ევროპამთავარი თემა

ევროპის დღე: “შუმანის დეკლარაცია”

საფრანგეთის საგარეო მინისტრმა, რობერტ შუმანმა (Robert Schuman) 1950 წლის 9 მაისს წაიკითხა დეკლარაცია, რომელიც ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის თანამეგობრობის (European Coal and Steel Community, ECSC) შექმნას აცხადებდა.

თანამეგობრობის დამფუძნებელი წევრები საფრანგეთი, დასავლეთ გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია და ლუქზემბურგი იყვნენ. სწორედ ისაა ევროპული თანამეგობრობის, შემდეგ კი ევროკავშირის წინაპარი.

ისტორიული კონტექსტი

1950 წლისათვის ევროპის ქვეყნების უმრავლესობა კვლავაც მეორე მსოფლიო ომის დატოვებულ ღრმა ჭრილობებს იშუშებდა. დასავლეთ ევროპის მთავრობებმა გადაწყვიტეს, რომ ქვანახშირისა და ფოლადის წარმოებების გაერთიანება ისტორიულ მტრებს – გერმანელებსა და ფრანგებს შორის ომს არა “მხოლოდ წარმოუდგენლად, არამედ პრაქტიკულად შეუძლებლადაც აქცევდა”.

მათ ჩათვალეს – და მართალიც აღმოჩნდნენ – რომ ეკონომიკური ინტერესების გადაჯაჭვა ერთსა და იმავე დროს ცხოვრების დონესაც გააუმჯობესებდა და უფრო ერთიანი ევროპისაკენ მიმავალ გზასაც დასახავდა. თანამეგობრობის წევრობა ღია იყო სხვა ევროპული ქვეყნებისთვისაც.

შუმანის დეკლარაცია, სრული ტექსტი

მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება, თუკი ჩვენი შემოქმედებითი ძალისხმევა იმ საფრთხეების თანაზომიერი არ იქნა, რომლებიც მშვიდობას ემუქრება.

მოწესრიგებულსა და სიცოცხლით სავსე ევროპას შეუძლია მსოფლიო ცივილიზაციას მშვიდობიანი ურთიერთობების შესანარჩუნებლად აუცულებელი წვლილი შემატოს. იკისრა რა, აგერ უკვე ოცზე მეტი წლის წინათ, ერთიანი ევროპის მხარდაჭერა, საფრანგეთი უპირველესად სწორედ მშვიდობას ემსახურებოდა. მაშინ ერთიანი ევროპა ვერ შედგა და ომი გადავიხადეთ.

ევროპა ერთბაშად ვერ შეიქმნება და ვერც ერთიანად დაიგეგმება, მისი ჩამოყალიბება ისეთი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით უნდა დაიწყოს, რომლებიც სოლიდარობას ყოველდღიურობად აქცევს. ევროპული ერების ერთიანობა მოითხოვს, რომ საფრანგეთსა და გერმანიას შორის საუკუნეობრივი დაპირისპირება აღმოიფხვრას. თანამეგობრობის შესაქმნელად პირველ რიგში საფრანგეთმა და გერმანიამ უნდა იმოქმედონ.

ამ მიზნით, საფრანგეთის მთავრობა გამოდის კონკრეტული ქმედების წინადადებით ვიწრო, მაგრამ საკვანძო მნიშვნელობის მქონე მიმართულებით.

საფრანგეთის მთავრობის წინადადებაა, საფრანგეთ-გერმანიის ქვანახშირისა და ფოლადის წარმოება განკარგოს ერთიანმა უმაღლესმა ორგანომ, ორგანიზაციის სახით, რომელიც ღია იქნება ევროპის სხვა ქვეყნებისთვისაც.

ქვანახშირისა და ფოლადის წარმოების გაერთიანება დაუყოვნებლივ შექმნის ეკონომიკური განვითარების საერთო საფუძველს, იქცევა ევროპული ფედერაციისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად და შეცვილს იმ რეგიონების ბედისწერას, რომლებიც წლების განმავლობაში საბრძოლო იარაღს აწარმოებდნენ და ამ იარაღისვე პირველ მსხვერპლად იქცეოდნენ ხოლმე.

წარმოების დარგში ამგვარი ურთიერთკავშირი და სოლიდარობა, საფრანგეთსა და გერმანიას შორის ომს არათუ წარმოუდგენელს, არამედ პრაქტიკურად შეუძლებელს გახდის. ერთობლივი წარმოების მძლავრი ერთეულის ჩამოყალიბება, რომლის მონაგარიც ხელმისაწვდომი იქნება მონაწილეობის მსურველი თითოეული ქვეყნისათვის, მათ თანაბარი პირობებით მოამარაგებს ინდუსტრიული წარმოებისათვის აუცილებელი ნედლეულით, რითაც ხელშესახებ საფუძველს ჩაუყრის ეკონომიკურ ერთობას.

ამ პროდუქციის მოხმარების საშუალება მიეცემა მთელს მსოფლიოს, გამონაკლისის გარეშე, რათა ხელი შეეწყოს ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და მშვიდობის მშენებლობის საქმეს. დაგროვილი სახსრებით, ევროპა შეძლებს განახორციელოს მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა: აფრიკის კონტინენტის განვითარება.

ამგვარად, მარტივად და სწრაფად განხორციელდება ინტერესების ურთიერთგადაჯაჭვა, რაც აუცილებელია ეკონომიკური თანამეგობრობის შესაქმნელად, რომელიც, თავის მხრივ, სათავეს დაუდებს კიდევ უფრო ფართო და ღრმა თანამეგობრობას ისტორიულად სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის.

უმაღლესი ორგანოს შექმნა, რომლის გადაწყვეტილებებიც სავალდებულო იქნება საფრანგეთის, გერმანიისა და იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც თანამეგობრობასთან შეერთებას მოგვიანებთ გადაწყვეტენ, წარმოშობს მშვიდობის შენარჩუნებისათვის აუცილებელი ევროპული ფედერაციის პირველ ელემენტებს.

ამ მიზნების მისაღწევად, საფრანგეთის მთავრობა მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკებები შემდეგი პრინციპების საფუძველზე:

უმაღლესი ორგანოს მისია იქნება უმოკლეს ვადებში უზრნველყოს: წარმოების მოდერნიზაცია და მისი ხარისხის გაუმჯობესება; საფრანგეთისა და გერმანიის – ისევე, როგორც თანამეგობრობასთან შეერთების მსურველი სხვა ქვეყნების – ბაზრებზე ქვანახშირისა და ფოლადის ერთი და იმავე პირობებით მიწოდების გარანტირება; მესამე ქვეყნებში ექსპორტის გაფართოება; ამ ინდუსტრიებში დასაქმებული მუშახელის ცხოვრების დონის თანდათანობითი გათანაბრება და გაუმჯობესება.

რადგანაც წევრი ქვეყნების წარმოებები ფრიად არათანაბარ პირობებში იმყოფება, ზემოთქმული მიზნების მისაღწევად საჭირო გახდება გარდამავალი ზომების მიღება, როგორიცაა წარმოებისა და ინვესტიციის გეგმის შემუშავება, კომპენსაციების სისტემის შემოღება ფასების გასათანაბრებლად, და წარმოების რაციონალიზაციისათვის სტრუქტურული ფონდის ჩამოყალიბება. წევრ ქვეყნებს შორის ქვანახშირისა და ფოლადის გადაზიდვა დაუყოვნებლივ გათავისუფლდება ნებისმიერი ბაჟისაგან და მისი ტრანსპორტირების ტარიფიც საერთო დაწესდება. ამ გზით შეიქმნება ბუნებრივი პირობები მომავალში წარმოების მაქსიმალურად რაციონალური და პროდუქტიული გადანაწილებისათვის.

საერთაშორისო კარტელისაგან განსხვავებით, რომელიც მიზნად ეროვნული ბაზრების ხელოვნურ სეგმენტირებას და მათ გადანაწილებას ისახავს მიზნად, მაქსიმალური მოგების მისაღებად, მომავალი თანამეგობრობა უზრუნველყოფს ეროვნული ბაზრების შერწყმას და წარმოების გაფართოებას.

ზემოთმოყვანილი პრინციპების საფუძველზე გაფორმდება ხელშეკრულება ქყვეყნების მთავრობებს შორის, რომელიც რატიფიკაციისათვის წარედგინება პარლამენტებს. მისაღები ზომების დასაზუსტებლად გასამართ მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებს საერთო თანხმობით შერჩეული ნეიტრალური არბიტრი, რომლის ამოცანაც შეთანხმებების ზემოთ დასახელებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და, მხარეებს შორის გადაუჭრელი წინააღმდეგობის წარმოშობის შემთხვევაში, შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილების მიღება იქნება.

უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხს აგებს შეთანხმების აღსრულებაზე, მხარეთა შორის პარიტეტის საფუძველზე შეირჩევა დამოუკიდებელი კანდიდატებისაგან, მხარეთა მთავრობების მიერ. ამ ორგანოს თავმჯდომარე მთავრობების თანხმობით შეირჩევა. გადაწყვეტილებებს აღმასრულებელი ძალა ექნება საფრანგეთში, გერმანიაში და სხვა წევრ-ქვეყნებში. უმაღლესი ორგანოს ფუნქციონირებისათვის საშუალებებისა და რესურსების გამოყოფისათვის ცალკე გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

უმაღლეს ორგანოში მიევლინება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლეიც წელიწადში ორჯერ საჯაროდ უპატაკებს გაეროს ახალი ინსტიტუტის ფუნქციონირების შესახებ, განსაკუთრებით კი მის მიერ მშვიდობის დაცვასთან დაკავშირებული პირობის შესრულების თაობაზე.

უმაღლესი ორგანოს ინსტიტუტის არსებობა არ ცვლის მონაწილე ინდუსტრიების საკუთრების ფორმას. თავისი საქმიანობის განხორციელებისას, უმაღლესი ორგანო გაითვალისწინებს “რურის საერთაშორისო ადმინისტრაციის” ძალაუფლებას და ყველა სახის ვალდებულებებს, რაც გერმანიას დაეკისრა მანამ, სანამ ისინი ძალაში დარჩება.

Back to top button