დაწვრილებით

ბუკნარის ამბავი: „ალტერნატიული“ მედია სამოქალაქო დაპირისპირების ძიებაში

ავტორი: ოთარ კობახიძე, „სამოქალაქო საქართველოს“ (Civil.ge) მთავარი რედაქტორი 


გურიის მხარეში, სოფელ ბუკნარში ეთნიკურად ქართველ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მეჩეთის მშენებლობის თაობაზე დაპირისპირებამ ამ წლის იანვარში მთელი ქვეყნის ყურადღება მიიქცია. უთანხმოებას ფიზიკური შეხლა-შემოხლა, სამი ადამიანის დაშავება და საბოლოოდ, სახელისუფლებო მედიაციის წყალობით „შერიგება“ მოჰყვა. განსხვავებული და ხშირად საკამათო აქცენტების მიუხედავად, ძირითადმა ქართულმა მედიასაშუალებებმა საკითხზე საუბრისას უმეტესწილად რელიგიური შემწყნარებლობის, საერთო ისტორიისა და თანაცხოვრების ქართულ გამოცდილებაზე გაამახვილეს ყურადღება. ამ ფონზე, ამბის რადიკალურად განსხვავებული – სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ მიმართული – ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა ახლადდაფუძნებულმა ალტინფოს ტელევიზიამ, რომელიც ქსენოფობიურ-ისლამოფობიური შეხედულებებითა და შეთქმულების თეორიების გავრცელებით გამოირჩევა.

ე.წ. ალტერნატიულმა მემარჯვენე პლატფორმამ – „ალტ-ინფომ“ – მაუწყებლობა 8 იანვარს დაიწყო,  მარეგულირებელი ორგანოდან ავტორიზაცია კი ნოემბერში მოიპოვა. ტელემაუწყებლობის დაწყებას წინ უძღოდა ფეისბუქის მიერ „ალტ-ინფოს“ გვერდების ჯერ 2019 წლის მაისში, ხოლო ხელმეორედ 2020 წლის ოქტომბერში გაუქმება. ანტი-ლიბერალური, ანტი-დასავლური და ღიად თუ შეფარულად პრო-რუსული განწყობებით გამორჩეული პლატფორმა-ტელევიზია ფეისბუკზე Alt-TV-ის გვერდითაა წარმოდგენილი.

ზოგადად, ალტ-მემარჯვენე ჯგუფები დღის წესრიგის, შეხედულებებისა და იდეების მრავალფეროვნებით გამოირჩევიან, თუმცა შეინიშნება საერთო თემებიც, მაგალითად ისლამოფობია, ანტისემიტიზმის იდეები, ე.წ. თეთრი ნაციონალიზმი, ჰომოფობია თუ სხვა. გამონაკლისი, ამ მხრივ, არც ქართული „ალტერნატიული“ მემარჯვენეები არიან, თუმცა საერთო იდეებს აქ ადგილობრივი, სპეციფიკური კონტექსტიც ემატება. ბუკნარის ამბების მათეულმა გაშუქებამ აჩვენა, რომ  ისლამოფობიური განწყობების გაღვივების მიღმა ანტი-თურქული ნარატივების გაძლიერების, ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფის დისკრედიტაციისა და სამოქალაქო მშვიდობის დარღვევის მისწრაფებები ჩანს.

მუსლიმთა ერთგვაროვან, რადიკალურ ჯგუფად წარმოჩენა

ახლადდაარსებულმა ტელევიზიამ ბუკნარის მოვლენებს რამდენიმე გადაცემა მიუძღვნა. 15 იანვარს „ალტ-ანალიტიკას“ რუბრიკაში, რომელიც ოთხ წამყვანს, შოთა და ირაკლი მარტინენკოებს, ზურაბ მახარაძესა და გიორგი ქარდავას მიჰყავდათ, წამყვანებმა პრობლემის განხილვისას – ბუკნარელ მუსლიმთა დისკრედიტაციის მიზნით, მომეტებული ყურადღება დაუთმეს ზემო აჭარიდან ბუკნარში ჩასული ახალგაზრდა მუსლიმების რადიკალურ ჯგუფს და ნაკლებად ჩაუღრმავდნენ თავად სოფლის კონტექსტს, პრობლემის საფუძველსა და მიზეზებს.

გადაცემის მსვლელობისას წამყვანებმა რამდენჯერმე აჩვენეს ზემო აჭარიდან გურიაში მიმავალი, მანქანებზე ამხედრებული ახალგაზრდა მუსლიმი კაცების კადრები. ვიდეოში ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცები „ალაჰუ აკბერს“ (ალაჰი, ღმერთი დიდია) გაიძახიან. ამ კადრებმა წამყვანებს სირიელი ტერორისტები გაახსენა და მათთან ზემო აჭარელ მუსლიმთა მსგავსებას გაუსვა ხაზი:

„ალახ აკბარის ყვირლით, თან „პიკაპებზე“ რატომ დადგენენ იცი? რომელ ჯიგრებს ბაძავენ იცი? აი სირიაში რომ დადიან, ჯიგრები“, – თქვა გიორგი ქარდავამ და მეტი სიმძაფრისათვის დაამატა: „ეგ შემთხვევით არ არის ალუზია, ეს არის ამათი ისლამისტური ფორმა, ეს არის ჩვეულებრივი სიგნალი. როგორც სირიაში „პიკაპებზე“ ამხედრებულები – შეგნებულად ამას თან თვითონ იღებდნენ – მიდიოდნენ სხვადასხვა ტერიტორიებზე დასაწიოკებლად, ხან ქრისტიანების, ხან თვითონ მუსლიმების, იგივეს აკეთებენ ჩვენს ქვეყანაში ბიჭო“.

ზემო აჭარიდან ჩამოსული ჯგუფის რადიკალიზმზე საუბართან ერთად, გადაცემის წამყვანებმა მნიშვნელოვანი დრო დაუთმეს თავად ბუკნარის მუსლიმი თემის დისკრედიტაციას. წამყვანების ინტერპრეტაციით, ბუკნარის მკვიდრი მუსლიმი თემი და ზემო აჭარიდან ჩამოსული სავარაუდოდ რადიკალურად განწყობილი ჯგუფი სინამდვილეში ერთი და იგივე ჯგუფია, რომელიც ქრისტიანების წინააღმდეგ გაერთიანდა.

ქარდავა, ერთ-ერთი წამყვანი ამბობს: „მთელი ამ დღეების განმავლობაში გვესმოდა… რომ იქ არის ვიღაცა რადიკალების ჯგუფი, სადღაციდან ჩავიდა, რომლებიც არაფერ შუაში არ არიან იმათთან, ვინც ადგილზე იყო… ვხედავთ ამ ჯიგრებს [ჩამოსულ მუსლიმებს], რომლებიც ღორებს ეძახდნენ ქრისტიანებს და პოლიციის კორდონებს არღვევდნენ ქრისტიანებზე თავდასხმის მიზნით… ერთად დგანან ადგილობრივ მკვიდრთან ერთად…“

წამყვანი ამ მანიპულაციური კომენტარებით ბუკნარში შესარიგებლად შეკრებილი ქრისტიანებისა და მუსლიმების კადრებს გამოეხმაურა. მცირე შენობაში ხალხმრავლობისას რთული იქნებოდა ადგილობრივთათვის იმის გაკონტროლება, სად და რომელ მხარეს იდგნენ სტუმრები. ამასთან, როგორც მოგვიანებით ვნახავთ, თავად წამყვანებიც აღიარებენ, რომ ზემო აჭარიდან ბუკნარში ჩასულ მუსლიმებსა და ბუკნარელ მუსლიმებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. ამ განსხვავების ცოდნა, წამყვანებს ხელს არ უშლით ამტკიცონ, თითქოსდა ბუკნარში ჩასული რადიკალები და ადგილობრივი იქაური მუსლიმი ქართველები თანამოაზრეები იყვნენ.

მუსლიმ ქართველთა ქართველობის უარყოფა

ალტ-ინფოს წამყვანები ქართველ მუსლიმებს სრულფასოვან ქართველებად არ აღიარებენ და მართლმადიდებელ ქრისტიანობას ნამდვილი ქართველობისათვის აუცილებელ წინაპირობად სახავენ. მათი თქმით, მუსლიმი ქართველი ერთგვარად გარდამავალ პერიოდშია და ქართველობის მისაღწევად ადრე თუ გვიან აუცილებლად მართლმადიდებელი უნდა გახდეს.

ერთ-ერთი წამყვანი, მახარაძე ასე გამოეხმაურა ბუკნარელი მუსლიმის ნათქვამს მის ქრისტიან მასწავლებელსა და ვეფხისტყაოსანზე: „ვეფხისტყაოსანს იმიტო გიკითხავდი სკოლაში, შუშანიკის წამებას იმიტო გიკითხავდი, გრიგოლ ხანძთელს იმიტო გიკითხავდი, რო შენ ადრე თუ გვიან მისულიყავი იმ დასკვნამდე, რომ ქართული იდენტობა და მართლმადიდებლობა არი ერთი…“ მახარაძის თქმით, „ჩვენი ერთობა [მუსლიმი და ქრისტიანი ქართველებისა] რომ ბოლომდე შედგეს და სრულფასოვანი იყოს“, მუსლიმმა ქართველებმა ქრისტიანობა უნდა მიიღონ.

და წამყვანი აგრძელებს: „სინამდვილეში შენს წინაპრებს რომ დაათმობინეს ძალით [ქრისტიანობა], თავების დაჭრის, უსაშველო გადასახადების, დაშინების, მოსყიდვის, და ა.შ. რეპრესიების გამო რო დაათმობინეს ქრისტიანობა და შენ მაგ რეპრესიების მსხვერპლი რო ხარ, მერამდენე თაობაში კაცმა არ იცის, შენ უნდა დაუბრუნდე, თუ გინდა მართლა ამ ქართულ იდენტობაში დაბრუნება… მაგიტო გიკითხავდი მე შენ ამ ყველაფერს…“

ამ საკამათო, ისლამოფობიურ კომენტარებს, თან სდევს წამყვანის მიერ მეჩეთის აშენების საკითხის გეოპოლიტიკასთან დაკავშირების მცდელობაც. მახარაძის თქმით, მუსლიმი ქართველი უცხოეთის, კერძოდ თურქეთის აგენტია, რომელიც საქართველოში ქრიასტიანებზე ზეწოლითა და ისლამის გავრცელებითაა დაკავებული:

„შენ რო ეხლა აქ მუსულმანური გავლენების გავრცელების აგენტი ხარ, ერთ-ერთი და აი, ამ აჭარიდან ჩამოსულ ვიღაცა მართლა ჩვეულებრივ თურქეთის აგენტებთან ერთად რო დგახარ აქ და ქრისტიანებზე ზეწოლას რო ემხრობი, ესე იგი, ვერ გაგიგია შენ ვერც ვეფხისტყაოსანი, ვერც ის შუშანიკის წამება ვერ გაგიგია და აქეთ გაქვს კიდევ ჩემთან პრეტენზიები…“, ამბობს მახარაძე.

თურქეთი დანაციონალური მოძრაობაარეულობის სათავეში

ალტ-ინფოს წამყვანები ეცადნენ ბუკნარში განვითარებული პროცესის მიღმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, თურქეთისა და სხვა საშინაო თუ საგარეო მოთამაშეების კვალი დანახვას, რაც ქართველი მუსლიმი თემის დისკრედიტაციას, მათდამი უარყოფითი განწყობების დანერგვასა და ნამდვილი პრობლემიდან ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად.

იმავე გადაცემაში, იგივე მახარაძე მუსლიმებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მართულ ხალხად წარმოაჩენს, რომელიც ქრისტიანების წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა: „წარმოიდგინე, ქართული ოცნების სხდომაა, კრიზისული სხდომაა, იქ ნაციონალები ხალხს გვიბუნტებენ, მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის კონფლიქტი არი, მუსულმანები შეტევაზე არიან გადასული, მშას ზონდერ ჯგუფი იქ რაღაცას ალაგებს და უნდა გავაგზავნოთ აქედან ვინმე, რო კრიზისი დაალაგოს…“

ყოფილ პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილთან და მის ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, მოვლენების უკან თურქეთის კვალის დანახვას ეცადა წამყვანი გიორგი ქარდავა. „სააკაშვილი აორგანიზებს ამ ყველაფერს, სააკაშვილს თავისი ვიწრო, ლოკალური ინტერესები აქვს… მიშას, ლიბერასტს, რომელიც გეი პარადებს ემხრობა, ლიბერალურ სიგიჟეებს, ფემინიზმს… იყენებს რადიკალ მუსლიმებს, რომლებსაც ხალიფატი უნდათ, მარა სინამდვილეში, ამათ უკან დგას თურქეთი…“

ნაციონალური მოძრაობის, თურქეთისა თუ ხალიფატის კვალის ძიებისას, ქარდავა იქამდეც მივიდა, რომ მუსლიმები უცხოელთა დავალებით ჯიჰადის – საღვთო ომის – წარმოებაშიც დაადანაშაულა. „თან ამ ვიდეოებს თავისი კურატორებისთვის იღებენ, რომ აგერ ძმაო, ჯიხადი საქართველოშიც არის“, ამბობს წამყვანი.

„ამ ხალხმა 2020 წელს მოინდომა გაფართოება თავისი რელიგიის, გავრცელების არეალის გაზრდა, რაზეც ქრისტიანებს სამართლიანი და ქრისტიანული რეაქცია ჰქონდათ… ამაზე თურქეთის მიერ დაფინანსებული რადიკალი სალაფიტები, რომლებიც ამათთან არ ლოცულობენ, ამ მუსლიმებთან, ესენი სუფისტები არიან… სრულფსოვან, ნამდვილ, ჭეშმარიტ მუსლიმებად არ თვლიან…მაგრამ მაინც ჩადიან, სალაფიტები არიან, რადიკალები არიან“, ამბობს ქარდავა და თავადვე ეწინააღმდეგება მანამდელ კომენტარებს, თითქოსდა ჩამოსული და ბუკნარში დამხვედრი მუსლიმები ერთი და იმავე იდეოლოგიისა და განწყობებისანი იყვნენ.

მუსლიმებთან გარდაუვალი ომის მტკიცება

იმავე გადაცემაში, „ალტერნატიული“ ანალიტიკოსები (ქართველ) მუსლიმებთან ომის გარდაუვალობასაც ამტკიცებენ. ერთ-ერთი წამყვანის, ირაკლი მარტინენკოს თქმით, „იმათ ახალი მეჩეთების აშენების უფლება არ უნდა მისცე… თუ მაგდენს ვერ ხვდები, რო მერე ხვალ რო ომი მოგიწევს, მაგდენს თუ ვერ ხვდები…“ „სიკეთე თუ გინდა მუსულმანისთვის, უნდა გააქრისტიანო“, დასძენს იგი.

ირაკლი მარტინენკომ ისტორიული პარალელიც მოიხმო და ჩემბერლენის ჰიტლერისადმი დათმობებიც გაიხსენა, როცა ბრიტანეთის მიერ გერმანიასთან დათმობებზე წასვლამ მეორე მსოფლიო ომი თავიდან ვერ აიცილა. წამყვანის მტკიცებით, მუსლიმებთან დათმობაც, რაც ამ შემთხვევაში მათი აზრით, მეჩეთის აშენებაში ნების დართვით გამოიხატება, მუსლიმებთან ომამდე მიგვიყვანს.

შოთა მარტინენკოს თქმით, მეჩეთი რადიკალიზაციის და შესაბამისად, მომავალში დაპირისპირების მომტანია. მისი სიტყვებით, მეჩეთი არამხოლოდ ქრისტიანებში, არამედ „თავად მუსლიმებში ისლამის გავრცელების საშუალებაა, ქრისტიანები და მუსლიმები აქ [ბუკნარში] ნომინალურები არიან“. ამ შემთხვევაშიაც, მარტინენკო კიდევ ერთხელ ეწინააღმდეგება თანაწამყვანების მანამდელ მტკიცებას, რომ ბუკნარელი მუსლიმები რადიკალურ იდეოლოგიურ პლატფორმაზე დგანან.

„მეჩეთი არის ცენტრი, რომელიც მუსლიმების რადიკალიზაციას ახდენს, მათ მიზიდვას ახდენს რელიგიურ აქტივობასთან… ქრისტიანებს ეშინიათ იმისა, მაგ სოფელში რომ პირველ რიგში, მუსლიმი ახალგაზრდობა[ა], რომელთა უდიდესი ნაწილიც… მეჩეთშიც ერთი-ორჯერ ნამყოფი იქნება და ნომინალური მუსლიმია, […] არ გადაიქცნენ ისეთ რადიკალ მუსლიმებად, როგორებიც არიან ის ჩამოსული მუსლიმები“, ამბობს იგი.

ომისა და გარდაუვალი კონფლიქტის მომასწავებლად ოთხმა წამყვანმა მამაკაცმა ბუკნარის მედიაციის პროცესში ქალების ჩართულობაც მიიჩნია. თავიანთ სხვა გადაცემებშიც მიზოგინიური კომენტარებით გამორჩეულ წამყვანებს თვალში განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი არ მოუვიდათ, რომელიც გურიაში ბუკნარელების შესარიგებლად ჩავიდა.

„ჩვენ სავარაუდოდ, მომავალში, ღმერთმა არ ქნას ომი რო მოგვიწიოს… რო მოგვიწევს ომი, სავარაუდოდ, ვიღაცა ქალს გავუშვებთ იქ, მოლაპარაკებისას და მე არ ვიცი იქ რა მოლაპარაკება შედგება“, თქვა ირაკლი მარტინენკომ.

მეორე წამყვანის, ქარდავას თქმით კი, წილოსანის მედიატორობა ბუკნარში „ნიშნავს, რომ შენ შენი ხელით მომავალში კიდევ ერთ კონფლიქტს ამზადებ“. მისი აზრით, ეს იმიტომ, რომ ქალის სიტყვას კონფლიქტის მედიაცია-მოგვარებისას ნაკლები ძალა აქვს და მეტიც, სისუსტედ აღიქმება მოწინააღმდეგის მხრიდან.

შეჯამების მაგიერ

მთელ მსოფლიოში მოქმედი ე.წ. ალტერნატიული მემარჯვენე მოძრაობებისათვის ისლამოფობია ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, თუმცა ქართულ კონტექსტში ამ იდეოლოგიური ხაზის მიმდევრებს განსაკუთრებულად ყურადსაღები გეოპოლიტიკური და შიდა სამოქალაქო დაპირისპირებების შრეები შემოაქვთ. ძალადობისაკენ შეფარვით თუ შეუფარავი მოწოდებები და ანტი-მუსლიმური განწყობების ქადაგება ქართველი ერის წიაღში ასიათასობით ეთნიკურად ქართველი, სარწმუნოებით მუსლიმი მოქალაქის ადგილს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ამასთან, მსგავსი განწყობების გაღრმავება ხელს შეუშლის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ სივრცეში ეთნიკურად არაქართველი მუსლიმი მოქალაქეების ინტეგრაციას. 2014 წლის მონაცემებით, ქვეყნის ყველაზე დიდი ეთნიკური უმცირესობა, 200 000-ზე მეტი ეთნიკურად აზერებაიჯანელი მოსახლეობის 6.3% შეადგენს, ხოლო 3.7 მილიონიანი საქართველოს 10.7% მუსლიმები არიან.

თუმცა ალტ-ინფოს ანტი-მუსლიმური ნარატივების უკან უბრალო ბანალური ისლამოფობია ნაკლებად დგას. ქართულ ისტორიოგრაფიასა და საზოგადოებაში ღრმად გამჯდარ კლიშეებზე დაყრდნობით, ალტერნატიული მემარჯვენეები საკუთარი ხედვების ლეგიტიმაციის ეძიებენ, რის მიღწევასაც შიდა თუ გარე მოთამაშეების – იქნებიან ეს ე.წ. ლიბერალები, ოპოზიციური პარტიები თუ თურქეთი (სავარაუდოდ რუსული აგრესიის საპირწონედ წარმოსაჩენად) – დისკრედიტაციას ისახავენ მიზნად. ჯერჯერობით მყარად პოლარიზებული, თუმცა ფრაგმენტაციის გზაზე დამდგარი პოლიტიკური სივრცის კვალდაკვალ, სულ უფრო თვალშისაცემი და შეუწყნარებელი იდეოლოგიური მედია-მანქანა ნაყოფიერ ნიადაგს შეუქმნის რადიკალური ჯგუფების პოლიტიკურ  სივრცეში შემოსვლასა და დამკვიდრებას.

,,მასალა მომზადდა პროექტის „ნარატივების რადიკალიზაციის პრევენცია და მათზე რეაგირება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი STRIVE Global program-ის ფარგლებში ახორციელებს”.

Back to top button