სააკაშვილი ცესკოს თავმჯდომარეობის შეთავაზებულ კანდიდატურაზე კომენტარს აკეთებს

პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ არ იცის ვინ არის თამარ ჟვანია, რომლის კანდიდატურაც მას ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე თერთმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შესთავაზა, თუმცა „მათ მსჯელობას უნდა ვენდო ალბათ“.

„საერთოდ არ ვიცი ვინ არის თამარ ჟვანია“, – განაცხადა სააკაშვილმა 23 აგვისტოს.

მისი თქმით, მან შესთავაზა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს კახა კოჟორიძეს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების დირექტორს ნინო ლომჯარიას და საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს ხელმძღვანელს ეკა გიგაურს კანდიდატებად წარდგენა.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ „მზე და მთვარე არ ამოსდის“ ამ სამ პიროვნებაზე, ვინაიდან ისინი „ხშირად უსამართლოდ მაკრიტიკებენ“.

„მაგრამ მიმაჩნია, რომ იგივე ლომჯარია, იგივე გიგაური უბრალოდ არიან გულწრფელი, გულანთებული, ნორმალური ადამიანები…  ამიტომ შევთავაზე მათ, ძალიან მესიმპათიურება ეს ხალხი, მიმაჩნია, რომ  თავის ქვეყნისთვის კარგი რაღაცა უნდათ“, – განაცხადა მან.

ამ სამ ადამიანს, რომელთა წარდგენის სურვილიც სააკაშვილმა გამოთქვა, არ აქვს უფლება დაიკავოს ცესკოს ხელმძღვანელის თანამდებობა, ვინაიდან არცერთ მათგანს საარჩევნო მოხელის სერთიფიკატი არ გააჩნია – ეს ერთ-ერთი საკვალიფიკაციო მოთხოვნაა, რასაც კანონმდებლობა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უყენებს.

„თუ თვითონ არ მოინდომეს და ვიღაც სხვა წარმოადგინეს, რომელსაც არ ვიცნობ, მე მათ მსჯელობას უნდა ვენდო ალბათ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
 
“პრეზიდენტს მადლობა ჩვენი, ჩემი კანდიდატურის დასახელებისთვის, თუმცა მისმა განცხადებამ გააჩინა ერთი კითხვა: თუ ჩვენ უსამართლოდ და დაუმსახურებლად ვაკრიტიკებთ ვინმეს, მაშინ ასეთი ადამიანები მის მიერ ასეთ მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე რატომ იქნენ დასახელებულნი? არათანმიმდევრული იყო პრეზიდენტის განცხადება", – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

კანონმდებლობის მიხედვით, სწორედ პრეზიდენტია უფლებამოსილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ წარადგინოს ცესკოს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი; შემდეგ ცესკოში პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა, გარდა ნაციონალური მოძრაობის წევრისა, უნდა აირჩიონ სულ ცოტა 4 ხმით ახალი თავმჯდომარე; თუ ამ ვადაში ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩა, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და პრეზიდენტის მიერ წარდგენილი იმავე კანდიდატურებიდან საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უკვე დეპუტატები აირჩევენ 5 წლის ვადით.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ მისთვის ასევე უცნობი იყო თამარ ჟვანიას პიროვნება, თუმცა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჯგუფის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, მისი აზრით, ჟვანია კონკურენტული კანდიდატი უნდა იყოს. მან უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებისგან, დაუჭერს თუ არა კოალიცია ქართული ოცნება მხარს თამარ ჟვანიას, თუ მისი კანდიდატურის წარდგენა მოხდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version