სააკაშვილი ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში ლექციებს წაიკითხავს

ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2014 წლის იანვრიდან საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში ლექციებს წაიკითხავს, როგორც მაღალი დონის სახელმწიფო მოღვაწე.

იგი წარუძღვება სალექციო კურსს „ევროპულ მმართველობასა და სხვა თანამედროვე საერთაშორისო და რეგიონალურ საკითხებზე“, ნათქვამია ფლეტჩერის სკოლის მიერ 20 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში. 

ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა, ფლეტჩერის სკოლის დეკანმა, განაცხადა, რომ სააკაშვილი „არის დიდი დამსახურების მქონე ლიდერი და სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც შეცვალა საკუთარი ქვეყნის ისტორია და საქართველო ევროატლანტიკურ სივრცეს დაუახლოვა. აღსანიშნავია ის გავლენა, რაც მან მოახდინა თავისი საქმიანობით არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ, ეჭვგარეშე, მთელ მსოფლიოზე“.

სააკაშვილმა, რომელმაც საქართველო ნოემბრის დასაწყისში დატოვა, განაცხადა თავის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში: „ძალიან მოხარული ვარ, რომ დავიწყებ მუშაობას ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის პრესტიჟულ სკოლაში როგორც მაღალი დონის სახელმწიფო მოღვაწე.  განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, რომ ვიმუშავებ ადმირალ ჯეიმს სტავრიდისთან, ნამდვილ ამერიკელ გმირთან და ლიდერთან, ადამიანთან, რომელთანაც მე უკვე ჩამოყალიბებული მაქვს ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთობა ჩვენს წინა თანამდებობებზე მუშაობის დროს“. 

„როგორც იცით, ამ მომეტისთვის მე გადაწყვეტილი მაქვს აკადემიურ მუშაობას მივყო ხელი, რათა განვიხილოთ და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა იქნა მიღწეული და კიდევ რისი გაკეთებაა საჭირო ჩვენ რეგიონში. მე ვერც კი ვიფიქრებ უკეთეს დასაწყისზე, ვიდრე ეს შესაძლებლობაა, რომელიც წამყვანმა ამერიკულმა სკოლამ შემომთავაზა“, – განაცხადა მან.

ოქტომბრის ბოლოს თავის გამოსამშვიდობებელ მიმართვაში მოსახლეობისადმი, სააკაშვილმა განაცხადა: „პირადად მე დასვენება არ მჭირდება, მაგრამ მოვიდა დრო, როდესაც თქვენ უნდა დაისვენოთ ჩემგან“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version