აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უკრაინაში სააკაშვილის დანიშვნის შესახებ

უკრაინაში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის და მის ექსტრადიციაზე თბილისის მოთხოვნის შესახებ დასმულ კითხვაზე აშშ–ის  სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ საქართველოს და უკრაინას „სჭირდებათ ერთმანეთი“ ორივე ქვეყნის ისტორიაში ამ „ძალიან მნიშვნელოვან მომენტში“.

„როგორც ჩვენ ვიცით, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი მიიწვიეს ძალიან ფართო მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოში, რომელსაც პრეზიდენტი პოროშენკო ქმნის“, – განუცხადა ნულანდმა ჟურნალისტებს თბილისში 17 თებერვალს.

„მე ვფიქრობ, თქვენ იცით, რომ უკრაინა გამოცდილებას და რჩევებს ეძებს საერთაშორისო მასშტაბით იმ გამოცდილი პიროვნებებისგან, რომელთაც სერიოზული მუშაობა გასწიეს რეფორმების კუთხით“, – განაცხადა ნულანდმა.

„რაც შეეხება ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნას, ვფიქრობ, ეს არის საქართველოს თხოვნა უკრაინის მიმართ და ეს არის ორმხრივი საკითხი ამ ორ ქვეყანას შორის და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ“, – განაცხადა აშშ–ის  სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

„თუმცა, ის კომენტარი, რასაც მე გავაკეთებ, არის, რომ ახლა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ისტორიაში, ვინაიდან თქვენ ორივე ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის, ევროკავშირთან ინტეგრაციის და ასოცირების გზას ადგახართ, და მე მოვუწოდებდი ყველა ქართველს, ყველა უკრაინელს, რომ ერთმანეთს მხარი დაუჭირონ ამ პროცესში; თქვენ გჭირდებათ ერთმანეთი“, – განაცხადა ნულანდმა, რომელმაც 17 თებერვალს საქართველოს ხელმძღვანელობასთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version