კვირიკაშვილმა მოსალოდნელ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე წუხილებს ‘არაჯანსაღი სპეკულაცია’ უწოდა

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის თაობაზე წუხილები უარყო და ამას „არაჯანსაღი სპეკულაცია“ უწოდა.

მმართველი პარტია 150–წევრიან პარლამენტში სამი მეოთხედის უმრავლესობას მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ 50 მაჟორიტარული ოლქიდან სულ ცოტა 46 მანდატს მოიგებს მეორე ტურებში.

ოთხშაბათს დილით მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ კონსტიტუციას ცვლილებები ესაჭიროება, თუმცა ეს პროცესი აჩქარების გარეშე, ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით უნდა განხორციელდეს.

„აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა პარტიამ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, რაც ჩვენთვის არის, უპირველეს ყოვლისა, უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ამომრჩევლის წინაშე“, – განაცხადა მან.

„ეს აბსოლუტურად არაჯანსაღი სპეკულაცია, რომ დაიღუპა ქვეყანა დღეს, რომ ქართული ოცნება იმარჯვებს საკონსტიტუციო უმრავლესობით, არის ძალიან ხელოვნური“, – განაცხადა კვირიკაშვილმა. 

„ჩვენ გვქონდა წარსულში პრეცედენტი, როდესაც კონსტიტუცია მორგებული იყო ერთ კაცზე და ერთ პოლიტიკურ ძალაზე, რამაც ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა. ჩვენ სწორედაც იმიტომ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, უპირველეს ყოვლისა, რომ ჩვენი დანაპირები შევასრულოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე და ის ძალიან დინამიური და ამბიციური განვითარების გეგმა, რომელზეც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით და რომლის განხორციელებაც დავიწყეთ, ძალიან აქტიურად მივიყვანოთ ბოლომდე, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უნდა შეიქმნას უპრეცედენტოდ მაღალი დინამიკა ეკონომიკური განვითარების და ქვეყანამ მოახდინოს ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, სოციალური განვითარების მიმართულებით, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარების მიმართულებით და ევროპული და ევრო–ატლანტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, გააგრძელოს ის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც დაწყებულია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ამისთვის გვინდა ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეს არის, უპირველეს ყოვლისა, უდიდესი პასუხისმგებლობა თითოეული ამომრჩევლის წინაშე“, – განაცხადა მან.

„რაც შეეხება კონსტიტუციას, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ მემკვიდრეობით ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია და აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ძალიან ფართო ჩართულობით მოახდენს ისეთ ცვლილებებს, რომ ვერავინ მომავალში ვერასდროს ვეღარ მოახდინოს ხელისუფლების კონცენტრირება, უზურპირება და ეს იყოს ერთხელ და სამუდამოდ ნამდვილად ევროპული, დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.       

თუმცა, მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ კუთხით ნაჩქარევი ქმედებები დაუშვებელია.

„არავითარ შემთხვევაში აქ სიჩქარე არ ივარგებს“, – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.

„ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შევქმნათ განვითარების ძალიან მაღალი დინამიკა, ქვეყნის შეუქცევადი ეკონომიკური, სოციალური, დემოკრატიული განვითარების და ამას ვპირდებით ჩვენს ამომრჩეველს და იმ დანაპირებს, რომელიც ჩვენ გავეცით წინასაარჩევნო პერიოდში, აუცილებლად, უკლებლივ ყველა დანაპირებს შევასრულებთ“, – განაცხადა მან.

„საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც, იმედი მაქვს, მეორე ტურის შედეგად იქნება, მხოლოდ და მხოლოდ არის მეორადი და არის იმისათვის, რომ თითოეული ჩვენი დანაპირები შესრულდეს, რა თქმა უნდა, თუ იქნება ჩვენი მოქალაქეების ნება ამაზე“, – განაცხადა მან.  

პრემიერ-მინისტრმა ასევე მოუწოდა ამომრჩევლებს, რომ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და მონაწილეობა მიიღონ 30 ოქტომბერს დაგეგმილ მეორე ტურებში.

მან განაცხადა, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი.

„მინდა გამოვხატო მადლიერება ჩვენი ამომრჩევლისადმი, მინდა პატივისცემა გამოვხატო ყველა არჩევანის მიმართ, მაგრამ განსაკუთრებული მადლობა იმ ამომრჩეველს, რომელმაც ჩვენ გამოგვიცხადა ნდობა“, – განაცხადა მან.

გარდა იმ 44 ადგილისა, რომელსაც პარტია ქართული ოცნება პროპორციული სისტემით მიიღებს ახალ პარლამენტში, მისი კანდიდატები, წინასწარი შედეგებით, პირველივე ტურში იგებენ მაჟორიტარულ არჩევნებს 23 ერთმანდატიან ოლქში.

ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველ პარტიას უკვე აქვს 67 ადგილი – 9 ადგილით ნაკლები უმრავლესობის მოსაპოვებლად და 46 ადგილით ნაკლები 150–წევრიან პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაქმნელად.

ეს ასევე ნიშნავს, რომ თეორიულად არსებობს შანსი იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ უბრალო უმრავლესობაც ვერ მოიპოვოს იმ შემთხვევაში, თუ მისი კანდიდატები მეორე ტურებს წააგებენ, რასაც თითქმის გამორიცხავენ ექსპერტები და პოლიტიკოსები.

ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები ერთმანეთს 44 ოლქში მოსალოდნელ მეორე ტურებში დაუპირისპირდებიან.

მთაწმინდის ოლქში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნიკა რურუა დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუპირისპირდება, რომელსაც ქართული ოცნება უჭერს მხარს.

ორ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატები თავისუფალი დემოკრატების კანდიდატებს დაუპირისპირდებიან, თუმცა ერთ მათგანში – ქალაქ გორში – ქართული ოცნების კანდიდატი რეალურად უკონკურენტოდ რჩება მას შემდეგ, რაც თავისუფალი დემოკრატების აწ უკვე ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ის საარჩევნო მარათონს ეთიშება; ამის მიუხედავად, ალასანიას სახელი მაინც დარჩება ბიულეტენზე მეორე ტურის კენჭისყრის დროს. რეალური ბრძოლა ჭიათურაში გაიმართება, სადაც თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი კანდიდატი მეორე ტურში ქართული ოცნების წარმომადგენელს დაუპირისპირდება.

ხაშურის ოლქში ქართული ოცნების კანდიდატი მეორე ტურში საარჩევნო ბლოკ "მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" კანდიდატს დაუპირისპირდება.

მცხეთისა და ასევე ლანჩხუთი/ჩოხატაურის ოლქებში ქართული ოცნების კანდიდატების მეტოქეები დამოუკიდებელი კანდიდატები იქნებიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version