საქართველოს პრეზიდენტი შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტს ესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 15-16 ივნისს შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტს ესწრება. ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა თავის უკრაინელ, პოლონელ და მოლდოველ კოლეგებს, ვოლოდიმირ ზელენსკის, ანჯეი დუდას და მაია სანდუს, ასევე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს.

სამიტს 100 ქვეყნის დელეგაცია ესწრება, მათ შორის 57 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მთელი მსოფლიოდან და მისი მთავარი თემა ომით დაზარალებულ უკრაინაში მშვიდობის დამყარებაა.

პრეზიდენტის გამოსვლა

მშვიდობის სამიტზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელები იბრძვიან არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, არამედ „ასევე ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის, ასევე, დემოკრატიის იდეალებისა და კანონის უზენაესობის დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენისთვის“.

აღნიშნა რა, რომ საქართველო იზიარებს უკრაინელი ხალხის განსაცდელს, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ბუჩამდე იყო აფხაზეთი…უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომამდე იყო ომი საქართველოს წინააღმდეგ და არა ერთხელ, არამედ მრავალჯერ, უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციამდე იყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“. მან ასევე განაცხადა, რომ „ჩემი ქვეყანა იზიარებს ადამიანების განადგურებისა და ბავშვების იძულებით გადაყვანის გამო გამოთქმულ იმ შეშფოთებას, რომელშიც დღეს უკრაინა ცხოვრობს“.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო იზიარებს შეშფოთებებს არასტაბილურობისა და კონფრონტაციის შესახებ, რაც რუსეთმა შავ ზღვაზე შემოიტან. რუსეთი „ასევე ახდენს შავი ზღვის მილიტარიზაციას, როდესაც გეგმავს ახალი, დამატებითი სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებას საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის რეგიონში. ჩემი ქვეყანა იზიარებს ბირთვული უსაფრთხოების შესახებ შეშფოთებებს ჩერნობილის კატასტროფის შედეგების განცდის შემდეგ“, აღნიშნა პრეზიდენტმა.

„ყველა ამ მიზეზის გამო ჩვენ ვიზიარებთ რწმენას, რომ უკრაინის წინააღმდეგ ეს ომი უნდა დასრულდეს და გზა დაუთმოს მშვიდობას უკრაინაში და მშვიდობას ევროპაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა. „ეს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როდესაც რუსეთი გაიაზრებს, რომ მას, როგორც სხვა ნებისმიერ სახელმწიფოს, აქვს საზღვრები და ჰყავს მეზობლები“.

შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 15 ივნისს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ეს პირველი ოფიციალური მაღალი დონის შეხვედრა იყო საქართველოსა და უკრაინას შორის მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს უკრაინისათვის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მიღება მიულოცა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინას სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა, „პრეზიდენტმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უკრაინა მალე ერთად გააგრძელებენ ევროინტეგრაციის ამ გზას“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესრელიზში.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა,რომ საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია. „აუცილებელი და მნიშვნელოვანია მშვიდობა საქართველოში, უკრაინაში და ზოგადად, რეგიონში, რათა შესაძლებელი იყოს მისი სამომავლო განვითარება“, – ნათქვამია პრესრელიზში.

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ტყვედ ჩავარდნილი ქართველის მამუკა გაწერელიას საკითხიც დააყენა, უკრაინის პრეზიდენტმა კი, აღნიშნული საკითხზე მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ „საქართველო და უკრაინა ევროპას ეკუთვნიან“.

„გლობალური მშვიდობის სამიტის დროს მე შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობა და ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. მე ვაცნობე პრეზიდენტ ზურაბიშვილს რუსული საჰაერო ტერორის შესახებ უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე. ჩვენი ქვეყანა ყველა ღონეს ხმარობს ენერგიის გამომუშავების აღსადგენად. მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის და მონაწილეობისთვის მშვიდობის სამიტში, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად ვართ. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი იქნებიან – ერთად და სამუდამოდ“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ ტვიტერზე.

შეხვედრა პოლონეთის პრეზიდენტთან

15 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი პოლონელ კოლეგას ანჯეი დუდას შეხვდა.

„პრეზიდენტებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესრელიზში.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, „მომავალი არჩევნები ქვეყნისათვის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ტესტი იქნება, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის განვითარების ევროპული გზის მხარდამჭერი და დამცველია“.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ არ შეიძლება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღონ ისეთი ზომები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართული იქნება ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ.

თავის მხრივ, პოლონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური გზის მიმართ, აღნიშნა, რომ „საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპაშია“ და მხარს უჭერს ქართველი ხალხის ნებასა და ევროპული ინტეგრაციის ამ პროცესს.

პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე და მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინის მიმართ.

„საუბრის მთავარი თემები იყო უკრაინის მხარდაჭერა, საქართველოს ევროპული მისწრაფებები ახლახანს მიღებული კანონების კონტექსტში და ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები“, – დაწერა ანჯეი დუდამ შეხვედრის შემდეგ ტვიტერზე.

შეხვედრა მოლდოვის პრეზიდენტთან

15 ივნისს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ასევე შეხვდა მოლდოველ კოლეგას მაია სანდუს.

საქართველოს პრეზიდენტმა მოლდოვის პრეზიდენტს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დაწყება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მალე ერთად წავლენ ევროპულ გზაზე.

შეხვედრა უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან

ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელს შეხვდა.

შვეიცარიაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელთან საქართველოსათვის ამ კრიტიკულ მომენტში, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილა და აღნიშნა, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს მტკიცე ერთგულებას.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ,,ქართული ქარტიას“ – პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან და საქართველოს გზამკვლევს წარმოადგენს.

„კარგი საუბარი გვქონდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ, საგარეო საქმეთა შესახებ საბჭოს მომავალი სხდომის წინ. ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველი ხალხის არჩევანს დემოკრატიული სახელმწიფოს სასარგებლოდ, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, – წერს ბორელი ტვიტერზე.

შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან

შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს პოლიტიკური გარემო და საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად გადასადგმელი ნაბიჯები. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეხვედრაზე ქართულ ქარტიაზეც ისაუბრა.

შეხვედრა ესტონეთის პრემიერმინისტრთან

16 ივნისს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრს ქართველი ხალხისადმი ესტონეთის ურყევი მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის.

„უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საქართველოს ევროპულ მომავალზე ვისაუბრეთ. ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მათ აშკარა სურვილს იყოს ევროპის ნაწილი“, – დაწერა პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ტვიტერზე შეხვედრის შემდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version