ცოცხალი ჯაჭვი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში

მოქალაქეების ნაწილმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, აღდგომის მონასტრის სიახლოვეს, 5 მაისს ცოცხალი ჯაჭვი შეკრა და ამ ფორმით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან 21 აპრილს უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვა გააპროტესტა.

მშვიდობიანი აქციის რამდენიმე ასეულმა მონაწილემ დავით გარეჯის ტერიტორიაზე შეკრება დღის თორმეტი საათისთვის დაიწყო. მათ შორის იყვნენ, როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალიქიდან ჩასული რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

აქციის მონაწილეების განმარტებით, შეკრება სპონტანურად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით დაიგეგმა. მათივე თქმით, მთავრობამ ეს პრობლემა დროულად უნდა გადაწყვიტოს. ისინი ამ პროცესში ჩართვას და განვითარებული მოვლენების მონიტორინგსაც გეგმავენ.

„აზერბაიჯანი ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა. მეგობრობის მეტი არაფერი გვინდა, მაგრამ უნდა ესმოდეს ხელისუფლებას, რომ აიღოს პასუხისმგებლობა, შევიდეს დიალოგში და ეს პრობლემა მოაგვაროს, სხვა გამოსავალი არ გვაქვს“, – განაცხადა მწერალმა დავით ტურაშვილმა, რომელიც აქციაში მონაწილეობდა.

დავით გარეჯში გამართულ აქციაში მონაწილეობას ანტოსაოკუპაციო მოძრაობა – „ძალა ერთობაშიაც“ იღებდა. მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით ქაცარავას თქმით, აქციის მიზანი ომის და დაძაბულობის გამოწვევა არ არის. „ჩვენ მტკიცედ და მყარად, მშვიდად და მშვიდობიანად დავიცავთ ჩვენს მიწა-წყალს, ჩვენს ისტორიულ მემკვიდრეობას, რომლის არავისთვის გადაცემის არც ფუფუნება და არც უფლება არ გვაქვს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ანტისაოკუპაციო ძალა დავით გარეჯის ტერიტორიაზე პატრულირებას იწყებს.

ასევე ნახეთ: 

This post is also available in: Русский (რუსული)

Exit mobile version