პრემიერმა დეპუტატებს წლიური ანგარიში და 10-წლიანი სამოქმედო გეგმის მონახაზი წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 25 ივნისს პარლამენტში მთავრობის საქმიანობის გასული წლის ანგარიში და ქვეყნის სამომავლო განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის მონახაზი წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი 22 თებერვალს მას შემდეგ დაიკავა, როც გიორგი გახარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდში არსებული უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადადგა.

ეკონომიკური განვითარება, პოსტპანდემიური გაჯანსაღება და ვაქცინაცია

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ შარშან, პანდემიის გამო, ქვეყნის ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა და სახელმწიფომ ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გასაგრძელებლად, ასევე ადგილობრივი წარმოებისა და დასაქმებულთა მხარდასაჭერად საერთაშორისო ინსტიტუტებიდან 2.1 მლრდ აშშ დოლარის დაფინანსება მოიზიდა.

უფრო კონკრეტულად, პრემიერის მტკიცებით, ჯანდაცვის ხარჯებმა 900 მლნ ლარი შეადგინა, ბიზნესის დახმარებისთვის 3 მლრდ ლარი დაიხარა, მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებს კი – 1.3 მლრდ ლარი მოხმარდა.

მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დასრულებულია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაახლოებით 82 % და საპილოტე რეჟიმში გადაზიდვები უკვე ხორციელდება. „აქტიურ ფაზაშია ფოთის საზღვაო ტერმინალის მშენებლობა, პრიორიტეტად რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური“, – დასძინა მანვე.

აღნიშნა რა, რომ სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ პირველი ფაზისთვის სახელმწიფომ უკვე გამოყო 500 მლნ ლარი, ირაკლი ღარიბაშვილმა დასძინა, რომ „აქტიურად მიმდინარეობს რეგიონების გაზიფიცირება და წყალმომარაგება“. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შარშან და წელს ჯამში 8300-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი შეირჩა დასაფინანსებლად“, – განაცხადა პრემიერმა.

ვაქცინაციის პროცესზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე, ქვეყანა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 4 მლნ დოზას მიიღებს. „[ეს] იქნება სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ როგორც დავგეგმეთ, მოსახლეობის 60 პროცენტი იქნას აცრილი“, – ხაზი გაუსვა პრემიერმა.

ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ოკუპაცია, მთიანი ყარაბაღი

საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია“ კვლავ „ჩვენი უმთავრესი მიზანია“ და ხაზი გაუსვა, რომ „2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გავაკეთებთ ოფიციალურად“.

პრემიერმა აღნიშნა, რომ „კონგრესის მიერ 2020 წლის ბოლოს დამტკიცებული საკანონდებლო აქტები“ და „კონგრესმენთა მიერ ხელახლა ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, გაზრდილი დაფინანსება“, საქართველოსადმი აშშ-ის „ურყევი მხარდაჭერის დადასტურებაა“.

აღნიშნა რა, რომ „საქართველო დღეს უკვე ყველა პარამეტრით არის მზად, გახდეს ნატოს წევრი“, პრემიერმა დასძინა, რომ „ავღანეთში ნატოს მისიებში ჩვენმა სამხედროებმა მსოფლიოს აჩვენეს, თუ რა შეუძლია ჩვენს ქვეყანას“.

„საერთაშორისო დონეზე სულ უფრო ძლიერდება მხარდაჭერა ოკუპაციის წინააღმდეგ და არაღიარების პოლიტიკა, ძალიან ეფექტიანად ვმუშაობთ. ვმუშაობთ, რომ დაისაჯონ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავეები, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები, მათ შორის, ზაზა გახელაძე და ირაკლი ბებუა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებაზეც გაამახვილა ყურადღება, რის შედეგადაც აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. განაცხადა რა, რომ „ომმა მთიან ყარაბაღში მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დააყენა მთელი რეგიონი“, პრემიერმა დასძინა, რომ „საქართველოსთვის არსებითია სამეზობლოში მშვიდობა და სტაბილურობა“.

ქვეყნის 10-წლიანი განვითარების გეგმის წინასწარი ვერსია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სამომავლო განვითარების 10-წლიანი გეგმა არაუგვიანეს 31 მაისისა უნდა გამხდარიყო საჯარო, პრემიერმა დღეს დეპუტატებს გეგმის მხოლოდ წინასწარი ვერსიის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

პრემიერის განცხადებით, სხვა საკითხებთან ერთად, მომავალი 10 წლის განმავლობაში მთავრობის გეგმებში შედის:

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version