მთავარი პროკურატურა: მთავარი პროკურორის დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობს

მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ბრალდებები მთავარ პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დანაშაულებრივი წარსულის თაობაზე ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ იგი ჩამოაშორონ დაკავებულ თანამდებობას და დისონანსი შეიტანონ პროკურატურის გამართულ საქმიანობაში. 

ორშაბათს საღამოს, გიგი უგულავამ, რომელსაც სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მერის უფლებამოსილება შეუჩერა, განაცხადა თავის სატელეზიო გამოსვლისას ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისიდან, რომ 2001 წელს ფარცხალაძე ყაჩაღური ქურდობისთვის იყო გასამართლებული გერმანიაში.

ამ ბრალდების გაჟღერებიდან დაახლოებით ოთხ საათში მთავარმა პროკურატურამ ღამის 1:30 საათზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურატურამ გააქტიურა გამოძიება მთელ რიგ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმეებზე და პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის თბილისის მერი გიორგი უგულავა,  ხსენებული ბრალდებულების ხელმძღვანელობით  "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაიწყო და აქტიურ ფაზაში შევიდა პოლიტიკური შანტაჟის და დისკრედიტაციის მიზანმიმართული კამპანია საქართველოს მთავარი პროკურორის წინააღმდეგ“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ კამპანიის ერთადერთი მიზანია, რომ მთავარი პროკურორი  „ნებისმიერი ხერხით ჩამოაცილონ დაკავებულ თანამდებობას და დისონანსი შეიტანონ პროკურატურის გამართულ საქმიანობაში“. 

„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავარი პროკურატურა აუცილებლად გააგრძელებს კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, აცნობიერებს რა რომ დანაშაულთან ბრძოლა ქვეყნის განვითარების არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა მარტივი საქმე“, – ნათქვამია განცხადებაში.

„საზოგადოებაში გაჩენილ ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი პასუხი, ხოლო მცდელობა, გამოძიების პროცესი პოლიტიკურ დევნად გასაღდეს, კრახით დასრულდება“, – განაცხადა მთავარმა პროკურატურამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version