‘ქართულმა ოცნებამ’ კიდევ სამი მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი მოიპოვა

სამი ერთმანდატიანი ოლქის 11 უბანზე კვირას გამართული განმეორებითი კენჭისყრის შედეგების თანახმად, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ სამი მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი მოიპოვა.

ეს ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 73 ოლქიდან 41 მაჟორიტარული მანდატი მოიპოვა; დანარჩენ 32 ერთმანდატიან ოლქში ერთიანმა ნაციონულმა მოძრაობამ გაიმარჯვა.

პროპორციული სისტემით „ქართულმა ოცნებამ“ 44 მანდატი მიიღო; საერთო ჯამში, ბიძინა ივანიშვილის კოალიციას სულ 85 ადგილი ექნება ახალ პარლამენტში, რაც 15 ადგილით ნაკლებია საკონსტიტუციო უმრავლესობის, ანუ ორი–მესამედის მოსაპოვებლად.    

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ახალ პარლამენტში 65 მანდატი ექნება.

განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა ხაშურის ერთმანდატიანი ოლქის ცხრა უბანზე, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვება სავსებით მოსალოდნელი იყო.

განმეორებითი კენჭისყრა ასევე გაიმართა სიღნაღის ოლქის ერთ უბანზე, სადაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ლევან ბეჟაშვილმა გამარჯვება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, გელა გელაშვილის სასარგებლოდ დათმო.

განმეორებითი კენჭისყრა კვირას ასევე გაიმართა გორის ერთ–ერთ უბანზე, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მალხაზ ვახტანგაშვილმა გაიმარჯვა. მისი კონკურენტი ნაციონალური მოძრაობის წევრი, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ტატიშვილი იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version