სუს-ის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა როკის გვირაბთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 8 თებერვლის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა ცხინვალის რეგიონში, როკის გვირაბის მონაკვეთზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

სუს-ის განცხადებიდან არ ირკვევა, თუ როგორ აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქე როკის გვირაბის მიმდებარედ, რომელიც ოკუპირებული რეგიონის სიღრმეში, გამყოფი ხაზისაგან მოშორებით მდებარეობს.

უწყების თანახმად, მომხდარზე საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს უკვე შეატყობინა.

„უკანონო დაკავებები მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დაძაბულობისა და საპროტესტო მუხტის გაღვივებას“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

ამასთან, სუს-ის თქმით, „უკანონო დაკავებებსა და მის თანმდევ მძიმე შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ძალას“.

ცნობისთვის, სუს-ის ამ განცხადებამდე სამი დღით ადრე, ცხინვალმა საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძეს, რომელიც გამყოფი ხაზის ოკუპირებული რეგიონის მხარეს გასული წლის ივლისში დააკავეს, „სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლეზე თავდასხმისა“ და „საზღვრის უკანონო კვეთის“ გამო 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version