პრემიერი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს, რომელიც ვლენჰეიმის სასახლეში, ვუდსტოკში, გაერთიანებულ სამეფოში იმართება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, იგი მონაწილეობს მიიღებს პანელურ დისკუსიაში, რომლის ძირითადი თემაა ენერგეტიკა და დაკავშირებადობა. პრემიერ-მინისტრს თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც, რომელიც თავის ბრიტანელ კოლეგას, დევიდ ლემს შეხვდა.

“„ჩვენს ევროპელ კოლეგებს გავუზიარებთ გზავნილებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ საქართველოს როლს. საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან…,” განაცხადა პრემიერმა კობახიძემ.

შეხვედრა საქარტთველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილსა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივან ლემს შორის

რაც შეეხება შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილსა და საგარეო საქმეთა მდივან ლემს შორის, “საუბარი შეეხო როგორც მსოფლიოში, ისე რეგიონში მიმდინარე პროცესებს. არსებული გამოწვევების ფონზე, ხაზგასმით აღინიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობა,” განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

საქართველოს საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ მინისტრმა დარჩიაშვილმა ბრიტანელ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა კავშირების კიდევ უფრო გამტკიცების ხელშეწყობის მზაობა გამოხატეს, მათ შორის “უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” ფარგლებში, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაცია

საქართველო შეუერთდა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციას, რომელიც, საკითხებს შორის, მიმართულია “‘ჩრდილოვანი ფლოტისა’ და მისგან მომდინარე საფრთხეების” წინააღმდეგ, იუწყება საქართველოს მთავრობა. იმავე ინფორმაციით, დოკუმენტში ასევე ასახულია მოლდოვისა და საფრანგეთის წინადადება “უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციით მანიპულაციის წინააღმდეგ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქსელის შექმნის შესახებ.”

“სამიტის დეკლარაციაში აისახა ქართული მხარის წინადადება შავი და კასპიის ზღვების რეგიონული კავშირების გაძლიერების შესახებ, რომლის ფარგლებში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ჩრდილოეთ და ბალტიის ზღვების რეგიონებში მდებარე ქვეყნები უკრაინასთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, რუმინეთთან, ბულგარეთსა და თურქეთთან ერთად ჩაატარებენ ტექნიკური დიალოგების სერიას შავი და კასპიის ზღვების რეგიონული ენერგეტიკული კავშირების მხარდასაჭერად…,” თქვა საქართველოს მთავრობამ.

სტატია განახლდა 2024 წლის 19 ივლისს, 12 საათსა და 57 წუთზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version