საქართველოს მიერ ცხრა ნაბიჯის შესრულების თაობაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატებთან შეხვედრა გაიმართა  

29 ივლისს, საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობის წარმომადგენლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ცხრა პირობის შესრულების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

„შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და სხვა პარტნიორი სახელმწიფოების ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მედიის ინფორმაციით, შეხვედრას მხოლოდ რამდენიმე ელჩი ესწრებოდა, ხოლო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების უმეტესობა დაბალი რანგის დიპლომატებით იყო წარმოდგენილი.

შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, ასუნსიონ სანჩეს რუისმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კითხვაზე თუ რა ინფორმაცია მიაწოდეს დიპლომატებს შეხვედრაზე, მან განაცხადა: „დღევანდელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, თუ, მათი აზრით, რა წარმოადგენს პროგრესს ცხრა ნაბიჯის განხორციელების კუთხით, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შარშან, საკუთარ რეკომენდაციაში განსაზღვრა“.

მან ასევე განაცხადა: „შეხვედრაზე ჩვენ შევახსენეთ [ევროპული] საბჭოს დასკვნები, რომელიც ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ 27 ივნისს მიიღო და სადაც ევროკავშირმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა, განსაკუთრებით, ის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის უკუსვლას ნიშნავს და საფრთხეს უქმნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. როგორც [ევროკავშირის] ლიდერებმა განაცხადეს, მათ ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ შეცვალოს ეს ტენდენცია, რომელიც დე ფაქტო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას იწვევს“.

კითხვაზე, მოისმინეს თუ არა დიპლომატებმა რაიმე არგუმენტი კანონთან დაკავშირებული შეშფოთების თაობაზე, ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზი გაუსვა „ხელისუფლების განზრახვას, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდეს, რაზეც ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ამჟამად, როგორც ლიდერები 27 ივნისს შეთანხმდნენ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ურთიერთობები დე-ფაქტო შეჩერებულია“.

კითხვაზე, იყო თუ არა ეს დამაჯერებელი გზავნილი, მან განაცხადა: „ჩვენ შევახსენეთ 27 წევრი ქვეყნის პოზიცია, რაც საკმაოდ დამაჯერებელია ჩვენი მხრიდან“.

ასუნსიონ სანჩეს რუისს ასევე ჰკითხეს, რა შემდგომი ნაბიჯები შეიძლება გადადგას ევროკავშირმა და როდის, რაზეც მან აღნიშნა, რომ ევროკავშირმა გაყინა 30 მილიონი ევრო ევროპის სამშვიდობო ფონდიდან, შეამცირა მაღალი დონის შეხვედრები და ამჟამად ბლოკის მიერ ხელისუფლების მხარდაჭერის საკითხს განიხილავს. მან დასძინა: „ასე რომ, შემდგომი განცხადებები გაკეთდება“.

ასუნსიონ სანჩეს რუისის თქმით, დიპლომატები იმედოვნებენ, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები „თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული იქნება“. მან ასევე დასძინა, რომ ევროკავშირი პროცესს ყურადღებით დააკვირდება.

დიპლომატის თქმით, ევროკავშირი „აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი „ნამდვილად არის ქართველი ხალხის გვერდით, რომელმაც გამოხატა სურვილი გახდეს ევროკავშირის წევრი“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version