სააკაშვილი ”ყველა დონის ხელისუფლების შეთანხმებული მუშაობის” საჭიროებაზე მიუთითებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქმის კეთება მხოლოდ ყველა დონის ხელისუფლების შეთანხმებული მუშაობითაა შესაძლებელი და ამომრჩეველს 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებზე პასუხისმგებლიანი არჩევანისკენ მოუწოდა.

სააკაშვილმა ეს განცხადება დღეს თბილისის 55-ე სკოლაში სტუმრობისას გააკეთა, სადაც გაიხსნა საპილოტე სასადილო მოსწავლეებისთვის, რომელთაც საკვების შეძენა შედარებით დაბალ ფასებში პლასტიკური ბარათების გამოყენებით შეეძლებათ.

”მე მინდა უბრალოდ ყველას გვესმოდეს, ახლა არის ადგილობრივი არჩევნები. ქალაქის მერია, განათლების სამინისტრო და პრეზიდენტი ერთმანეთს რომ ჭამდნენ და ერთმანეთზე გადაკიდებული რომ იყვნენ, ღმერთმა გვაშოროს, არაფერი ეს არ გაკეთდებოდა,”- განაცხადა მან, ”ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ ყველა დონის ხელისუფლების ერთობლივი, შეთანხმებული მუშაობით”.

”ამიტომ, როცა ხალხი გააკეთებს არჩევანს, ახლა 30-ში [მაისს], ეს უბრალოდ რაღაც ზოგადი პოლიტიკური არჩევანი კი არაა, რომლის შედეგებსაც ისინი ტელევიზორში ნახავენ, ისინი ნახავენ ამის შედეგებს თავისი შვილის სკოლაში, თავის ეზოში, თავის ქუჩაში, თავის სამსახურში და ერთი სიტყვით, ყოველდღიურად ეს აისახება მაცხოვრებელზე,”- განაცხადა სააკაშვილმა. 

”პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ყველაფერ ამასთან კავშირშია, ამიტომ ჩვენ პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს არჩევანს,”- აღნიშნა მან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version