სააკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მთავრობა გააკრიტიკა



პრეზიდენტი სააკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოდის, სტრასბურგი, 21 იანვარი. ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური.  

პრეზიდენტი სააკაშვილი 21 იანვარს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოვიდა სიტყვით და მკაცრად გააკრიტიკა პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა, ერთის მხრივ, როგორც მან აღნიშნა, ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მუქარის და მეორეს მხრივ, საქართველოს ნატოში მისწრაფებაზე „დე ფაქტო უარის“ გამო.

თავის გამოსვლაში და შემდეგ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების დეპუტატების კითხვებზე პასუხის დროს, სააკაშვილმა ასევე გააკრიტიკა რუსეთი „იმპერიული მისწრაფებების“ და სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გამო.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრს და მის ქართულ ოცნებას „მოგებულს ყველაფერი რჩება მენტალიტეტი“ ამოძრავებთ. მან ახალი მთავრობა „შერჩევითი სამართლის“ გამოყენებაში და ყოფილი მთავრობის წევრების, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების, ადგილობრივი ხელისუფლების, სასამართლო სისტემის და მედიის წინააღმდეგ ქმედებებში დაადანაშაულა. მისი თქმით, ახალი ხელისუფლება „პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმების კამპანიას“ ეწევა.  სააკაშვილმა მთავრობა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მცდელობის ფარგლებში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების გადასაბირებლად მათ წინააღმდეგ „პირდაპირი შანტაჟის“ გამოყენებაშიც დაადანაშაულა.  მან პოლიტიკურ ოპონენტებს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლაშიც დასდო ბრალი და განაცხადა, რომ მთავრობამ „აიძულა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გადამდგარიყო“.

თუმცა, სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ჯერ კიდევ რჩება სივრცე „ნაყოფიერი თანაარსებობისთვის“ და ის ხუთპუნქტიანი გეგმა ახსენა, რომელიც მან ახალ მთავრობას თავის საახალწლო გამოსვლაში შესთავაზა.

„არავინაა დაინტერესებული ახალი მთავრობის წარუმატებლობაში, ვინაიდან ეს წარუმატებლობა ზოგადად ქვეყანას მოუტანს ზიანს. ეს არის ჩემი ოფიციალური პირობა: მოდით ვიმუშავოთ ერთად, რათა გავაუმჯობესოთ ის, რისი გაუმჯობესებაც შეიძლება ჩვენს დემოკრატიაში“, – განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების დაუყოვნებლივ აღიარება მისი ერთ–ერთი ყველაზე კარგი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო; მისი თქმით, არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ მთავრობის ჩამოყალიბება პრეზიდენტის ჩაურევლად შეძლო მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით მას ამ პროცესის ხელის შეშლის უფლებამოსილება გააჩნდა; მისი თქმით, როგორც პრეზიდენტი, იგი შეეცადა „ნეიტრალური არბიტრის“ როლი ეთამაშა.

„სამწუხაროდ, მოგვიანებით [ოქტომბრის არჩევნების შემდეგ] განვითარებულმა ზოგიერთმა მოვლენამ ამ ტიპის ნეიტრალური არბიტრის როლის შესრულება კიდევ უფრო გაართულა“, რადგანაც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სისტემის საფუძვლებზე წამოიწყო შეტევა, განაცხადა სააკაშვილმა.

‘ნატოში მისწრაფებაზე დე ფაქტო უარი’

სააკაშვილმა განაცხადა, რომ „შემაშფოთებელი ნიშნები“ ჩანს იმისა, რომ საქართველოს ახალი მთავრობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ცვლის.

მან ამის დასტურად პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის განცხადება მოიყვანა, რომელიც მან იანვარში ერევანში ვიზიტის დროს გააკეთა და რომლის თანახმადაც, სომხეთი „მაგალითია“ საქართველოსთვის იმისა, თუ როგორ შეიძლება კარგი ურთიერთობები იქონიო ერთდროულად ნატოსთან და რუსეთთან.

„მნიშვნელოვანია ამის გაგება: საქართველომ ნატოს წევრობაზე გააკეთა არჩევანი და სომხეთმა, თავისი მიზეზების გამო, არა“, – განაცხადა სააკაშვილმა, „სამწუხაროდ, იმით, რაც პრემიერ–მინისტრმა განაცხადა რამდენიმე დღის წინ, იცვლება ყველაფერი, რასაც ჩვენ ამ წლების მანძილზე ვაცხადებდით – მან დე ფაქტო უარი თქვა საქართველოს ნატოში მისწრაფებაზე. სწორედ ამას ნიშნავს [ივანიშვილის] ეს განცხადება“.

„ეს არ არის ის, რასაც ქართველმა ხალხმა მისცა ხმა. ვიმედოვნებ, რომ უკეთეს განმარტებას და ამ ძალიან საგანგაშო განცხადების კორექტირებას მივიღებთ“, – დასძინა მან.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრის მიერ ერევანში გაკეთებული განცხადება, იმ განცხადებასთან ერთად, რომელშიც ივანიშვილმა ბაქო–ახალქალაქი–ყარსის რკინიგზის ეკონომიკური მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენა (პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პროექტი მნიშვნელოვანია და უნდა განხორციელდეს) და ამავე დროს საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის ხელშეწყობა „ნიშნავს სტრატეგიული ორიენტაციის შეცვლას და ძირითადი ევროპული სტრატეგიული მიმართულებებიდან ჩვენს გათიშვას“.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამნისტიის შედეგად ციხეებიდან იმ ადამიანების გამოშვება, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის იხდიდნენ სასჯელს, „ასევე იწვევს შეშფოთებას“.

კითხვა–პასუხის რეჟიმზე გადასვლის დროს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თედო ჯაფარიძემ, რომელიც ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ჰკითხა პრეზიდენტს: „სერიოზულად ფიქრობთ, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა რუსეთს ბარდება ან უარს ამბობს ჩვენს ევროპულ მისწრაფებებზე? და თუ ეს ასეა, რატომ და რა ფაქტებს აქვს ადგილი?“

სააკაშვილმა უპასუხა, რომ მისი პოზიცია ამ საკითხზე ემყარება იმას, რაც ახალი მთავრობისგან, მათ შორის პრემიერ–მინისტრისგან ესმის.

„მე ასევე გავიგე, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს პრობლემა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში – ამას სრულად ვეთანხმები, მაგრამ ის, როგორც ამას თქვენ აკეთებთ, ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ უნდა წარმოვადგენდეთ პრობლემას პრობლემების რეალურად მოგვარების გარეშე და თუ ჩვენ აღარ ვიქნებით პრობლემა პრობლემების რეალურად მოგვარების გარეშე, ეს შესაძლოა იმასაც ნიშნავდეს, რომ საქართველომ როგორც ასეთმა, შესაძლოა შეწყვიტოს არსებობა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ამრიგად, არსებობს გარკვეული საკითხები, რაც გვაფიქრებინებს, რომ სიტუაცია სწორი მიმართულებით არ ვითარდება… ვიმედოვნებ, რომ ვცდები, ნამდვილად ვიმედოვნებ ამას“, – განაცხადა მან.

‘რუსეთი უნდა გათავისუფლდეს იმპერიული ამბიციებისგან’

როდესაც ერთმა რუსმა დეპუტატმა ჰკითხა სააკაშვილს, რომ მისთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ აკრიტიკებდა ის ივანიშვილს იმისათვის, რომ პრემიერი მისი პრეზიდენტობის პირობებში რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებში შექმნილი ჩიხიდან გამოსავალს ეძებს, სააკაშვილმა რუსულად უპასუხა: „თქვენ ერთი პრობლემა გაქვთ; როდესაც თქვენ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებზე საუბრობთ, თქვენ საქართველოს ერთ რუკას ხედავთ, მე კი მეორეს. მიუხედავად თქვენდამი პატივისცემისა, თქვენ სათვალეები გჭირდებათ, რომ ნამდვილი რუკა დაინახოთ და მე შემიძლია დავინახო, ის რაც რეალურად არის – საქართველოს რუკა, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო და რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არის აღიარებული“.

„არა აქვს მნიშვნელობა, რამდენს ირბენთ მსოფლიოს გარშემო და ტუვალუში, ეს არაფერს შეცვლის. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ [აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის] აღიარება ტუვალუსგან და ნაურუსგან, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის, მათ შორის ამ დარბაზში", – აღნიშნა მან.

„თქვენ იცით, რომ არიან ქვეყნები, [რომელთა ლიდერებიც] არც კი გიპასუხებდნენ რუსულად, რადგანაც მათ ალერგია აქვთ რუსულ ენაზე. მე ერთხელ ვუთხარი პუტინს, რომ ალბათ მე ბოლო ქართველი ლიდერი ვარ, რომელსაც რუსულად შეუძლია ესაუბროს მას… მე ბევრად უკეთესად ვსაუბრობ რუსულად, ვიდრე [საქართველოს] ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრი; ამაში მაინც მართალი ვარ“, – განაცხადა სააკაშვილმა ღიმილით.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა „მოისყიდა რამდენიმე მცირე კუნძული–სახელმწიფო“, როგორიცაა ნაურუ და ტუვალუ, რათა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება მიეღო მათგან.

„რუსეთის დიდმა ერმა, ტუვალუს კუნძულოვან სახელმწიფოსთან ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ, დიპლომატიურ გარღვევას მიაღწია და საბოლოოდ კიდევ ვიღაცამ აღიარა [აფხაზეთი]“, – განაცხადა სააკაშვილმა ირონიულად და დასძინა რუსული დელეგაციის მისამართით: „გილოცავთ, რუსო მეგობრები, დიდი მიღწევაა თქვენთვის. თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად სირცხვილია“.

„რუსეთმა უნდა გათავისუფლდეს იმპერიული ამბიციებისგან“, – განაცხადა მან, „ჩვენი საზღვრები ფსოუზე და როკის გვირაბზე გადის – ეს ერთადერთი გაკვეთილია გეოგრაფიაში, რომელიც მინდა რომ ჩაგიტაროთ“.

როდესაც კიდევ ერთმა რუსმა დეპუტატმა ჰკითხა სააკაშვილს მისი პრეზიდენტობის დროს საქართველოში „ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების“ შესახებ, პრეზიდენტმა უპასუხა: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა რუსმა მეზობლებმა მოულოდნელად ასეთი ცხოველი ინტერესი გამოიჩინეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და ადამიანის თავისუფლების მიმართ“.

„ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ამას ყოველდღიურად განახორციელებთ თქვენს შესანიშნავ, დიდ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით რუსეთს, რომელიც ყოველდღიურად პატივს სცემს ადამიანებს და მათ უფლებებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო ყოველთვის ძალიან ყურადღებით ისმენდა საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკას. „ჩვენ ყოველთვის მივესალმებოდით ამას; ზოგჯერ ვეთანხმებოდით და ზოგჯერ არა, თუმცა ყოველთვის ვისმენდით“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო „ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა გახდა ევროპაში – სხვათა შორის, ხუთჯერ ნაკლები დანაშაულის დონით, ვიდრე რუსეთში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version