მოსკოვის თქმით, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ნაკლებად დამოკიდებულნი უნდა იყვნენ რუსეთზე 

რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დმიტრი ვოლვაჩმა, რომელიც 9 მარტს სოხუმში აფხაზეთის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ რუსეთის სურვილია, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ნაკლებად დამოკიდებულნი იყვნენ მოსკოვის ფინანსებზე.

ამავე ინტერვიუში, ვოლვაჩმა განაცხადა, რომ ამის მიზანია მომდევნო სამ წელიწადში სოხუმის და ცხინვალის რუსულ დახმარებაზე დამოკიდებულების შემცირება.

„მაგალითად, რუსეთის თანადაფინანსება საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატების კუთხით თანდათან შემცირდება – 2022 წელს არსებული 85%-დან 15%-მდე 2025 წელს“, – აღნიშნა მან.

„დახმარების პირველი ეტაპი, როდესაც შეგვიძლია უბრალოდ ფული გავცეთ ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, უკვე დასრულდა“, – განაცხადა ვოლვაჩმა და დასძინა – „ჩვენ ყველაფერი მივიღეთ, რისი მიღებაც ამ ეტაპიდან შეგვეძლო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით“.

მისი თქმით, ამ დახმარების შედეგად, რეგიონების საბიუჯეტო შემოსავლების წილი გაიზარდა – აფხაზეთში 41.5%-დან 52%-მდე, ხოლო ცხინვალში 7%-დან 18%-მდე.

მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ოკუპირებულმა რეგიონებმა ინვესტიციები უნდა მოიზიდონ, რეგულაციები გაამარტივონ და საინვესტიციო კლიმატი გააუმჯობესონ, რათა კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი საბიუჯეტო შემოსავლები.

ვოლვაჩმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი ორივე რეგიონს კანონებისა და მარეგულირებელი ჩარჩოების შემუშავებაში, ასევე სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სამრეწველო პროექტებისთვის სესხებზე პროცენტების სუბსიდირებაში დაეხმარება.

ინტერვიუში მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთის მშპ, სადაც დაახლოებით 250 000-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, 32 მლრდ რუბლს შეადგენს, მაშინ როდესაც რუსეთის დახმარება 2021 წელს 5 მილიარდ რუბლზე მეტი იყო.

ცხინვალის რეგიონის მშპ – რომლის მოსახლეობა, დაუდასტურებელი მონაცემებით, 50 000-ს შეადგენს – 6.1 მლრდ რუბლია, ხოლო რუსული დახმარება, რომელსაც ოკუპირებული რეგიონი იღებს, 7.2 მლრდ რუბლს შეადგენს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version