფრანგების – ფართო კოალიციის შექმნა და საპრეზიდენტო არჩევნების მოგება. თუმცაღა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას მაკრონმა შედარებით ნაკლები დრო დაუთმო. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად, “რესპუბლიკა, წინ!” კვლავაც მოძრაობა უფროა, ვიდრე სტრუქტურირებული პარტია, რაც მაკრონის მმართველობის სისტემის სიმყიფის საწინდარია, მით უფრო ახლა, როცა მისი სახალხო მხარდაჭერა საკმაოდ შესუსტებულია.

ცენტრშია ასევე ფრანგ მწვანეთა პარტიაც, რომელმაც ვერა და ვერ მოახერხა თავისი გერმანელი კოლეგების წარმატების გამეორება. პოტენციურად, მრავალი ახალგაზრდა თუ საშუალო ასაკის პროფესიონალი, რომლებიც კლასიკური სოციალიზმის იდეებს არ იზიარებენ, მაგრამ გარემოსდაცვითი პრობლემები აწუხებთ, მზადაა ხმა მისცეს მწვანეებს. თუმცა ამ პარტიაში გავლენა ჯერ კიდევ ძველ, ჰიპი მოძრაობის იდეებზე გაზრდილ თაობას აქვს, რომლებიც მზად არ არიან პრაგმატულ პოლიტიკურ ბრძოლაში და კოალიციებში ჩაერთონ. შედეგად, მრავალი ასეთი ამომრჩეველი სახლში რჩება. გარემოსდაცვითი დღის წესრიგის გავლენა იმდენად მაღალია, რომ მეორე ტურის კამპანიისას მაკრონიც და ლე პენიც აქტიურად ცდილობდნენ ამ ამომრჩევლის მიმხრობას და საარჩევნო ყუთებთან მიყვანას.

რა მოხდება ახლა

საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკაში ემანუელ მაკრონი პირველი პრეზიდენტია, რომელმაც მეორე მანდატი ისე მოიპოვა, რომ პარლამენტშიც უმრავლესობა აქვს. საპარლამენტო არჩევნები ივნისშია დანიშნული და თუკი მას სურს ქვეყნის მართვა რეალურად განაგრძოს, მაკრონმა უნდა შეძლოს თავისი პარტიის ლეთარგიიდან გამოყვანა.

საპრეზიდენტო არჩევნებზე ფრანგები ტაქტიკური გათვლით უნაწილებენ ხმებს კანდიდატებს მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებზე იდეოლოგიური სიმპათიები უფრო ნათლად გამოითქმება. თუკი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მთლიანად ხმის უფლების მქონე ამომრჩევლის ჭრილში შევხედავთ, აღმოჩნდება, რომ მაკრონს მხარი 38.5%-მა დაუჭირა, ლე პენს 27.3%-მა, ხოლო 34.2% ან არ გამოცხადდა (28%), ანდა ბიულეტენი გააფუჭა. ყოველივე ეს დიდი იმედებს უსახავს მელანშონს, რომელიც ხმების რაოდენობით პირველ ტურში მესამე ადგილზე გავიდა.

მაკრონის პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ახალი კაბინეტის წარდგენა იქნება. ტრადიციულად, პრეზიდენტი არჩევნების შემდეგ გადაახალისებს ხოლმე კაბინეტს და ახალ პრემიერ-მინისტრს წარადგენს. ჟან კასტექსს, დღევანდელი პრემიერ-მინისტრს, ფრანგები პატივს სცემენ, თუმცა პანდემიასთან ბრძოლით მოქანცული პრემიერი ალბათ პოსტს დატოვებს. მაკრონმა უნდა გადაწყვიტოს, ლე პენის ამომრჩეველზე უფრო ინადიროს, მელანშონის, თუ მათზე, ვინც სახლში რჩება. პარიზში გამოსვლისას, მაკრონი ერს შეპირდა, რომ “მომავალი ხუთი წელი წარსული ხუთწლედის გაგრძელება არ იქნება.”

ვნახოთ, საით გადახრის საფრანგეთის საჭეს ახალი ძველი პრეზიდენტი.

მასალა მოამზადა ჯაბა დევდარიანმა, გაზეთებზე “ლე მონდი”, “ფიგარო”, “პოლიტიკო” და საკუთარ თავზე დაყრდნობით .

Back to top button