მამუკა ბახტაძე ჯონ ბოლტონს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 28 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონს ტელეფონით ესაუბრა.

გუშინ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, ბოლტონმა განაცხადა, რომ ის მიესალმა საქართველოს მიერ ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს აღიარებას. „განვიხილეთ სხვა მნიშვნელოვანი ორმხრივი საკითხებიც, მათ შორის, უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება“, – დასძინა მან.

საქართველომ ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად 24 იანვარს მას შემდეგ აღიარა, რაც ორი კვირით ადრე, ნიკოლას მადუროს მეორე ვადით არჩევის ინაუგურაციაზე დასასწრებად, ცხინვალის რეგიონის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი და აფხაზეთის ლიდერი რაულ ხაჯიმბა ვენესუელას ესტუმრნენ.

ვენესუელამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2009 წელს აღიარა. დღემდე, ვენესუელის გარდა, ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთმა, ნიკარაგუამ, ნაურუმ და სირიამ ცნეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version