პარლამენტის თავმჯდომარის „დროის უქონლობის გამო“ ევროპარლამენტარებმა ვიზიტი გააუქმეს 

ჟან მონეს დიალოგის ფასილიტატორმა ევროპარლამენტარებმა – ვიოლა ფონ კრამონმა, მარია კალიურანდმა და მირიამ ლექსმანმა განაცხადეს, რომ მათი ვიზიტი საქართველოში, რომელიც 21-22 იანვარს იყო დაგეგმილი, გაუქმდა, რადგანაც პარლამენტის თავმჯდომარემ, „შალვა პაპუაშვილმა პროცესში მონაწილეობის დრო ვერ გამონახა“.

განცხადება ქართული ოცნების ხელისუფლებასა და ბრიუსელს შორის რიგ საკითხებზე, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა დანიშვნების, ევროკავშირის სესხზე უარისა და დასავლელ დიპლომატებზე საქართველოს მიერ სავარაუდო მიყურადების საკითხებზე უკვე დაძაბული ურთიერთობების ფონზე გაკეთდა.

21 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში, ევროპარლამენტის სამმა წევრმა განაცხადა, რომ „ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების შესაძლებლობის შესწავლას, რომლის მიზანიც პარტიათაშორისი დიალოგის განვითარებაა, უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის ასაშენებლად“.

ევროპარლამენტარებმა სინანული გამოთქვეს, რომ არსებულ ეტაპზე ვერ შესრულდა პროცესის დასაწყებად საჭირო პოლიტიკური პირობები.

„მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტს მთავარი პოზიცია და პასუხისმგებლობა აკისრია, რათა ქვეყანაში არსებულ საზიანო პოლიტიკურ პოლარიზაციას უპასუხოს და ინკლუზიური და რეფორმისტული დღის წესრიგი განახორციელოს“, – განაცხადეს ევროპარლამენტარებმა.

აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან დახმარებისთვის, ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს ნიადაგი მოამზადოს ჟან მონეს დიალოგის პროცესის დასაწყებად.

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა Twitter-ზე დაწერა, რომ დიალოგის პროცესი საქართველოს პარლამენტის გამო გაჭიანურდა. მან ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციაზე მიანიშნა და განაცხადა, რომ „ახლა, როგორც არასდროს საჭიროა ფუნქციონირებადი პარლანენტი საქართველოს გამოწვევებთან საბრძოლველად“.

თავის მხრივ, ევროპარლამენტარმა ლექსმანმა აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც ევროპარლამენტარები ჟან მონეს დიალოგის ერთგულნი არიან, იმავეს საქართველოს პარლამენტისგანაც მოელიან.

ჟან მონეს დიალოგი საპარლამენტო მედიაციისა და დიალოგის ფორმატია, რომელიც ევროპარლამენტმა შეიმუშავა და რომელსაც 2016 წელს ჩაეყარა საფუძველი. სამი ევროპარლამენტარი საქართველოში „ჟან მონეს დიალოგის“ პროცესის ფასილიტატორობისთვის 2021 წლის ივნისში, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს შეთანხმების მიღწევის კვალდაკვალ შეირჩა. მმართველმა პარტიამ შეთანხმება ივლისის ბოლოს ცალმხრივად დატოვა.

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ 29 დეკემბერს მას შემდეგ აირჩიეს, რაც ყოფილი სპიკერი, კახა კუჭავა თანამდებობიდან მოულოდებლად გადადგა და სადეპუტატო მანდატზეც უარი თქვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version